„გადასახდისაგან გათავისუფლება შერჩევითი და მიზნობრივი უნდა იყოს“

„გადასახდისაგან გათავისუფლება შერჩევითი და მიზნობრივი უნდა იყოს“

შემოსავლების უთანაბრობისა და რესურსების გადანაწილების პრობლემა დღეს მსოფლიო ეკონომისტებისთვის ყველაზე აქტუალური ეკონომიკური თემებია. სწორედ, ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას ნობელის პრემიის ლაურეატები კრუგმანი და სტიგლიცი, ასევე პიკეტი, საქსი, ატკინსონი და სხვები. მსოფლიო მასშტაბით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რესურსების უმცირეს ნაწილზე აქვს წვდომა, ტენდენცია გრძელდება და ეკონომიკის განვითარებას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

მსოფლიო ეკონომიკისთვის აქტუალური პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოში. იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია, განმავითარებელი დარგების ამუშავება და ინვეტიციების გაზრდა კი - მთავარი გამოწვევა.

სწორედ, ინვეტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმებაა ეკონომიკური ინიციატივის არგუმენტი, რომელიც მოგების გადასახადის საკითხის გადახედვას ითვალისწინებს. მთავრობა და ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტები მოგების გადასახადის საკითხს ამ ეტაპზე მხოლოდ სარგებლისა და საფრთხეების კონტექსტში განიხილავენ და მოგების გადასახადის ერთადერთ ალტერნატივად დივიდენდებზე გადასახდის დაწესებას ასახელებენ.

აღნიშნულ საკითხებზე for.ge ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, განვითარების ეკონომიკის სპეციალისტს, დავით ადეიშვილს ესაუბრა.

ბატონო დავით, რატომ დადგა საქართველოში დღის წესრიგში მოგების გადასახადის გადახედვის საკითხი?

– ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში გაიზარდოს ინვესტიციები. დღეს ინვესტიციების შესახებ სრული სტატისტიკა არ არსებობს. მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს გამოყოფენ, რაც მთლიანი ინვესტიციების ნაწილია. ეკონომიკა რომ განვითარდეს ქვეყანაში, წამყვანი უნდა იყოს შიდა ინვესტიციები და დაბანდებები. ეტყობა, ეს არის მთავარი მოტივი საგადასახადო ცვლილებისა, რათა განხორციელდეს მეტი ინვესტიცია. მეტი ინვესტიცია კი ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს. თუმცა, მე არ ვიქრობ რომ გათავისუფლება უნდა იყოს გათანაბრებითი - ყველა „გამოცხადდეს ამინისტირებულად“, მათ შორის იმპორტიორები, ბანკები, პირველადი ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორები და სხვა. ეს იქნებოდა პრობლემატური, არაეფექტური და უსამართლოც. გადასახდისაგან გათავისუფლება შერჩევითი და მიზნობრივი უნდა იყოს. საგადასახადო სტიმულის კონტექსტში ჩვენთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული უნდა იყოს გადამამაუშავებელი მრეწველობა, როგორც ინდუსტრიული პოლიტიკის მთავარი სამიზნე. ეს არის სექტორი, რომელიც დანარჩენ ეკონომიკას ავითარებს, რადგან აქ ყველაზე ცოდნატევადი და ტექნოლოგიატევადი მიმართულებებია, რაც ბადებს ყველაზე მეტ თანამდევ დადებით ეფექტებს.

ცხადია, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებით ჩვენ ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში გადამამუშავებელი მრეწველობის წილი არის 15%-ზე ნაკლები , ჩეხეთში -25%, კორეაში კი 30%. ზოგადად, ევროკავშირს ამ მიმართულებით ორიენტირად 20%–იანი ნიშნული აქვს აღებული. ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტები დაბალშემოსავლიანია და მარტივი, რაც შესაბამისი ნაციონალური ინდექსებით იზომება. ეს მაჩვენებლები კი ძლიერ კორელაციაშია ერთობლივ შიდა პროდუქტთან.

გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულისთვის, ჩემი აზრით, მოგების გადასახადისაგან უნდა გავათავისუფლოთ ამ სფეროში წარმოებული ახალი პროდუქტები, ან ისეთები რომლებიც უკვე იწარმოება, მაგრამ სათანადოდ არ არის გავითარებული (ე.წ. პიონერული წარმოებები). ამან კი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უნდა შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ ინდუსტრიული განვითარების ხელშემწყობია. პირობითად, თუ კომპანიამ აწარმოა საპონი ან შამპუნი, რომლებიც პრაქტიკულად არ იწარმოება ქვეყანაში, ანუ ახალია; ან კონსერვი, რომლის მოხმარების 50%–ზე მეტი შემოგვაქვს იმპორტის სახით - დასახელებული პროდუქტების მწარმოებელნი გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან გარკვეული ვადით (ვთქვათ 10-15 წლით). ამგვარი მიდგომით არ დაზარალდება ბიუჯეტი და სტიმული მიეცემა პრეფერენციულ წარმოებებს.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში მოგების გადასახადიდან შემოსული თანხების წილი 12%- შეადგენდა. მოგების გადასახადის გაუქმება ან სხვა გადასახადით ჩანაცვლება ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

- საგადასახადო სისტემიდან მხოლოდ ერთი ელემენტის ამოღება და მისი რეფორმა სარისკოა. ამაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა კიდეც, რომ ბიუჯეტში 900 მილიონამდე ლარი აქვთ დაგეგმილი მოგების გადასახადიდან.

საგადასახადო კოდექსში ცალკეული ელემენტის უხეში ცვლილება სხვა ქვეყნის ანალოგიით, არალოგიკურია და ეფექტს ვერ მოიტანს. ანდა მთლიანად შევცვალოთ საგადასახადო კოდექსი. ამ შემთხვევაში, უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად როგორი შეიძლება იყოს პროგრესული გადასახადი. ამ მიმართულებით რეფორმები მიმდინარეობს მთელ რიგ ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიის მაგალითზე მსჯელობენ, სადაც პროგრესულმა გადასახადმა გაამართლა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყო ხელი (კეინსიანური, რედისტრიბუციული მიდგომა). ეს გადასახადი სოციალურადაც სამართლიანია. მაგრამ, თუ მთლიანად სისტემას არ შევეხებით, პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ და შედეგი არც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის იქნება საფრთხის შემცველი.

მოგების გადასახადის დივიდენდებზე გადასახადით ჩანაცვლებაზე საუბრობსნაციონალური მოძრაობაცპარტიის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანტიკრიზისულ პროგრამაში. დოკუმენტში ასევე განხილულია სხვა აქტუალური ეკონომიკური თემები. თუ გაეცანით ამ პროგრამას და როგორ შეაფასებდით მას?

– დოკუმენტს არ გავცნობილვარ, თუმცა, ზოგადად, ვიცი მათი პოზიცია ეკონომიკურ საკითხებზე. ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა გავალიბერალუროთ, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა მინიმალური უნდა იყოს და ეს მოგვცემს ეფექტს. იტორიულმა გამოცდილებამ კი აჩვენა, რომ ეს პოლიტიკა შედეგს არ იძლევა. მაქსიმალური ლიბერალიზმი არ ნიშნავს მაქსიმალურ ეფექტურობას და მითუმეტეს კეთილდღეობას. ასეთი მიდგომა იწვევს ძლიერების მეტად გაძლიერებას და სუსტების მეტად შესუსტებას, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სოციალურ-ეკოლოგიურ და უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც იყო წინა დეკადებში. ბაზრის უხილავი ხელით ეკონომიკა სათანადოდ ვერ განვითარდება. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი ეკონომიკის განვითარების კუთხით, უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში და გარკვეული პოლიტიკები და შესაბამისი სტიმულებიც უნდა გამოიყენოს.

ნაციონალები ანტიკრიზისულ პროგრამაში ასევე საუბრობენ თამბაქოზე, გაზზე, საწვავასა და ალკოჰოლზე აქციზის გაუქმების საკითხზე. ამ ინიციატივაზე რას ფიქრობთ?

– აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის პროდუქტები, რომელთა მოხმარებაც უნდა შეიზღუდოს. ამიტომაც აქვს დაწესებული მთელს მსოფლიოს ამ პროდუქტებზე გადასახადები. მაგალითად, თამბაქო, მავნეა ჯანმრთელობისთვის და მიზანშეუწონელია მისი მოხმარების წახალისება. იგივე ითქმის საწვავზეც. მისი მოხმარება უნდა შეიზღუდოს, რომ ეკოლოგიური და ჯანმრთელობის პრობლემები არ გამოიწვიოს. იგივე „სამოდელო“ ესტონეთში მოქმედებს აქციზური გადასახადი ელექტროენერგიის მოხმარებაზე. შესაბამისად, ასეთ პროდუქტებზე აქციზის გაუქმება უპასუხისმგებლო მოთხოვნაა.

ნაციონალური მოძრაობასაშემოსავლო გადასახადი 15%–მდე შემცირების საკითხზეც საუბრობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობა საშემოსავლო გადასახადის შემცირების ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების გზას ირჩევდა. დღეს შესაძლებელია ამ საკითხის გადაჭრა?

– ვფიქრობ, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება, რაც ნიშნავს იმას, რომ ვისაც შემოსავალი ნაკლები აქვს, იხდის ნაკლებს. გადასახადის ზომა პროგრესულად იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად.

მაგალითად, გერმანიაში ქორწინებაში მყოფი პირის მიერ გამომუშავებული პირველი 8260 ევრო თავისუფალია გადასახდისაგან, ამაზე მაღალი რაოდენობები კი უკვე იბეგრება საშემოსავლო გადასახადით - იწყება18,9 %-ით და ადის 45%-მდე, როცა დაქორწინებულის შემოსავალი აჭარბებს 501 462 ევროს.

ავსტრალიას აქვს პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემდეგი განაკვეთები: 0% - წელიწადში მიღებულ 18200 ავსტრალიურ დოლარამდე; 19% - $18201-დან $37000-მდე; 32,5% -$37001-დან $80000-მდე; 37% - $80 001-დან-$180 000-მდე; და 45%-ით იბეგრება შემოსავალი თუ ის აღემატება $180000-ს.

მაგალითად, ბრიტანეთში, თუ პირს აქვს 150 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი სახელფასო შემოსავალი, იბეგრება 45%–ით და ა.შ.

ჩვენთან დღეს უმაღლესი შემოსავლების მქონეთა 5% იღებს 70–ჯერ მეტს, ვიდრე უდაბლესი შემოსავლის მქონეთა 5%. ეს კატასტროფული უთანაბრობის მაჩვენებელია. ზოგადად, ჯინის კოეფიციენტი (ანუ შემოსავლების თანაბრობის მაჩვენებელი) ჩვენთან 40%–ზე მეტია, განვითარებულ ქვეყნებში კი 30%–ის ფარგლებშია. ე.ი. საჭიროა გადანაწილებითი საგადასახადო პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მზანშეწონილობით.

ამ ყველაფერს სჭირდება ანალიზი და ანალიზის შედგად პროგრესული საშემოსავლო სისტემის შემოღება. ზოგი შემოსავალი სრულად უნდა გათავისუფლდეს, გარკვეული ოდენობის ფარგლებში 20%–ით დაიბეგროს და ა.შ. რაღაც ზღვარის შემდეგ კი 50%–ით ან მეტითაც კი შეიძლება დაბეგვრა. დაბეგვრის ნორმები და განაკვეთები განისაზღვრება ასევე შემოსავლის წყაროებიდან გამომდინარეც (ხელფასი, დივიდენდი, კაპიტალი და სხვ). ჩვენ შემთხვევაში კონკრეტულ ნორმებსა და რიცხვებზე საუბარი მხოლოდ საკითხის ღრმად გაანალიზების შემდეგ შეიძლება, რისი კვლევაც აუცილებელია მალე დაიწყოს.