„ამ უბედურების ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები განხორციელდა“

„ამ უბედურების ერთ-ერთი ფაქტორია, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები განხორციელდა“

საქართველოში შესაძლოა, მშენებლობის დაწყებისთვის ნებართვის გაცემის წესი გამკაცრდეს. პარლამენტის შესაბამისს კომიტეტებს მშენებლობისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, არსებული კანონებისა და წესების სრულყოფილების შესწავლა დაევალა. კანონმდებლებს ცვლილებებზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ, მაგრამ მათ სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარი გამოიყოფა, რომელიც მთავრობას პრიორიტეტებზე გადანაწილებისთვის გადაეცემა.

როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, ხელისუფლებას თბილისში მომხდარმა სტიქიამ დაანახა, რომ საკანონმდებლო აქტები გადასახედია.

კანონმდებელის თქმით, თავის დროზე, მშენებლობის დაწყებისთვის ნებართვების გაცემასა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის თაობაზე, კანონმდებლობა ბევრად უფრო ლიბერალური გახდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს.

„ამ მიმართულებით გარკვეული საფრთხეები არსებობს და აპარატს დავალება აქვს მიცემული, რომ რაც შეიძლება დროზე, ტექნიკური ზედამხედველობის კანონი გავაანალიზოთ, რომელიც გაუქმდა, მაგრამ ეს მუხლი უსაფრთხოების კანონშია. არ შეიძლება, ექსპერტის გარეშე ნებართვა გაიცეს“, - აცხადებს კანონმდებელი.

ტყემალაძე არ გამორიცხავს, რომ ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენა გამოძიების საგანი გახდეს.

„ამდენი ადამიანია დაღუპული და ეს უნდა შევისწავლოთ, რადგან ამის არშესწავლა დანაშაული იქნება. გზა რომ გაკეთდა კარგია, მაგრამ ბევრი ამბობდა, რომ მშენებლობის წარმოება არ შეიძლებოდა და ეს ექსპერტების დასკვნით უნდა მომხდარიყო. წყალი, რომელიც მილში არ ეტევა, უბედურებას წარმოშობს. წყალმა თუ აიწყვიტა, მას ვერაფერი შეაკავებს“, - აცხადებს ტყემალაძე, რომლის პათოსს იზიარებს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

for.ge-სთან საუბარში ჟორჟოლიანი აცხადებს დაუშვებელია მიდგომა - „ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებს“ - ბუნებასთან უდიერად მოქცევას უმძიმესი შედეგები მოაქვს.

„ის მექანიზმები რადიკალურად უნდა გავამკაცროთ, რომლებიც წონასწორობის დაცვასა და რისკებისგან თავის აცილებას უზრუნველყოფს. გარემოზე ზემოქმედების კომპონენტები გათვალისწინებული უნდა იყოს. წინა ხელისუფლების პირობებში, ყველა რეგულაცია ზედმეტად ითვლებოდა, რაც ახლა რადიკალურად უნდა გამკაცრდეს, რომ რისკები იყოს გამორიცხული. ან, რა მშენებლობებია? ამბობდნენ, ევროპაში მივდივართო და ევროპაში ყველაფერი რეგულირებულია. თუკი კონკრეტულ ზონაში სამსართულიანი სახლის აშენება არ შეიძლებოდა, ფულის გადახდის შემთხვევაში, რვა სართულიან სახლს აგაშენებინებდნენ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა, რომლის მსგავსად, დამოუკიდებელი დეპუტატი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ გეოლოგების დასკვნებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

„მწვანეთა პარტიის“ ხელმძღვანელი გაჩეჩილაძე for.ge-სთან საუბარში ვერეს ხეობაში სტიქიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ტეროტორიაზე არსებულ მშენებლობებს ასახელებს და ამბობს, რომ იმ მშენებლობების განხორციელება დაუშვებელი იყო, რომლებიც ამ მიდამოებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა. მისი ცნობით, მდინარე ვერე მილში მოაქციეს, საიდანც წყლის გამტარუნარიანობა ზუსტად არ იქნა გათვლილი.

„მშენებლობებს ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაუვლია. ამ უბედურების ერთ-ერთი ფაქტორია ის, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები განხორციელდა. ძნელი სათქმელია, ასეთ სიტუაციაში სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ არის ვერსია, რომელსაც ვეთანხმები, რომლის მიხედვითაც, წყნეთი-ბეთანიას ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მდინარე გადაკეტა, წყალი დაგუბდა და გვიან ღამით გარღვევა მოხდა, რამაც წყალმოვარდნა გამოიწვია“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

კანონმდებელის პროგნოზით, საქართველოში სტიქიური მოვლენები უფრო გამწვავდება, რადგან გლობალური დათბობის შედეგად, საქართველოში უხვი ნალექისა და გვალვის პრობლემები არსებობს.

„საქართველოში სტიქიის არეალში 3000-მდე დასახლებაა მოქცეული. ოფიციალური მონაცემებია, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, 8000-მდე ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა და მეწყერის 5000-მდე შემთხვევა იყო. ამას სერიოზული ყურადღების მიქცევა უნდა, რადგან ეს ყველაფერი ჯამში უბედურებას იძლევა“, - აცხადებს დეპუტატი.

გაჩეჩილაძე თვლის, რომ ცხელი წერტილები უნდა გამოიყოს და სტიქიის დროს, ამ ტერიტორიების ევაკუაცია უნდა მოხდეს.

„ჩვენი გეოლოგიური სამსახურები ეფექტურად მუშაობენ და საფრთხის შემცველი ადგილები შესწავლილია. ცხელი წერტილები უნდა გამოიყოს და მაქსიმალური დაკვირვება უნდა მოხდეს. სტიქიის დროს, ევაკუაცია დაუყონებლივ უნდა მოხდეს. საჭიროა მეტეოროლოგიური პროცესებით ინფორმირება, რომ მოსახლეობისთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი არ იყოს. გაფრთხილების სისტემა უნდა არსებობდეს, რომ ადამიანები გადავარჩინოთ“, - დასძენს კანონმდებელი.

ზემოთ აღნიშნული დეპუტატებისგან განსხვავებით, ნაციონალი აკაკი ბობოხიძე მშენებლობებზე კანონმდებლობის გამკაცრების წინააღმდეგია. როგორც for.ge-ს ბობოხიძემ განუცხადა, ტერიტორიები უნდა მოინიშნოს, სადაც მშენებლობები არ შეიძლება, ხოლო სადაც მშენებლობა დაშვებულია, იქ ჩინოვნიკებმა ბიუროკრატიული ნორმები არ უნდა ჩადონ, რომ თავიანთ გადაწყვეტილებებს წონა და ფასი მისცენ, როგორც ეს შევარდნაძის დროს იყო. ბობოხიძის შეფასებით, ხელისუფლება უსაქმურობას მიჩვულია და ჯერ აცხადებდა, რომ მას ხელს სააკაშვილი უშლიდა, შემდეგ საკრებულოს წევრები, ხოლო ახლა სტიქია.

„ამ უსაქმურებს მიზეზების ძებნა არ დაელიათ. მშენებლობებზე კანონმდებლობა არ უნდა გამკაცრდეს. როდესაც ხელისუფლება ვერეს ხეობის პროექტზე საუბრობს, თუკი ამ თემაზე საუბარი შეიძლება, ვისაუბროთ, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ის მოიკითხოს „პანორამა თბილისის“ სამუშაოების დროს მთიდან მოჭრილ მასას ვერეს ხეობაში რატომ ყრიან?! ამ მასას თბილისის თავზე ყრიან და მდინარის კალაპოტი რომ მოდიდდეს, მერე სად მიდიან?“, - ინტერესდება ბობოხიძე.