„ამ გზის მშენებლობა იყო უგულავას და სააკაშვილის კაპრიზის შედეგი“

„ამ გზის მშენებლობა იყო უგულავას და სააკაშვილის კაპრიზის შედეგი“

გახდა თუ არა 13 ივნისის სტიქიის გამომწვევი მიზეზი ყოფილი ხელისუფლების დროს დაპროექტებული ვერეს ხეობის ახალი გზა, ამ საკითს მთავარი პროკურატურა სწავლობს. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას და სხვა მძიმე შედეგებს გულისხმობს.

როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები.

შს მინისტრის ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს. მისივე განცხადებით, პარალელურად, მუშაობენ ექსპერტები თუ რამდენად დარღვევითაა გაკეთებული შენობები და პანდუსები.

„პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და განცხადებასაც ისინი გააკეთებენ. როდესაც ადამიანი იღუპება, მნიშვნელობა არ აქვს რაიმე არასწორად იყო აშენებული, თუ უბრალოდ, გარდაცვლილს ვპოულობთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ხდება“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

პროკურატურის პარალელურად, ვერეს ხეობაში სტიქიის გამოწვევ მიზეზებს იტალიის გეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო მარგოტინი შეისწავლის, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია. მარგოტინი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩამოიყვანა. კულტურის მინისტრის განცხადებით, იტალიელი გეოლოგი კონსულტაციას გაუწევს თბილისის მერიის და გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებს.

„ისინი ერთად დაათვალიერებენ ვერეს ხეობას, შემდეგ ავლენ ბეთანიაში, სამეწყერო ზონებს და ადგილებს დაათვალიერებენ. ბატონი კლავდიო გვიწევს რეკომენდაციებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ის მომავალშიც კომპლექსურად ჩაერთოს პროცესების შესწავლაში და საბოლოო დასკვნაშიც იყოს ჩართული, რადგან ის არის ადამიანი, რომლის გამოცდილების, ცოდნის და პროფესიონალიზმის მქონე პიროვნება ცოტაა და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის სტიქიის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მისი სურვილია, რომ მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ მოხდეს დასკვნის წარმოდგენა. სტიქიური ზონა უკვე დაათვალიერა იტალიელმა გეოლოგმა, რომლის განცხადებით, პირველადი დათვალიერებიდან ჩანს, რომ ძალიან უჩვეულო სიტუაციაა. 

„უჩვეულო სიტუაციაა, რადგან ამ პროცესებმა და ტრაგიკულმა მოვლენებმა გააერთიანა რამდენიმე კატასტროფა, კატაკლიზმები და ძალიან უჩვეულო ფენომენია. ერთი მხრივ, ძალიან დიდი ნაკადი იყო წყლის, მეორე არის ის, რომ იყო მეწყერი, ამ ორმა ძალამ ერთად, ფაქტობრივად, დაანგრია ტერიტორია. მძიმე და უჩვეული სიტუაციაა, ყველა ღონეს ვიხმართ და შევიმუშავებთ რეკომენდაციას, რათა მომავალში თბილისში ასეთი რაღაც აღარ განმეორდეს“, - განაცხადა კლავდიო მარგოტინიმ. 

არქიტექტორი, ქალაქმშენებელი ირაკლი მასხარაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების პარალელურად, სპეციალისტების მიერ უნდა დაიდოს ანალიზი, რამდენად დასაშვები იყო გზის გაყვანა.

„არავითარი საუბარი იმაზე, რომ უნდა აღდგეს გზა. ვერეს ხეობა იყო და რჩება რისკის ზონად. ნუთუ ამ სტიქიამ ჭკუა ვერ გვასწავლა? არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ თავისი მოსახლეობა სტიქიის რისკის ზონაში მოაქციოს. როდესაც საუბარია, რომ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ გზა, ეს არის დანაშაულის გადაფარვა.

თუ გვინდა უგულავას გამართლება, მაშინ კი ბატონო, აღვადგინოთ გზა. ამ გზის მშენებლობა იყო უგულავას და სააკაშვილის კაპრიზის შედეგი. პირველ რიგში, უნდა დადგეს თბილისის ყოფილი მერის პასუხისმგებლობის საკითხი. როდესაც ვემუდარებოდით ამას ნუ იზამთ-თქო, მაშინ კარისკენ მიგვითითა უგულავამ და გვითხრა, ეს საკითხი გადაწყვეტილიაო. თუ ვინმეა დამნაშავე, დიახ ეს არის უგულავა“, - აცხადებს ირაკლი მასხარაშვილი.

ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ექსპეტრი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, პასუხი უნდა აგონ პრეოფესიონალების ჩამრეცხველებმა.

„დარწმუნებული ვარ, რომ დადგება იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩაერეცხათ პროფესიონალები. შედეგი სახეზეა, მივიღეთ ძალიან მწარე გაკვეთილი იმისა, რას ნიშნავს უმეცრება ამა თუ იმ პროექტის რეალიზაციისას. ამ პროექტის განხილვაში ჩართული იყვნენ გამოცდილი ადამიანები, მაგრამ მათ არავინ უგდებდა ყურს.

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, საგანგებო სიტუაციის ძალები და პროკურატურა ერთდროულად არ უნდა მოქმედებდნენ. ჯერ უნდა შევძლოთ პროფესიონალების მიერ შესაბმისი დასკვნების დადება და ამის შემდეგ შეიძლება ჩართული იქნას პროკურატურა. სხვა შემთხვევაში, რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, თანაც ისეთმა სახელგატეხილმა პროკურატურამ როგორიც დღეს არის?!“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.