ყოფილი იმამი დაკავებულია

ყოფილი იმამი დაკავებულია

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ბორჩაშვილს ადანაშაულებდნენ პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ახლაგაზრდების „ისლამურ სახელწიფოში“ გადაყვანის ორგანიზებაში. ბორჩაშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილი მერაბ ცათიაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას უკავშირდება.

პანკისის ხეობის ოთხ სოფელში, ჯოყოლოში, ბირკიანში, ომალოსა და დუმასტურში სპეცოპერაცია გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათისთვის ერთდროულად დაიწყო. ადგილობრივების თქმით, მიმდინარეობდა სახლების ჩხრეკა და პირადი ნივთების ამოღება. სამართალდამცავებმა ჩხრეკა ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მეგობრის, ჯოყოლა აჭიშვილის სახლშიც ჩაატარეს. პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, თბილისში მცხოვრები ქისტებიც დაიკითხნენ. 

არსებული ინფორმაციით, გამოძიება სოფელ ჯოყოლოს ყოფილ იმამს სირიაში ახალგაზრდების გაყვანაში ადანაშაულებს. თავად დაკავებული ბორჩაშვილი ისლამურ სახელმწიფოსთან დანაშაულებრივ კავშირს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა არ მომხდარა და სავარაუდოდ, ხვალ მოხდება. 

„ბორჩაშვილმა თქვა, რომ როდესაც გომბორზე გააჩერეს, ვიდეოკამერის თანხლებით უთხრეს, რომ ბრალად ედება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირი, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა კავშირზეა საუბარი. თუ ბათირაშვილს ესაუბრა ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ესეც კავშირად ითვლება, მაგრამ მას დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია. იგი არ უარყოფს, რომ რელიგიური ლიდერია, თუმცა საქართველოს კანონმდებლობას არ არღვევს“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ ფიქსირდება დარღვევები. ადვოკატი ამბობს, რომ ის 17:00 საათზე დააკავეს და ღამის 02:00 საათამდე ხელბორკილდადებული ჰყავდათ. ამასთან, არ მისცეს ოჯახთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება. რაც შეეხება ბრალის ოფიციალურ წარდგენას, ეს დაკავებიდან 48 საათში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც 24 საათიან ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.

აღასანიშნავია, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ოპერატულად გამოეხმაურა რუსული მედია, რომელთა ინფორმაციით, საქართველოს სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სირიიდან ჩამოსული მოჯახიდები პანკისის ხეობიდან რუსეთის ტერიტორიაზე აპირებდნენ გადასვლას.

ექსპერტი, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ქართული მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს, ვიდრე არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ძნელია წინასწარ დასკვნის გაკეთება.

„პანკისის ხეობის მოსახლოება თვითონვე ითხოვდა გამოძიებას და იმ ჯგუფის გამოვლენას, რომელთა ორგანიზებით ხდებოდა ახალგაზრდების გაყვანა. თუ დაკავებული იმამი არ იქნა გამოშვებული ისე, როგორც დანარჩენი სამი დაკავებული, ამის შემდეგ შეიძლება გავაკეთოთ კომენტარი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

კავკასიოლოგი, ალეკო კვახაძე ამბობს, რომ შსს-ს ანტიტერორისტულ დეპარტამენტში მოხდა პანკისის ხეობის 6 მკვიდრის დაკითხვა. მათ საცხოვრებელ ბინებში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა კომპიუტერები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. მისივე თქმით, მართლსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ არის, ჩხრეკის პროცედურაც კანონის ფარგლებში იყო ჩატარებული.

„ამ დრომდე პატიმრობაში რჩება ჯოყოლოს მეჩეთის ყოფილი იმამი. ხეობაში გავრცელებული ხმებით, ეს პირები იყვნენ ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები, ჩართული იყვნენ სხვადასხვა პროცესებში. სირიაში წასული ბიჭების ნათესავები ხელს ადებდნენ ბორჩაშვილის და მას აბრალებდნენ ამ ბიჭების სირიაში გაყვანას, თუმცა, ამაზე ხმამაღალი საუბარი არ მიდიოდა. შესაძლებელია, მართლაც ჰქონდეს კავშირი ახალგაზრდების გაყვანასთან, თუმცა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.