„არ მოკლათ!!! მთელი ერი გთხოვთ!!!“ - ხალხის ემოციები დახოცილ ცხოველებს მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში მომხდარ წყალდიდობას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხოველების ლიკვიდაციამ მათი განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აღელდნენ, როცა შეიტყვეს, რომ თეთრი ლომის ბოკვერი - ყველასთვის საყვარელი შუმბა ცეცხლასროლი იარაღით მოკლული იპოვეს მაშინ, როცა ის ვოლიერში კიბის ქვეშ კატასავით შეშინებული იმალებოდა.
ამ დღეებში ბევრი ტყუილი და მართალი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ მხოლოდ იმ ცხოველებს ხოცავდნენ, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, თუმცა ზოგიერთები იმასაც ავრცელებდნენ, რომ აგრესიულებთან ერთად, ვოლიერზე მიბმული უმწეო ცხოველებიც განადგურდა, ზებრები და მგლები კი ერთ ვოლიერში აღმოჩნდნენ და ზებრებმა ჩაქოლეს ერთი მგელი.
ამდენ ტყუილ-მართალს შორის იყო რეკომენდაციებიც: „გაუშვით ცხოველები თავის ბუნებაში და საერთოდ აღარ გინდათ ეს ზოოპარკები. სუფთა ციხეა, რომელშიც სიცოცხლის ბოლომდე უწევს ცხოველს ყოფნა. თქვენ თავად გინდათ ასეთი ცხოვრება?“
ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ როგორმე უნდა გადაეტანათ ზოოპარკი ამ უსაშინლესი ადგილიდან, სადაც ამხელა ტრასა გადიოდა და საშინელი ხმაურითა და გამონაბოლქვით წამლავდნენ დატყვევებულ ცხოველებს.
პარალელურად, თბილისის ზოოპარკმა განცხადება გაავრცელა, „უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ, არ მოკლათ! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ“.
მართლაც, თბილისის ქუჩებში არაერთი ცხოველი „გამოჩნდა“ და, ძირითადად, ეს უფრო ფანტაზიის ნაყოფს ჰგავდა. მედიაში ვრცელდებოდა რჩევები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ადამიანები მტაცებელი ცხოველის პირისპირ. თურმე მგლის გადაყრის შემთხვევაში, პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა გაქცეულიყვნენ, რადგან ამით მგელში დევნის რეფლექსს გააღვიძებდნენ, რაც ადამიანის მიმართ შიშზე ძლიერი აღმოჩნდებოდა და მგელი აუცილებლად გამოედევნებოდა.
„ნელ-ნელა უნდა წახვიდეთ უკან, ოღონდ ზურგი არ უნდა აჩვენოთ, რომ თავდასხმის პროვოცირება არ მოახდინოთ; არ უნდა იყვიროთ – ყვირილი მასში აგრესიას გამოიწვევს“, -იტყობინებოდა ქართული მედია. რაც შეეხება დათვს, ამ შემთხვევაშიც მიუგნიათ გამოსავლისთვის, რადგან დათვის შეშინება შეიძლება რაიმე მჟღერი მეტალის საგნით, ყვირილით და აქაც მთავარი წესია, ზურგი არ შეაქციოთ და ნელ-ნელა, პირით მისკენ, უკან-უკან დაიხიოთ, ელაპარაკოთ მშვიდად, რითაც ცხოველზე გავლენას მოახდენთ.
მომხდარი ტრაგედიის შესახებ For.ge ზოოპარკის სამეცნიერო დირექტორს დავით თაქთაქიშვილს ესაუბრა.
ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაკეში ქობულეთის ქუჩაზე შავი ავაზა შენიშნეს, ხოლო ვაჟას-ფშაველას კვარტლებში ლომი უპოვიათ. მომხდარიდან პირველ დღეებშივე ხელისუფლება მოსახლეობას ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. დღეს კი ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება.
- მართლაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ცხოველი თურმე ისანთან იპოვეს, ზოგიც -ვაჟა-ფშაველაზე. გუშინ შემოვიდა ხუთი ასეთი ინფორმაცია, რომელზეც ვეტექიმებით დაკომპლექტებული ჩვენი სამუშაო ჯგუფი გადიოდა შესაბამისი თოფით, რომელიც ისვროდა დასაძინებელ წამალს. თუმცა არც ერთი ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამიტომ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სთხოვს მოქალაქეებს, მსგავს ინფორმაციას ნუ ავრცელებენ, რაც ზედმეტ პანიკას იწვევს მოსახლეობაში. რაც შეეხება ცხოველებს, რომელთა ლიკვიდაციაც მოახდინეს და, რომლებიც, ასევე, სტიქიის შედეგად დაიღუპნენ, რთულია იმაზე საყვედური, რატომ მოკალით ცხოველი. არ იყო სხვა საშუალება, თორემ არავინ იყო მოწოდებული, მოეკლა ცხოველი. ნებისმიერი ცხოველის გამოსვლა ვოლიერიდან და, მით უმეტეს, საშიში მტაცებლის გამოსვლა არაორდინარული, არაპროგნოზირებადი შემთხვევაა. ვერავინ იტყვის, როგორ მოიქცევა ახალ გარემოში მოხვედრილი ცხოველი, ახალი გარემო მისთვის დიდი სტრესია, რამაც შეიძლება, მისი მხრიდან ან აგრესია გამოიწვიოს, ან, პირიქით, ცხოველი მოადუნოს, შიშის გრძნობამ დაიპყროს და გახდეს აბსოლუტურად უხიფათო. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? აქედან გამომდინარე, თითოეული ასეთი შემთხვევა კონკრეტულ ფაქტზეა დამოკიდებული. უნდა გავითვალისწინოთ, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ისე ცხოველის უფლებები. წინასწარ ძნელია თქმა, რა შეიძლება მოხდეს.
ასეთი ინფორმაციაც შემოვიდა, ვარკეთილში ნახეს ლომიო. ჩვენ უფლება არ გვქონდა, ამის იგნორირება მოგვეხდინა, ადგილზე უნდა გავსულიყავით და, თუ ვნახავდით ცხოველს, უნდა მოგვეხდინა მისი დაძინება და გადაყვანა ზოოპარკში. რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ვარკეთილში არაფერი იქნებოდა. წარმოიდგინეთ, ამხელა ცხოველი ისე მივიდა ვარკეთილამდე, რომ ვერავინ შეამჩნია?
მაგრამ ნიანგები რომ აღმოაჩინეს? იპოვეს ორი ბელიც.
- ჩვენი ნიანგები გუშინ ვოლიერიდან იყვნენ გამოსულნი და ერთ ადგილას გუბეში ნახეს ორივე ნიანგი. დღეს დილით მოხდა მათი დაჭერა. ასე რომ, ამ ინფორმაციის გავრცელებით, შესაძლოა, ვიღაც ერთობა. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა ზოოპარკი და, თუ ამას გულისხმობდნენ ნიანგების პოვნაში, არ ვიცი. ალბათ, უნდოდათ, ვიღაც შეეშინებინათ.
მაშინ რას დავუკავშიროთ ვერტმფრენების ინტენსიური გადაადგილდება, რომლებიც, სავარაუდოდ, დაკარგულ ცხოველებს ეძებენ?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს კითხვა ჩვენ არ გვეკუთვნის. სანამ საბოლოოდ არ გავწმენდთ ზოოპარკის მთელ ტერიტორიას, მანამდე ვერაფრით ვიტყვით, ეს ცხოველები ქალაქში არიან თუ არა. წარმოიდგინეთ, რა არასერიოზული იქნება, რომ ვთქვათ, ვეფხვები დადიან ქალაქში-თქო და ამ დროს აღმოჩნდეს, რომ ისინი ჩვენთან ლამში არიან დამხრჩვალნი. მოგეხსენებათ, ძირითადი ზიანი მიადგა ზოოპარკის ქვედა ტერიტორიას და უნდა დავთვალოთ, შლამში რამდენი ცხოველია დამხრჩვალი. ესეც გადაჭარბებულია, რომ თურმე ვაჟა-ფშველას მეოთხე კვარტალში რაიონში მოკლეს ერთი ლომი, რომელმაც თურმე რამდენიმე ძაღლი დაგლიჯა. სანამ იმ ლომს არ ვნახავ, ვერც ამ ინფორმაციას დავადასტურებ. მეოთხე კვარტლამდე ლომმა ხომ უნდა მიაღწიოს, ხომ არ გადაფრინდებოდა? დავიჯერო, მანამდე ვერავინ შეამჩნია ამხელა ცხოველი? გარდა ამისა, შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვაკის პარკში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც არიან გადაადგილებული ცხოველები. ასევე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ეს უკანასკნელი ცოტა შეესაბამება სიმართლეს, რადგან ცირკი რამდენიმე ასეულ მეტრშია ზოოპარკიდან. ზარალის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ საბოლოოდ არ გვეცოდინება დაღუპული ცხოველების რაოდენობა. პირველ რიგში, აუნაზღაურებელია ჩვენი თანამშრომლების დაღუპვა, ერთი ქალბატონის და ორი მამაკაცის.
გულიკო ჭიტაძე, რომელსაც ამ რამდენიმე კვირის წინ ვეფხვი დაესხა თავს და კიდურის ამპუტაციაც ჩაუტარდა, ამბობდა, რომ ვეფხის ბოკვერი მას უბრალოდ ეთამაშებოდა და ის მზად იყო, ზოოპარკში თავის ცხოველებს დაბრუნებოდა. რის გამო დაიღუპა იგი - წყალში დაიხრჩო თუ ცხოველებმა დაგლიჯეს?
- სამივე ადამიანი სტიქიის შედეგად დაიღუპა. ისინი ზოოპარკში იყვნენ, მოყვნენ მტაცებელი განყოფილების შენობაში და იქ დაიღუპნენ.
ანუ შეგნებულად მივიდნენ, რომ გადაერჩინათ ცხოველები?
- არა, იქ იყვნენ, იქ მორიგეობდნენ და ამ დროს მოხდა ტრაგედია.
ამ გადასახედიდან ფიქრობთ, რომ ზოოპარკის გადატანა აჯობებდა?
- ლოგიკურად, რომ გადატანილიყო ზოოპარკი, ცხოველები არ დაიხრჩობოდნენ და არც ჩვენი თანამშრომლები დაიღუპებოდნენ. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა, ეს ამბავი მოხდებოდა თუ არა. თუმცა გადარჩნენ ინდური სპილოები, თეთრი მარტორქა, ბეჰემოტი, აბსოლუტურად ხელშეუხებელია ეგზოტარიუმი, სადაც გველები და თევზები ბინადრობენ, ჩლიქოსან ცხოველებს, ფრინველების ნაწილს არ შეეხო არაფერი, საბედნიეროდ, კოლექციის დიდი რაოდენობა გადარჩა.
ამ კრიტიკულ მომენტში რა თვისებები გამოავლინეს ცხოველებმა? აგრესია ხომ არ წამოვიდა თანამშრომლებისკენ?
- არანაირი აგრესია, ნებისმიერ სიტუაციაში ცხოველები იქცევიან ისე, როგორც მათ კარნახობს ინსტინქტი. ეს ფორსმაჟორი იყო ჩვენთვის, თორემ ცხოველები იქცევიან ინსტიქტის მიხედვით.
იყო სტრესული მომენტიც და ბეჰემოტს დასამშვიდებლად გაუკეთდა ინექცია.
- რა თქმა უნდა, ცხოველებისთვის არსებობს რიგი სამედიცინო პრეპარატებისა, რომლებიც მათზე დამამშვიდებლად მოქმედებს. იმისთვის, რომ ჩვენი ბეჰემოტი თავისი ფეხით შემოსულიყო ზოოპარკში, მას გავუკეთეთ დამამშვიდებელი პრეპარატები, თორემ არ მოდიოდა თვინიერად და ამის შემდეგ შევიყვანეთ ზოოპარკში.
მართალია, რომ გარკვეული ხნის შემდეგ მოქმედებს ეს პრეპარატი და ამიტომ გადაწყვიტეს ზოგიერთი ცხოველის სასწრაფოდ მოკვდინება?
- როდესაც ცხოველი სტრესულ მდგომარეობაშია, მათზე შეიძლება დამაძინებელმა მედიკამენტმა საერთოდ არ იმოქმედოს, ან მოქმედებს გარკვეული წუთების მერე. ვიმეორებ, პირველ რიგში, დაცულ უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე და ცხოველების უფლებები. თუ მტაცებელი ცხოველისგან ხდება ადამიანზე შეტევა, ორი აზრი არაა, ცხოველი უნდა იყოს ლიკვიდირებული. მაგრამ თუ, შესაძლებლობაა, რომ ცხოველი დავაძინოთ და ამის შემდეგ დავაბრუნოთ თავის საბინადრო ადგილას, უნდა გამოვიყენოთ ეს ხერხი. ანუ შესაძლებელია, მოშორებით ვესროლოთ ნემსი ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ.
60-იან წლებშიც ადიდდა მდინარე ვერე და ზოოპარკის ბინადრები შეიწირა. როგორც ჩანს, ზოოპარკის ადგილი მთლად სწორად არაა შერჩეული, რადგან მდინარე ვერე სანდო არ არის.
- დიახ, ტერიტორია ისე უნდა შეირჩეს, რომ ასეთი რამეები ავიცილოთ. მომხდარის შემდეგ ადამიანებმა დასკვნა უნდა გამოიტანონ. ეს ტრაგედია მართლაც მოხდა დიდი ხნის წინ. ამ გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იყო კარგი ადგილი შერჩეული. თუმცა შეიძლება, სხვაგანაც გაკეთდეს ზოოპარკი და იქაც კატასტროფა და ბუნებრივი სტიქია დატრიალდეს. მაინც ვფიქრობ, რომ თავის დროზე ზოოპარკის ტერიტორია კარგად შეარჩიეს, რადგან მაშინ ეს იყო ქალაქის გარეუბანი, არც ვაკის უბანი იყო, არც საბურთალოსი. გაცილებით უფრო დიდი იყო ტერიტორია და ჰქონდა პატარა მიკროკლიმატი. მოგვიანებით უკვე გაიზარდა თბილისი, იმატა მოსახლეობამ და ნელ-ნელა ზოოპარკი მოექცა ქალაქის ფარგლებში, გაშენდა ხილიანის ქუჩა, მზიური და სხვა.
თბილისის ზოოპარკისთვის განსაზღვრული მომავალი ადგილი - თბილისის ზღვის ტერიტორია რამდენად უსაფრთხოა?
- იქ მდინარეები არ არის. არაგვი და იორი აბსოლუტურად სხვა მხარეს მიედინება და არა იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოიყო თბილისის ზოოპარკისთვის. ამ კუთხით ზოოპარკი დაცული იქნება. მაგალითად, ერევნის ზოოპარკში, რომელიც ტერიტორიის მიხედვით ჩვენზე გაცილებით დიდია, თითქმის ოთხჯერ უფრო მეტია, შუა ზოოპარკში ჩამოდის მდინარე, რომელსაც ჩვენი სომეხი კოლეგები იყენებენ ზოოპარკის საჭიროებისამებრ. ეს მდინარე ძალიან მოსახერხებელი და კარგია ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, წყლის ბინადრებისთვის, რომლებიც იქ ბანაობენ, ცურავენ. ასე რომ, მაინცდამაინც მარტივი არ არის, რომ მდინარის ნაპირზე უარი ვთქვათ. პირიქით, ეს კარგია ლანდშაფტისთვის, ზოგადი სიტუაციისთვის, მაგრამ, როცა ასეთი ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება, უნდა დავფიქრდეთ. ისე, უცხოეთშიც არის ზოოპარკები, სადაც მოედინება მდინარე და იმდენად დიდი ყურადღება ექცევა ამას, რომ იქ ხელოვნური არხებიც კი გააკეთეს, რომ ცოტა მრავალფეროვანი გამხდარიყო ლანდშაფტი.