„ჯიხვმა თქვა, ჩემს რქებს ზევით მარტო ღმერთი უნდა იყოსო“, - ეს ცნობილი მწერლისა და კოლორიტული პიროვნების ოტია იოსელიანის სიტყვებია. შესაძლოა, ესეც იყოს მისი პერსონის ძირითადი შტრიხი, მისი სვანური უდრეკი ხასიათის გამოვლინება. იგი ხომ საკუთარ თავს ზემოთ ვერავის ჰგუობდა, ღმერთის გარდა და სულ ზემოთ იყო, თავის ნისლებში გახვეული...
აკი ამიტომაც ატარებდა განუყრელ მუნდშტუკს, რომლის კვამლში მისი გარჩევაც კი ჭირდა. სამაგიეროდ, მიიჩნევდა, რომ ეს კვამლი აზროვნებაში ეხმარებოდა. როცა მუშაობდა, ჩაკეტილი ჰქონდა ყველაფერი და მუზა იმ კვამლთან ერთად ეწვეოდა...
16 ივნისს ოტია იოსელიანს 85 წელი შეუსრულდებოდა. წყალტუბოს რაიონის მშობლიურ გვიშტიბში ამ თარიღს მოწიწებით აღნიშნავენ, თუმცა მწერლის გარეშე, რომელმაც იმქვეყნად ბევრი განუხორციელებელი იდეა გაიყოლა.
სვანური ქუდის, ხელში ჩიბუხის, ბასრი სიტყვისა და სიმკაცრის გარეშე ოტია იოსელიანი წარმოუდგენელია, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი უხასიათობა საწყენად არ აღიქმებოდა. მასში ხომ სვანური გენეტიკა მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ მე-17 საუკუნეში სვანეთიდან იმერეთში გადასულ მის წინაპარს - ეზია იოსელიანს სვანეთთან უკვე წარსულიღა აკავშირებდა. განსაკუთრებულად უყვარდა სვანები, თავისუფლებისმოყვარე, მართალი ადამიანები - ნამდვილი სვანები სვანეთში ცხოვრობენ, სვანი, როლმელიც სვანეთს დატოვებს, სვანი აღარ არისო. მოფერება, დათმობა არ იცოდა, კომპრომისი არ შეეძლო, პატიება უჭირდა, იყო უღალატო და თავის მიერ შემუშავებული დევიზით ცხოვრობდა: „დათმე - ნიშნავს სამუდამოდ დაკარგო ის, რისი გულისთვისაც დათმე“.
ჯიხვი მისთვის საკრალური არსება იყო. „სვანურ ნოველებში“ საოცრად აქვს აღწერილი თავისუფლებისმოყვარე ჯიხვის ბუნება, რომელიც ვერც ტყვეობას ჰგუობს და ვერც თხების არვეს და, როცა წამოიზრდება, გაანგრევს შემოღობილს და ისევ ქარაფებს მიაშურებს იქ, მაღლა ღრუბლებთან, შურთხებთან, სადაც არც საჭმელია და არც სასმელი, მაგრამ თავისუფლებაა.
For.ge-სთან საუბარში მწერლის ქალიშვილი - მანანა იოსელიანი იხსენებს, რომ ბატონი ოტია ყველა ხელისუფლების ოპოზიციაში იყო. საერთოდაც, მარტო ხელისუფლების კი არა, ყველა ადამიანის ოპოზიციაში იყო, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ სწორად არ ცხოვრობდა.
„პირადულზე არ აკეთებდა აქცენტს. შვილები, შვილიშვილები რომ მივდიოდით, არასდროს შეგვეკითხებოდა, როგორ ხართ, რით ცხოვრობთ, რა გიჭირთ? შეგვხედავდა, გაუხარდებოდა, ოდნავ თუ გაიღიმებდა, ეს ნიშნავდა, რომ ძალიან გაუხარდა, ისე, ვერ შეატყობდით ვერაფერს და პირდაპირ საუბარი იწყებოდა სიტყვებით - „იქცევა ქვეყანა ახლა, ხომ?“ ბავშვობაში გვწყინდა მამის სიმკაცრე, მაგრამ მისი მოთხრობა „მეწინავე“ რომ წავიკითხე, მივხვდი, რატომ არ აღიარებდა შვილების აღზრდის თანამედროვე მიდგომას, მათ გაფუფუნებას, კომფორტს, არაფერზე პასუხისმგებლობას. ამ მოთხრობის მიხედვით, მეწინავე ჯიხვმა გადაწყვიტა ბარში, კარგ პირობებში ჩამოეყვანა ჯიხვები, ისინიც დასუქდნენ და ხედავს მეწინავე, რომ ჯიხვი აღარ ჰგავს ჯიხვს, უნდა, გააბრუნოს უკან ეს დამძიმებული ჯიხვები, მაგრამ ისინი უკვე ქარაფებზე ვეღარ ხტიან“.
ალბათ, არავის წარმოუდგენია უცხოეთში ბედნიერად მცხოვრები ოტია იოსელიანი. ქართული მიწა და ბუნებისმოყვარე მწერალი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. იტყოდა ხოლმე, საქართველოსგან განსხვავებით, პარიზში ანგელოზის კვალს ვერ ნახავთო. ამიტომაც არ ტოვებდა საქართველოს. „პუტინია თუ რასპუტინი, ვეთანხმები, ქართველები გამოყაროს აქეთ! სახლში დაეტიე და შენს გაჭირვებას შენვე მოუარე, კი არ გამოკეტო სახლის კარი!“ თბილისისკენ მიმავალ გზაზე დაუმუშავებელ მიწას თუ დაინახავდა, გული ტკიოდა. ამის წამალიც იცოდა, „ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო,“ რადგან ადამიანი მიწის შვილია და დედას რომ მოსწყდება, ყველა და ყველაფერი დედინაცვლად ექცევა.
„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე!.. ახლა სოფელში დარჩენა არავის უნდა, მიწაზე მუშაობა სათაკილო საქმედ მიაჩნიათ, ქალაქში ყოფნა კი პატრიოტობა ჰგონიათ. არადა, ქართველი კაცისთვის მიწის სიყვარულზე დიდი პატრიოტობა არც არსებობს და არც არავის მოუგონია, მიწათმოქმედი ერი ვართ ჩვენ და იმიტომ“.
ამბობენ, თავის სახლში არ შეუშვებდა ადამიანს, ვინც მის მასპინძლობას არ იმსახურებდა. ამ მხრივ არც მაღალჩინოსნებს წყალობდა. ერთხელ უცნობი მიადგა მის ჭიშკარს. ვინ ხარო - უკითხავს ოტიას, უცნობ მამაკაცს ხელები გადაუბრუნებია, დაშუშხული ჰქონია მუშაობით და მობრძანდიო - მაშინვე მიუგია დიდ მწერალს. თავის მხრივ, მოულოდნელ სტუმარსაც გულახდილობა გამოუმჟღავნებია და უთქვამს, ასე მითხრეს, რომ მიხვალ, ხელები აჩვენე, მაგი პასპორტს კი არ სინჯავს, არამედ იმას, თუ ვის როგორი ხელები აქვს და შეგიშვებს ეზოშიო.
ოტია იოსელიანის შვილიშვილი ზვიად შვანგირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გვიშტიბის სახლის ბატონ-პატრონი ახლაც ოტიაა. საფლავის ქვაზე კი, რომელიც მწერლის ხელით აგებული სახლის ეზოშივეა, ოტიას სიტყვებია წარწერილი - „ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ეს არის“.
„სიკვდილის შემდეგ ადამიანისგან რაც რჩება, ეს არის მთავარი, თორემ სანამ სააქაოს ხარ, დიდი არაფერი. ოტიამ 8-10 წელი იცხოვრა თბილისში, მაშინაც სულ მოძრაობაში იყო, საბოლოო ჯამში, 80-იანი წლების შუახანს, საერთოდ აიღო ხელი ქალაქზე. მიწის გარეშე არ შეეძლო. ეს იყო ადამიანი, რომელიც მუდმივად სოფელში უნდა ყოფილიყო, გაესხლა, დაემყნო, ყოველთვის რაღაცას ქმნიდა ბუნებასთან ერთად და ბუნების წიაღში. ვერ იტანდა უსაქმურ ადამიანებს. რაც დასათმობი არ იყო, არავის დაუთმობდა, არც ხელისუფლების წარმომადგენელს, არც ოჯახის წევრს. ამით ცდილობდა, გამოეფხიზლებინა მის გარშემო მყოფი მთვლემარე ადამიანები. ყოველგვარ უზნეობას აპროტესტებდა. მართალია, შვილებთან მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა და არც შვილიშვილებთან იჩენდა რბილ ხასიათს, მაგრამ მეოთხე შვილი - ანა რომ შემეძინა, ამბობდა, ეს ბავშვი ღმერთმა გამომიგზავნაო. ანა ახლა ხუთი წლისაა და ბაბუას ამდენი სიყვარული არასდროს არავის მიმართ არ გამოუხატავს. შესაძლოა, აქ ერის გამრავლების მომენტიც იყო. წლების მატებასთან ერთად უფრო დავახლოვდით, ძალიან მოსწონდა ისიც, რომ თბილისიდან აგარაკზე ჩავდიოდი და მიწას ვამუშავებდი. როგორ, კაცი აქვე, საკუთარ სოფელში მიწის დასამუშავებლად არ მიდის და შენ ჩადიხარ თბილისიდან და თოხნი და შენ შორს ჩადიხარ და ბარავო? მისი რჩევები ამის ირგვლივ ტრიალებდა და, რასაკვირველია, აუცილებლად ლიტერატურისა და ისტორიის განსჯა მიმდინარეობდა. როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი გავხდი, მოიწონა, ჟურნალისტებს აფასებდა, მიუხედავად იმისა, რომ ლანძღავდა კიდეც. ჟურნალისტებზე ამბობდა, რომ მათ მწერლის რაღაც სცხიათო, განსაკუთრებით, პრესის ჟურნალისტებს აფასებდა“, - ყვება ზვიად შვანგირაძე და ბაბუის ცხოვრების წესს ლევ ტოლსტოისას ამსგავსებს. ისევე, როგორც ტოლსტოი, ოტია იოსელიანიც იყო ძალზე მკაცრი, უკომპრომისო, ცხოვრობდა სოფელში და უყვარდა მშრომელი გლეხი. განსაკუთრებული სიყვარულით აღწერდა ქართველ გლეხს, თანაც, იმერელს.
ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ოტია იოსელიანის ხელით აშენებულ სახლს დღემდე შემორჩა მწერლის ხელით ჩამოკიდული ლევ ტოლსტოის პორტრეტი, ხოლო მწერლის კაბინეტში მის მაგიდაზე დევს ტოლსტოის სურათი. ამბობენ, ქალის ხასიათი ტოლსტოიმ მშვენივრად უწყოდაო. ასევეა, ოტია იოსელიანიც. ბევრს უკითხავს ქართველი მწერლისთვის, საიდან იცოდა ქალის ფსიქოლოგიური ნიუანსების შესახებ ასე ზედმიწევნით, როცა წერდა ბრწყინვალე რომანებს - „იყო ერთი ქალი“ და „ქალი გამოვიდა საღალატოდ“. რა იცოდა მან, როგორც მამაკაცმა, ქალის სულიერი განცდების შესახებ, რაც ტრიალებდა მის შიგნით ღალატთან და ოჯახის დანგრევასთან დაკავშირებით?! აღარაფერს ვამბობთ მწერლის მრავალმხრიობაზე, მის ნოველებზე, რუსეთსა და ევროპაში ანშლაგით დადგმულ პიესებზე, კინოსცენარებზე, ლექსებზე, ზღაპრებსა და მის მიერ აღდგენულ უძველეს და ურთულეს ჟანრზე - იგავ-არაკების სახით. და ამ ყველაფერს ემატებოდა ოტია იოსელიანის ხატვისა და მშენებლობის უზადო ტალანტი.
მწერალ გიზო ზარნაძეს პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ ხუმრობით „ოტიოლოგი“ შეარქვა. მას შემდეგ ეს სახელი ბატონ გიზოს შერჩა, თუმცა დარწმუნებლია, რომ თავის დროზე ნამდვილი ოტიოლოგიც გამოჩნდება. For.ge-სთან საუბარში გიზო ზარნაძე იხსენებს, რომ ოტია იოსელიანი სიმართლის მოყვარული კაცი იყო, იუმორის გამახვილებული გრძნობით. თუ დაუდარაჯდებოდით, ყოველ ხუთ წუთში რაღაც ახალს, სასაცილოს დაიჭერდით მისი ნაუბრიდან. თუმცა უცხოური სიტყვების გამოყენება არ უყვარდა. ამის შესახებ გიზო ზარნაძეს თავის ახალ წიგნშიც აქვს მოთხრობილი, სათაურით - „ასეთიც იყო ოტია“, რომლის პრეზენტაციაც 16 ივნისს გვიშტიბში შედგება.
„ერთხელ მივდივართ მაჩაბლის ქუჩით მწერალთა კავშირისკენ, ოტიას ძალზე ჩქარი სიარული უყვარდა და, როგორც არ უნდა მოგენდომებინა, ერთი ნაბიჯით მაინც ჩამორჩებოდი. ამ სიარულის დროს ერთი სტუდენტი გოგონა რაღაცას უყვება მეორეს - „გამასულელა, გო, ისეთი რაცხა მითხრა, დევიშოკე პირდაპირო“. ოტიამ ხელი მხარზე შეახო და მამაშვილურად წააწია, „კი, არ დეიშოკე, შვილო, ზაფრა გეცა ან დეიზაფრე, ქართულად ასეა“. „რაიო, გო, რა გითხრა იმ მოხუცმა?!“ - ეკითხება მეორე პირველს. „რავი, მგონი, ზაფრანას ვყიდიო“, - იყო პასუხი. ბატონ ოტიასთან რომ მიხვიდოდით, უმეტესად მასპინძელი ლაპარაკობდა, რადგან უყვარდა საუბარი. ჩემი დაკვირვებით, გამორჩეულ მწერლებს, დიდი მასშტაბის ხელოვან ხალხს, იშვიათად ჰყავთ თანგადაყოლილი მეგობრები. გალაკტიონიც ასე იყო, ასე იყო ოტიაც. უბრალოდ, მე შემატყო ცოტა მეტი ერთგულება. როცა შუა აზიაში ვიყავი, 50-იანი წლების ბოლოს, მაშინ დაიბეჭდა მისი პირველი ნოველები - „თეთრი ქალიშვილი“, „ჩქარი მატარებელი“, „ლევანა“ და სხვები. ვფიქრობდი, ნეტა, როდის ჩავალ თბილისში, გავეცნო-მეთქი, მოგვიანებით ტელევიზიაში რედაქტორად მიმიღეს და პირველივე გადაცემა ვცადე ოტიაზე, თუმცა მას არ ვიცნობდი. მივედი ჩიტაძის 11-ში, დავუკაკუნე, „ბატონი“ - იძახის ოტია, „ბატონოს“ არაფრით გეტყოდა. არ ვიღებ ხმას, „რომელი ხარ, შე ცეცხლმოკიდებულო, რატომ არ აღებ კარებსო“, - აქეთ დამიწყო ჩხუბი შიგნიდან. ბოლოს გამიღო კარი, „ოტია მინდოდა-თქო“. „51 წელიწადია, ოტია ვარ, იოსელიანი და რომელი ოტია გინდაო“. დამაბნია, თუმცა, როცა გავაკეთე გადაცემა, ძალიან მოეწონა და ცოტა ახლოს ვყავდი, სხვა დამწყებ მწერლებთან შედარებით. დედმამისეული არაფერი მქონდა სოფელში, მარტო მიწა იყო და მითხრა, შენ ისევ უნდა მოიკიდო ფეხი სოფელში, მოგცემ ფულს და პატარა ქოხი ჩადგი თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში. მართლაც, ახლა იქ მშვენიერი ოდა სახლი მიდგას“, - აღნიშნა გიზო ზარნაძემ და ისიც დასძინა, რომ ოტია იოსელიანის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, იშვილა მისი ქალიშვილი მანანა, ეს განსაკუთრებული ხასიათის პიროვნება, და უკვე წლებია, მანანა მას მამობილს უწოდებს, ის კი - შვილობილს.
ოტია იოსელიანისა და ნაციონალების მწყრალი დამოკიდებულების შესახებ მთელი საქართველოსთვის ცნობილია - „ბედნიერ ერს“ ხშირად ახსენებდა. ერთხელ ქართველ კორიფეებს მიმართა, „თქვენ - აკაკიმ, ვაჟამ, ილიამ მთაწმინდიდან გადმოხედვა რომ შეძლოთ, თავს თვითონ მოიკლავდით უმტროდ, უბერბიჭაშვილოდ, ისეთ დღეში ვართ“. სწამდა, რომ უნდა ყოფილიყო „შორს ძლიერთაგან ამა ქვეყნისათა“, მაგრამ პოლიტიკაში მაინც ერეოდა და ქვეყნის უბედურებას ამხელდა. ერთნაირად გულს უკლავდა „ინტერნეტთან მიერთებული თაობა“ თუ „ეროვნული გამოთაყვანება“, ე.წ. რეფორმები თუ ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები („თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არ აქვს ჩემს ტრადიციასთან, მორალთან და ისტორიასთან შედარებით“); გული წყდებოდა, რომ კვდებოდა და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვერ მოესწრებოდა. ამითაც იყო განპირობებული, რომ მწერლის დასაფლავებაზე ნაციონალური ხელისუფლებიდან არცერთი „მნიშვნელოვანი“ ფიგურა არ მისულა, ისევე, როგორც მწერლის პატივის მიგებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუაც გამოაკლდა სიტყვებით, რომ მას არ რცხვენოდა, რომ დაკრძალვაზე არ იყო და, საერთოდაც, დაკრძალვებზე სიარულის არანაირ ვალდებულებებს არ აღიარებდა. ხელისუფლების მხრიდან მწერლის ასეთი „დაფასება“ საამაყოა, რასაც ვერ ვიტყვით მოზღვავებულ ქართველ ხალხზე, რომლებმაც უკანასკნელ გზაზე გააცილეს საყვარელი მწერალი.
მანანა იოსელიანი: „ბოლო დღეებშიც კი არასოდეს უხსენებია სიკვდილი. რა თქმა უნდა, იცოდა ყველაფერი, რაც ელოდა. სიკვდილთან ასეთი შეხვედრა არასდროს მინახავს. მისი სული და ხორცი ერთმანეთს სამი დღე ებრძოდა, გაუტეხელი წავიდა ამ ქვეყნიდან, ერთი დაკვნესება, ოხვრა არ გაგვიგია. მანამდე კი, ცუდად რომ გახდა, დილით შევიდოდა ხატებთან, დაანთებდა სანთელს და არ ვიცი, რას ევედრებოდა ღმერთს, მერე გამოვიდოდა და ისევ დაწვებოდა. დავით აღმაშენებელს აღმერთებდა. სიმბოლური იყო, რომ თვითონაც გელათიდან გამოვასვენეთ. საერთოდ, გელათი ძნელად მისასვლელია, ტრანსპორტი ტაძრამდე არ მიდის, მიხვეულ-მოხვეული გრძელი გზებია. ვიფიქრეთ, გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავის გვერდით ერთი ღამით დასვენება ძალზე საპატიოა, მაგრამ იმ სიმაღლეზე როგორ უნდა ავიდეს ხალხი? მაინც გადავასვენეთ გელათში. სამი მეუფე ერთდროულად წირავდა. როგორ შეიძლება, დაკრძალვის ცერემონიალს ულამაზესი უწოდო, მაგრამ ნამდვილად ასე იყო, სვანი მოზარეების, ჩოხოსნების, მგალობლების თანხლებით. უამრავი ხალხი მოვიდა, გზა გადაიკეტა, ხალხი დაკიდულ აღმართზე ფეხით ამოდიოდა. უცებ, გავიხედე და ამ აღმართზე ამოვიდა ქალი ინვალიდის ეტლით, არავინ ეხმარებოდა. მას მერე გაოცებული ვარ, ამ ქალმა იმხელა გზა გამოიარა, რომ საყვარელი მწერლისთვის პატივი მიეგო. გამიხარდა, რომ საბოლოოდ მამაჩემი მაინც თავის სახლში „დაბრუნდა“. ეზოში დაკრძალვა მისი ანდერძისამებრ მოხდა, იცოდა, რომ ეს მისი კუთხისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. მართლაც, უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი სტუმრობს მის სახლს, რომელიც ჯერ მუზეუმადად არ არის ქცეული“.
მართალია, ოტია იოსელიანი სვანური სიმტკიცით შეეგება სიკვდილს, მაგრამ სააქაოსთან გაყრის განცდები მას შესანიშნავად აქვს გადმოცემული ერთ ლექსში:
„ფეხებთან სიკვდილი მომდგომია,
კარს მიმტვრევს უნდო აღსასრული
სულ ეს ყოფილა ჩემი ცხოვრება,
რა მალე მოვიდა დასასრული.
მაინც უძღებია კაცის გული,
ყველაფერს ელევა, სიცოცხლის გარდა,
ბრძოლა ამაოა, მალე დაეშვება
გარდაცვალების შავ-თეთრი ფარდა“.