226 შეწყალებული მსჯავრდებულიდან 46–ს სასჯელი შეუმსუბუქდა. შეწყალებულთა შორის 14 ქალბატონია და 1 არასრულწლოვანი. შეწყალებული მსჯავრდებულები სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, შეწყალებულთა ძირითადი მასა კი, მოდის ნარკოტიკულ დანაშაულზე, ეს არის შეძენა–შენახვა–მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერების კულტივირება და შემოტანა.
საერთო ჯამში, კომისამ 1329 განცხადება განიხილა, მათ შორის იყო „თელასის“ მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გია გვიჩიანის განცხადება. შეწყალების კომისიამ გვიჩიანს დადებითი რეკომენდაცია მისცა, თუმცა პრეზიდენტმა გვიჩიანის შეწყალებას ხელი არ მოაწერა. შეგახსენებთ, რომ გვიჩიანს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სააპელაციო სასამართლომ კი, რამდენიმე თვის წინ, ბრალდებულს სასჯელი ვადიანით შეუცვალა და 15 წლით განუსაზღვრა, საიდანაც მას 10 წელი აქვს მოხდილი.
როგორც გვიჩინის ადვოკატი, ირმა ჭკადუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შეწყალების კომისიამ გვიჩიანს ორჯერ მისცა დადებითი რეკომენდაცია, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა ორივე შემთხვევაში უარი თქვა გვიჩიანის შეწყალებაზე. მიზეზი, რატომ ამბობს პრეზიდენტი შეწყალებაზე უარს, ჭკადუასთვის უცნობია.
„პრეზიდენტს, რომელიც დღეს საქართველოს ჰყავს, საკამოდ დიდი როლი უნდა ეთამაშა სამართლიანობის აღდგენის კუთხით. სამწუხაროდ, ბატონი პრეზიდენტი აგრძელებს სამწუხარო ტრადიციას – საკუთარ ხალხთან იყოს ოპოზიციაში. ბატონ პრეზიდენტს, ალბათ, გააზრებული არ აქვს მისი უფლება-მოსილება.
პრეზიდენტი პატივს არ სცემს შეწყალების კომისიას, ვინაიდან შეწყალების კომისიამ ორჯერ მისცა რეკომენდაცია გია გვიჩიანის შეწყალებასთან მიმართებაში. პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რამხელა მაღალი პასუხისმგებლობა აქვს არა მარტო საკუთარი ინსტიტუტის წინაშე, არაემდ იმ ხალხის წინაშე, რომელმაც მას ხმა მისცა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
თავად გია გვიჩიანი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, რომ არ აპირებს მესამედ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რადგან იმედი აქვს, რომ მის უდანაშაულობას სასამართლოს გზით დაამტკიცებს.
რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა და დატოვებს თუ არა სექტემბერში საპატიმროს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გია გვიჩიანს ესაუბრა.
ბატონო გია, რითი ხსნით იმას, რომ შეწყალების კომისიამ ორჯერ მოქცათ დადებითი რეკომენდაცია, ამის მიუხედავად პრეზიდენტმა ორივეჯერ უარი თქვა თქვენს შეწყალებაზე...
– არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. თავისთავად საინტერესოა, როდესაც დამნაშავეებს იწყალებენ და უდანაშაულო ადამიანები ციხეში რჩებიან. უკვე მეორედ თქვა პრეზიდენმა უარი ჩემს შეწყალებაზე. ჩემი საქმე გავაცანი როგორც სახალხო დამცველს, ასევე შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს. ყველამ იცოდა, რომ უდანაშაულო ვიყავი და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება ჩემს შეწყალებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა თავი შეიკავა.
აპირებთ მესამდ მიმართოთ პრეზიდენტს?
- არა, უდანაშაულო ადამიანმა ორჯერ დავიმცირე თავი და ორივეჯერ უარი მითხრა პრეზიდენტმა. მეათე წელია ციხეში იმ დანაშაულისთვის ვზივარ, რომელიც არ ჩამიდენია და ამიტომ მივმართე. მესამეჯერ ნამდვილად არ ვაპირებ მიმართვას. ახალა მთლიანად გადართული ვარ სასამართლოზე, რომ სასამართლო განაჩენით დავადასტურო ჩემი უდანაშაულობა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი არ არის დარწმუნებული თქვენს უდანაშაულობაში?
- ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს შეეძლო მისი აპარატის წევრები, იურისტები გამოეგზავნა ჩემთან ციხეში. მას აქვს ამის უფლება. ჩემს საქმეს მთლიანად გავაცნობდი და დავარწმუნებდი ჩემს უდანაშაულობაში. ბუნებრივია, არ შემიძლია განვსაზღვო რატომ მიიღო პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა, მაქვს ასეთი ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი თვლის, რომ იწყალებს დამნაშავეებს და თუ უდანაშაულოა, მაშინ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო. სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლოში შეიძლება ვერ იპოვო სამართალი.
მინდა გითხრათ, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებიდან გამომდინარე, ამ კვირაში სარჩელი შემაქვს სააპელაციო სასამართლოში და ვითხოვ საქმის გადახედავას. ეს გახლავთ 2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ირიბი ჩვენება, როგორც მტკიცებულება. ჩემს საქმეში კი სულ ირიბი ჩვენებებია.
იმედი გაქვთ, რომ სასამართლოს გზით შეძლებთ თქვენი უდანაშაულობის დამტკიცებას?
- ბუნებრივია, ყველა ადამიანს ურჩევნია, რომ სასამართლოში დადგეს შედეგი, სასამართლომ გაამართლოს. რომც მომხდარიყო ჩემი შეწყალება, მე მაინც შემქონდა სარჩელი სასამართლოში, ვაპირებდი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, რადგან თბილისის ქუჩებში მკვლელის სახელით სიარულს არ ვაპირებ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამ საქმეში გავმართლდები და ვფიქრობ, რომ ჩემი გამართლება არ გადასცილდება სექტემბერ-ოქტომბერს. ჩემს საქმეზე ოთხი სასამართლო შედგა, ოთხივე სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა მხოლოდ ვარაუდებზე, ეჭვებზე და ლოგიკაზე.
ერთ-ერთი ლოგიკაა, რომელიც შარშან სასამართლომ გამოიყენა - ნიკა ჩემიას ბრალდება, რომ მან მკვლელობა მოამზადა ივლისის დასაწყისში და ამ პერიოდში უთვალთვალებდა ნიკა ლომინაძეს. ამ დროს ნიკა ლომინაძე არის ვენესუელაში. თბილისიდან ვენესუელაში თვალთვალი შეუძლებელია. სასამართლო გადაწყვეტილებაში კი წერია, ლოგიკას მოკლებულია ის, რომ თბილისიდან ვენესუელაში თვალთავლი არის შეუძლებელიო. ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია?!
თქვენ ამბობთ, რომ არ ხართ მკვლელი, მაშინ ვის შეიძლება მოეკლა ნიკა ლომინაძე?
- ოჯახის წევრებიდან გამომდინარე საქმეში არის გარკვეული ვერსიები, რომელიც ბუნებრივია, მე არ მიკავშირდება და სულ სხვა ვერსიებია. პროკურატურამ იცის ამ ვერსიების შესახებ, დანარჩენი უკვე პროკურატურის საქმეა. როგორც გითხარით, ახალი გარემოებების გამო სასამართლოში შემაქვს სარჩელი და ამის გარდა ველოდებით კიდევ ახალ გარემოებას.
სარჩელის შეტანიდან ორ კვირაში სააპელაციო სასამართლომ პასუხი უნდა გაგვცეს იღებს თუ არა ჩვენს შუამდგომლობებს. თუ საქმეს მიიღებენ წარმოებაში, სავარაუდოდ, პროცესი სექტემბრის დასაწყისში ჩაინიშნება. როგორც კი პროცესი დაიწყება, მაქსიმუმ 2-3 პროცესში სასამართლო გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.