12 დაღუპული, 24 უგზო-უკვლოდ დაკარგული – თბილისი სტიქიას ებრძვის

12 დაღუპული, 24 უგზო-უკვლოდ დაკარგული – თბილისი სტიქიას ებრძვის

დღეს ძლიერი წვიმა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თბილისში წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი.

დაკარგულად ითვლებოდნენ დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები და მათთან ერთად1 მყოფი 27 წლის სერგო კაპანაძე, რომლებიც დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, „თავისუფლების მოედნიდან“ ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემართებოდნენ. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. დაუზისტებელი ინფორმაციით ცხედარი ერთ-ერთი დისაა.

ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რის შედეგადაც ვოლიერებიდან გაიქცნენ მტაცებელი ცხოველები. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ამასთან, უხვმა ნალექმა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გამოიწვია მეწყერი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სტიქიით დაზარალებული არც ერთი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩება. 

„გმირთა მოედანი და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონაა. სახელმწიფო სტუქტურები, მერია, საკრებულო უწყვეტ რეჟიმში თანამშრომლობენ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩეს. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 25-ვე სამაჟორიტარო ბიურო საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მერიის შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფება“, –განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. თანხის კონკრეტულ ოდენობა თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზარალი რომელიც სტიქიის შედეგად დედაქალაქს მიადგა, საკმაოდ დიდია და მოითხოვს დროს, რათა ჩატარდეს აღდგენითი სამუშაოები. პრემიერის თქმით, ყველა სამსახურს, მათ შორის მერიის სამსახურებს, სამინისტროებს მიეცათ დავალება, შექმნან სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ყველა ოჯახს გაეწევა შესაბამისი დახმარება. 

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ასევე თბილისში ყველა კრიტიკულ უბანზე ტარდება გაწმენდითი სამუშაობი და პარალელურად ხორციელდება ზარალის დათვლა. ასევე ხდება იმ ოჯახების თავშესაფრებში გადაყვანა, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ. რაც შეეხება ზარალს, ზუსტ რიცხვზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, რადგან მისი დათვლა ახლაც მიმდინაროებს, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს გადააჭარბებს“, – აცხადებს მინდია ჯანელიძე.