საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ხიდსაცდელი ცენტრის ხელმძღვანელი, თამაზ ცვარიანი თვლის, რომ გადაჭარბებულია საუბარი ვერეს ხეობის წალეკვის ალბათობაზე. ცვარიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში მომხდარს კავშირი არ აქვს გზის ახალი ესტაკადის არასაწორ მშენებლობასთან. მისივე განცხადებით, ტრაგედია გამოიწვია წყნეთის ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასამ, რომელმაც მდინარე ვერის ხეობა ჩაკეტა.
ბატონო თამაზ, იზიარებთ სპეციალისტების განცხადებას, რომ მომხდარს კავშირი არ აქვს გზის ახალი ესტაკადის არასაწორ მშენებლობასთან, რა დროსაც არ ყოფილა გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მშენებლობა დაიწყო მანამდე, ვიდრე შესწავლა დასრულდებოდა?
თამაზ ცვარიანი: მინდა გითხრათ, რომ წყნეთის ტერიტორიაზე ჩამოწვა დიდი მეწყერული მასა, რომელმაც ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა, დაგუბდა წყლის დიდი მასა, რამაც გამოიწვია წყალდიდობა. როგორც მეუბნებიან, დაახლოებით, 600 მეტრიანი გზის მონაკვეთი ჩავიდა ვერეს ხეობაში და ჩაკეტა ხეობა. ტრაგედიის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის მეწყერული მასის ჩამოწოლა და არა ის, პროექტი სწორი იყო თუ არა. რაც გინდა სწორი პროექტი ყოფილიყო, ასეთი ნაკადის შემთხევავში ყველაფერს წალეკავდა.
ანუ, თქვენ თვლით, რომ მომხდარს კავშირი არ აქვს ესტაკადის მშენებლობასთან?
– ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ესტაკადის ბრალი არაფერი არ არის. თუ ბრალეულობაზეა საუბარი, მაშინ უნდა ითქვას, რომ არასწორი იყო მონაკვეთების მიხედვით მდინარე ვერის გვირაბში მოქცევა. თვითონ ესტაკადის მშენებლობის პროექტს არ ვიცნობ, მაგრამ დაახლოებით ღამის 3 საათიდან ვიმყოფები შემთხვევის ადგილზე, მე რაც ვნახე, შემიძლია გითხრა, რომ რაც არ უნდა კარგად გააზრებული დათვლილი და საუკეთესო პროექტი ყოფილიყო, წუხანდელ სტიქიას ვერც ერთი პროექტი ვერ გაუძლებდა. ეს იყო მართლაც სტიქიური უბედურება.
იმისათვის, რომ არ მოხდეს ახალი ტრაგედია, რამდენად აუცილებელია ესტაკადის სრული რეკოსტუქცია? ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ თავის დროზე ესტაკადის მშენებლობა არასწორად მოხდა და რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე საუბრობს...
– შეიძლება ქალბატონი ნინოს განცხადება რაღაცა გათვლებს ეფუძნება, მაგრამ სანამ მე თვითონ არ გავაკეთებ დასკვნას, არ შემიძლია ვამტკიცო აუცილებელია თუ არა სრული რეკონსტრუქცია. მთავარია ერთი რამ, ყველაფერს სჭირდება მუდმივი მონიტორი. ამ ქვეყანაში არ არსებობდა და არც ახლა არსებობს ექსპლუატაციის წესები. იგივე ხიდების მაგალითზე გეტვით, რომ არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში გვაქვს ხიდები, რომელთა სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ ჩატარებულა.
რამდენად დიდია ტრაგედიის განმეორების ალბათობა?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, წინასწარ ძნელია ამის თქმა. ანალოგიური შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მდინარის მახლობლად. როგორც გითხარით, რაც მე ვნახე, ეს არ უკავშირდება ესტაკადას. ყველა უნდა ვიყოთ ყურადრებით, განსაკუთრებით მთავრობა და რაც მთავარია, უნდა ვიყოთ კანონმორჩილები.
დღესაც ძალიან ბევრი სადავო მშენებლობა მიმდინარეობს. ვჭრით ხეებს, სადაც არ უნდა ვჭრიდეთ, ვაშენებთ იქ, სადაც წესით, მიზანშეწონილი არ არის მშენებლობა და ა.შ. ამ ფაქტმა აჩვენა თუ არა, როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტი მზადდება, აუცილებელია არსებობდეს სპეციალისტების დასკვნა - თუ რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება კონკრეტულმა პროექტმა გამოიწვიოს?
– რა თქმა უნდა, და არა მარტო ასეთ მასშტაბური პროექტის შემთხვევაში, არამედ, როდესაც ერთსართულიან სახლს აშენებ, მაშინაც კი აუცილებელია შესაბამისი დასკვნა. გეოლოგიური და ჰიდროლოგიური სამუშაოებით იწყება ყველაფერი, რაც პროექტის შემადგენელი ნაწილია. ამ ყველაფრის მერე უნდა ჩატარდეს პროექტის ექსპერტიზა, დადებითი რეკომენდაციის შემდეგ უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ვერ ვიტყვით, რომ დღეს ეს ყველაფერი არ ტარდება და ისე მიმდინარებს მშენებლობა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად კვალიფიციურად ტარდება.
ვერეს ხეობის წალეკვის საფრთხეზეც გაკეთდა განცხადება, რამდენად სერიოზულია ეს საფრთხე?
– მე მგონია, რომ გადაჭარბებულია ეს შეფასება.