ნატას თავგადასავალი

ნატას თავგადასავალი

ამას წინათ ჩემი ერთი ფეისბუქ მეგობრის პოსტებმა მიიქცია ყურადღება. ახალგაზრდა გოგონა სოციალურ ქსელში წერდა, რომ ხერხემალმა შეაწუხა და საოპერაციო შეიქნა. ამბავი, თავისთავად, სამწუხაროა და ყველამ მხნეობა და შემართება ვუსურვეთ. საქმე ის არის, რომ ამის შემდეგ ჩემმა ფეისბუქ მეგობარმა გოგონამ თითქმის ონლაინ რეჟიმში აღწერა თავისი სამედიცინო თავგადასავალი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს დაფიქრებას და ჯანდაცვის მესვეურების მხრიდან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას.

აი, რას წერდა თავიდან ჩემი ფეისბუქ მეგობარი გოგონა, რომელსაც პირობითად, ნატას დავარქმევ, რადგან მისგან არ ამიღია მისი სახელით ამ ამბის გასაჯაროების ნებართვა:

ნატა: „ორი თვის წინ მივაკითხე სადაზღვევოს ოჯახის ექიმს ხერხემალთან დაკავშირებული ჩივილებით. გადამიღო რენტგენი და მითხრა, მასაჟისტთან ან ვერტებროლოგთან (ხერხემლის სპეციალისტთან) მიდიო. მასაჟისტმა მითხრა, შეიძლება თიაქარი გქონდეს, მე ხელს ვერ მოვკიდებო და ნევროლოგს ეჩვენეო. ჩემი მოთხოვნით, ოჯახის ექიმმა ნევროლოგთან შემიშვა, ამან მითხრა, არც მასაჟისტი და არც ვერტებროლოგი არ გინდა, წადი, იცურავეო და რაღაც წამლები დამინიშნა. რა თქმა უნდა, მისმა წამლებმა ვერ მიშველა. მივედი პირველი ექიმის მიერ ნარჩევ ვერტებროლოგთან. ვიარე მის პროცედურებზე, მასაჟს მიკეთებდა, მანუალურ თერაპიას (დატკაცუნებები), გაჭიმვებს, რაღაც სუჯოკუ-თერაპიას (წიწიბურებს მაკრავდა თითებზე).

ამ კაცთან სიარულმა ბევრად უარესად გამხადა. ამასობაში მეგობრებმა მირჩიეს (ისე, რომ არცერთ ექიმს ეს თავში არ მოსვლია), რომ გამეკეთებინა მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. მოვითხოვე ეს გამოკვლევა სადაზღვევოში. ნევროლოგმა მითხრა, არაფერში გჭირდება, მაგრამ კარგი, ჯანდაბას, გამოგიწერო. პარალელურად, ასევე მეგობრების რჩევით, მივედი სპეციალიზებულ კლინიკაში. ვუთხარი, ამ გამოკვლევასაც ვიტარებ მეთქი და თავი გაიგიჟეს, არაფერში გჭირდება ეგო, დამინიშნეს თავიანთი „ფრონცკობა“ 1000-ლარიანი პროგრამა. ეგ გამოკვლევა რასაც გიჩვენებს, ზუსტად ვიცით ისედაცო. მოკლედ, ამ ამბებში მოვიარე სადაზღვევოს, კიდევ სამი კლინიკის 7 ექიმი და არცერთს არ მოსვლია თავშია აზრად და ვისაც ვუთხარი, ისიც მიმტკიცებდა, რომ ეს გამოკვლევა არაფერში მჭირდებოდა. ახლა კი, გამოკვლევამ აჩვენა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, შესაბამისად, სულ ტყულად დავკარგე ამდენი დრო, ფული და, რაც მთავარია, ამასობაში გამირთულდა მდგომარეობა.

და, მეგობრებს რომ არ ერჩიათ, შეიძლებოდა ვერც ვერასდროს დამედგინა, რა მჭირდა და რაღაც საშინელება დამმართნოდა. ახლა დაზღვევის პროცედურებზე მარბენინებენ კიდევ წინ და უკან. ჩაივლის ოპერაცია და მიფრთხილდეს ზემოთნახსენები სადაზღვევოც დაკლინიკებიც. იმდენს მაინც ვიზამ, რომ სხვასაც იგივე ზიანი არ მიაყენონ, რაც მე“.

ეს ერთი დიდი პრობლემაა, რაც ნატამ აღწერა და რასაც სწორი დიაგნოსტირების პრობლემა ჰქვია. მაგრამ საოცარი ის არის, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ეს გოგონა ჯანდაცვის სხვადასხვა სეგმენტში კიდევ ბევრ წინააღმდეგობას წააწყდა. თანმიმდევრობით მივყვეთ.

ნატა: „იმედია მალე და მშვიდობით ჩაივლის ყველაფერი. მერე კი, ჩემს „გასატისკ“ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიას ჯანდაცვის სამინისტროც მიემატება. სახელმწიფო სულ არ მეკითხება, ისე მაზღვევს (არადა, იმისთვის, რომ კარგი პაკეტი მქონოდა, კერძო დაზღვევა გავიკეთე). ახლა კი ამ ორმაგი დაზღვევის გამო იძულებული ვარ ჯერ სახელმწიფოს ავანაზღაურებინო ნაწილი (კერძო სადაზღვევოს ასეთი მოთხოვნა აქვს), რის გამოც შეიძლება კიდევ ერთი კვირა ვერ გავიკეთო ოპერაცია. იმის საშუალებასაც არ მაძლევენ, რომ ჩემი ფულით გავაკეთო და მერე ამინაზღაურონ. ამას ემატება ისიც, რომ უზარმაზარ რიგში ლამის გათიშული ვიდექი და ბოლოს ოპერატორი ისე მომექცა, თითქოს ვინმეს ვალი მქონდეს ან სახელმწიფო ჩემთვის მოწყალებას იღებს!“

კიდევ სამი დღის შემდეგ ნატა წერს: „ისევ ლოდინის რეჟიმში ვარ. ორშაბათს თუ არიქნება პასუხი, მერე კიდევ ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაიწევს. ჩემს ბედზე ხომ აქაც დასვენების დღე უნდა გამოეკვეტოს! არადა, ძალით რომ არ ვყავდე ჯანდაცვასაც დაზღვეული, ჩემი კერძო სადაზღვევო იმავე დღეს გამაკეთებინებდა ოპერაციას! ეს არის, რაც ყველაზე მეტად მამწარებს! არადა, იმისთვის მინდა კერძო დაზღვევა, რომ სწრაფად და ხარისხიანად მომემსახურონ. მოკლედ, არჩევანსაც აღარ გიტოვებს რა მთავრობა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩემი ფულით აფინანსებს ამ პროგრამას და ახლა პირადად მეც მიქმნის პრობლემებს. თან ისე გემსახურებიან, თითქოს მათხოვარი იყო და მოწყალებას იღებენ, ისიც რაღაც ზიზღიანი სახით.

იმ დღეს, სანამ მაგათ სერვის-ცენტრში მივიდოდი, ქუჩაში 5-ჯერ ჩავიკეცე, მერე ხუთსაათიანი რიგი გამოვიარე და ოპერატორი ისე მომექცა, თითქოს კიდევ მე ვაშავებდე რამეს საერთოდ ცუდად რომ ვარ და რაიმეს ანაზღაურებას რომ ვითხოვ. მოსახლეობა ვერც ხვდება, ისე აწვება ეგ ხარჯები ისევ მას... ხალხი ვერ აცნობიერებს, რომ სახელმწიფო როცა რაღაცას გიხდის, კი არ გჩუქნის, ისევ შენი ფულით გიკეთებს ამას. ეს განცდა მართლა არ აქვს ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილს. თუ გარდაქმნიან ამ პროგრამას, ვნახოთ რაგამოვა. მაგრამ სახელმწიფო დაზღვევა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის ისედაც არსებობდა მანამდეც. არ მესმის, ყველას დაზღვევას რატომ უნდა იღებდეს საკუთარ თავზე სახელმწიფო და ამით ამ სფეროს სრულ მონოპოლიზებას ახდენდეს“.

კიდევ ერთი კვირის თავზე, ოთხშაბათ დღეს, ნატა, ლამის მდგომარეობიდან გამოსული, წერს: „მაპატიეთ ყველამ, მაგრამ ყველა მეზიზღება ქართულ სამედიცინო სისტემაში! მინისტრის, სადაზღვევოების, ექიმების, ექთნების და სანიტრების ჩათვლით! ამდენი წვალების მერე, დამიბარეს დღეს საოპერაციოდ, დამაწვინეს ოთახში (დღევანდელ მოპყრობაზე და მოუწესრიგებლობაზე აღარაფერს ვამბობ) და ცოტა ხანში მეუბნებიან, რომ უკან უნდა წავიდე და პარასკევს გამიკეთებენ ოპერაციას!  ამ ქვეყანაში ექიმს საერთოდ არ უნდა გაეკარო, ათმაგად დაგაავადმყოფებენ!“

მოკლედ, ნატას ისტორია ცხადყოფს, რომ წინააღმდეგობათა დიდი კასკადია. სამწუხაროდ, ნატას ისტორია არ არის გამონაკლისი და ამაში მისი ამბის წაკითხვის შემდეგ ჩემსავე საახლობლოში ჩატარებულმა მიკრო გამოკითხვამაც დამარწმუნა. მრავალასეულ მილიონიანი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მუშაობს, მისით მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ყოველ ნაბიჯზე ჩნდება პრობლემები, რომლებიც ისედაც სტრესის ქვეშ მყოფ პაციენტს კიდევ უფრო უმძიმებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამ დიდი სოციალური აქტის გაუფასურებასაც ახდენს. ეს პრობლემებია: სწორი დიაგნოსტიკის დაბალი დონე, საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო სამედიცინო დაზღვევის მიერ ერთმანეთის გადაფარვა და ამ დროს შექმნილი მთელი რიგი უხერხულობები, როგორც დროის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, მაღალი მიმართვიანობა საყოველთაო ჯანდაცვისას და ამით გამოწვეული რიგები მომსახურების ცენტრებში და პაციენტებისთვის გაუსაძლისი ლოდინის რეჟიმი. ამას დამატებული ამა თუ იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში დანიშნული ოპერაციის რამდენიმეგზის და რამდენიმე დღით გადატანა და სტრესის კიდევ მეტად გაძლიერება და ა.შ და ა.შ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხშირად უწოდებენ ჯანდაცვის რეფორმას, მაგრამ თავისი არსით, ეს რეფორმა არ არის. ეს უფრო მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის გაზრდაა, რაც მართლაც აუცილებელი და დროული ნაბიჯი იყო. მაგრამ, ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროს რეორგანიზება ჭირდება, რათა სახელმწიფოს მიერ გაღებული თოთოეული ლარის ეფექტიანობა გაიზარდოს და კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებამდე უფრო სწრაფად და ხარისხიანად მიაღწიოს.

P.S.  საკუთარი ისტორიის დასასრულს, ნატა წერს: „მოკლედ, მოვიოპერაციე და ორ დღეში გამომწერენ. ამასობაში, ისიც ვქენი, რომ იმ კლინიკებს, სადაც არასწორად მიმკურნალეს, გადახდილი თანხა უკან დავაბრუნებინე. თუ გამოვალ, სადაზღვევოს და სამინისტროსაც მივხედავ და სრულად ვრეაბილიტირდები“.