„გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი „ვეტერანთა ლეგიონი: ომი ჰოსპიტლისთვის იქნება!“ ბოლო დღეების საზოგადოებრივი აზრის განსჯის საგნად იქცა. ვეტრანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გამომძიებლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს კიდევ ერთხელ უწოდა დაუზუსტებელი. „გამომძიებელი რეპორტიორის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა ფაქტი დოკუმენტურად აქვთ დადასტურებული, გადამოწმებული, შესწავლილი, კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციები აქვთ გავლილი და ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ადგილას დაიცავენ საკუთარ პოზიციას.
For.ge - მ რამდენიმე კითხვით მიმართა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ერთ-ერთ ავტორს ლია ტოკლიკიშვილს.
როგორც ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი აცხადებს, სამსახური პრეტენზიით მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. რას აპირებს „გამომძიებელი რეპორტიორი“ ?
- ჩვენ შეგვიძლია, არა მხოლო ქარტიას, არამედ ჩვენს ყველა კოლეგას ავუხსნათ და პროფესიულად დავუსაბუთოთ ის, რაც სამწუხაროდ, რთული გასაგები აღმოჩნდა ვეტერათა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორისთვის. ჩვენი პროექტის მთავარი პრინციპი არის მოპოვებული მასალის გადამოწმება, თუ არსებობს - დოკუმენტურად გამყარება, კონსულტაციების გავლა იურისტებთან ან გამოძიების თემასთან დაკავშირებული პროფილის სხვა სპეციალიტებთან - ერთი სიტყვით, ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც მუშაობს თანამედროვე საინვესტიგაციო ჟურნალისტიკა. ამიტომ, არ ვღელავთ და ველოდებით კონკრეტულ კითხვებს, რათა გავცეთ კონკრეტული პასუხები.
რამ აღაშფოთა ირაკლი შიხიაშვილი?
- ალბათ, იმან , რომ ჩვენ საჯარო გავხადეთ შემდეგი ფაქტები: სახელმწიფო სამსახურებს შორის არსებობს მიმოწერა ვეტერანთა ჰოსპიტლის შენობის დემონტაჟის მზადების შესახებ, თუმცა ამის უფლება არავის აქვს, რადგან ვერ წარმოგვიდგინეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ შენობა დემონტაჟს ექვემდებარება. შენობა, სინამდვილეში, კულტურის ძეგლია და ერთი საუკუნის არის. ჩვენ წარმოვადგინეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლითაც დასტურდება ამ შენობის ძეგლთა ნუსხაში არსებობა. გარდა ამისა, საჯარო გავხადეთ ადგილობრივი არჩევნების წინ, სწორედ, ირაკლი შიხიაშვილის მოწადინებით მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სამი მილიონის ამბავი - სამი მილიონი ჰოსპიტლისთვის გამოყვეს, მაგრამ როცა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, ამ სამი მილიონიდან ერთი თეთრიც კი არ მისცა ჰოსპიტალს და მისი ინტერესების დამცველ 73 000 ვეტერანს. საჯაროდ აღიარეს ქალაქის დღევანდელმა და მაშინდელმა მერებმა, რომ ირაკლი შიხიაშვილმა და მისმა საკრებულომ მაშინ უფლებებს გადაამეტეს, როცა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის მუნიციპალური ბიუჯეტის სოლიდური თანხა გამოყვეს. ერთი სიტყვით, ირაკლი შიხიაშვილს ბევრ უხერხულ შეკითხვაზე მოუხდება პასუხის გაცემა, მაგრამ ეს კითხვები მას მხოლოდ ჟურნალისტებმა კი არა, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაუსვან.
როგორც ვეტერანებმა „გამომძიებელ რეპორტიორს“ აცნობეს, დღეს ბატონმა შიხიაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია, დიახ, არ მოსწონს ჰოსპიტლის მუშაობა და მას ერთ თეთრსაც აღარ გადაურიცხავს. პრინციპი - „სახელმწიფო ეს მე ვარ!“ - ძალიან არაადეკვატური და სახიფათო განაცხადია ერთი სამსახურის ერთი უფროსისთვის.