გურიელიძე დუმილს ინარჩუნებს

გურიელიძე დუმილს ინარჩუნებს

ძალოვანი მინისტრები ზოოპარკის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ, თუმცა, ასე არ ფიქრობს იუსტიციის მინისტრი, რომლის განცხადებით, ზოოპარკის დირექტორი არ არის ხელისუფლება. ამ დრომდე უცნობია ემუქრება თუ არა მოსახლეობას საფრთხე მტაცებელი ცხოველებისგან. ზოოპარკის ადმინისტრაციამ კი 17:00 საათისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია გადადო. ცნობილია, რომ ვეფხვის მიერ ადამიანის დაგლეჯვის ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

„ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - ეს განცხადება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჯანელიძის ამ განცხადებიდან ზუსტად ერთ დღეში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ალბინოსმა ვეფხმვა ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოღადრა.

„ლაგუნა-ვერეს“ ტერიტორიაზე ადილობრივებმა მტაცებელი ცხოველი დაახლოებით 12:30 წუთზე შენიშნეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ. მაშინ, როდესაც ყოფილ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშები საწყობის პირველ სართულს ალაგებდნენ, მოულოდნელად ერთ-ერთი ოთახიდან გამოვარდა ვეფხვი, რომელმაც 45 წლის ოთარ ცუხიშვილ დაგლიჯა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვეფხვი გუშინ ნახეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო და ეგონათ, რომ მკვდარი იყო. მათივე ინფორმაციით, სამჯერ იყვნენ ზოოპარკის თანამშრომლები, საპატრულოსა და სამაშველოს წარმომადგენლები, თუმცა ცხოველის გადაყვანა არ განახორციელეს. 

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მიერ ლიკივიდირებული იქნა ვეფხვი. ალბინოსი ვეფხვი 112-ის ბრიგადამ საწყობის ტერიტორიიდან გაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ამტკიცებდა, რომ ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი წყალში დამხრჩვალი, ან არის ლიკვირიდებული და მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, დღეს აცხადებს, რომ შსს და შესაბამისი უწყებები ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.

„შსს და შესაბამისი უწყებები ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობოდით, რომ ყველა მტაცებელი ან ვოლიერებშია, ან დაღუპულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა“, - აცხადებს მინდია ჯანელიძე.

შს მინისტრის განცხადებით, ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, იცოდნენ, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ ყოფილა.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა, აღარ უნდა ყოფილიყო არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული - ზოგი მკვდარი ნახეს, ზოგი - დამხრჩვალი, ზოგის, სამწუხაროდ, ლიკვიდაცია მოგვიხდა. გუშინ გვქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს აღმოჩნდა ერთი მტაცებელი ცხოველი.

აღნიშნული ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციისგან გვქონდა. ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ყველა ცხოველი დათვლილია. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ეს ჰქონდა პრემიერსა და იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა. ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. რასაც მეუბნება ზოოპარკის ადმინისტრაცია, მე ის ინფორმაცია მაქვს “, - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ, თუმცა აქვე დასძენს, რომ ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის ადმინისტრაცია იყო. 

„ცხოველების აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა ზოოპარკის ადამინისტრაციას ჰქონდა და ზოოპარკი აწარმოებდა ამას. მდგომარეობა რთული იყო, ვინაიდან ცხოველების გარკვეული ნაწილი იყო დაკარგული და ყოველდღიურად მიმდინარეობდა, მათი ძებნის სამუშაო და იმ ტერიტორიაზე, სადაც დაკარგულები იყვნენ, დროულად ხდებოდა ნაპოვნი ცხოველების ამოყვანა. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, გარკვეული ცდომილება იყო მაჩვენებლებში. პასუხისმგებელი პირი, საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დადგება თუ არა ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის პასუხიმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით უცნობია. თავად გურიელიძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. გურიელიძე უკომენტაროდ ტოვებს შს მინისტრის და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, მათ ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა ყოფილიყო.

განსხვავებულია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინი განცხადება, რომლის თქმით, ზოოპარკის დირექტორი არ არის ხელისუფლება.

„ზოოპარკის დირექტორი არ გახლავთ ხელისუფლება. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს. რეაგირება შეიძლება იყოს და უნდა იყოს მრავალნაირი. მათ შორის, უნდა გაირკვეს ვის რა პასუხისმგებლობა ქონდა ამ საკითხზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.