ერთ-ერთ საფუძველს, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიიჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში დარღვეული იყო სიცოცხლის უფლების გამოძიება, წარმოადგენდა სწორედ ის ფაქტი, რომ ერთ საქმეზე მსჯავრდებულები მოთავსებული იყვნენ ერთ საკანში, რითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეეთანხმებინათ ერთმანეთისთვის პოზიციები, რაც არ შეესაბამებოდა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტს.
ამის მიუხედავად, ცნობილი ხდება, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 სპეცრაზმელი მატროსოვის ციხეში ერთ საკანში ჰყავთ მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ კორტების საქმე ორ ნაწილად გაიყო, სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. გავრცელებული ინფორმაციით, 7-ვე სპეცრაზმელთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება.
საქმის პროკურორის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, კანონით საპროცესო შეთანხმების უფლება ყველა სისხლის სამართლის საქმეზეა შესაძლებელი, თუმცა დღეის მდგომარეობით, კონკრეტულად შვიდი რიგითი სპეცრაზმელის საქმეზე რაიმე სახის შემამსუბუქებელი ღონისძიების ირგვლივ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული 7 ყოფილი სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსებას ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. თუმცა, რა მოტივით მოხდა მათი ერთად განთავსება, ამ სკითხთან დაკავშირებით გიორგი მღებრიშვილის უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდების მხარის მიერ წარადგენილ მტკიცებულებათა ნუსხას, სადავოს არ ხდის დაცვის მხარე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის პირობებში ბრალდების მხარის მტკიცებულებების დიდი ნაწილის გამოკვლევა არ მოხდება.
დაკავებული სპეცრაზმელების ადვოკატის, დავით დადიანის განცხადებით, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გააკეთებს განმარტებას, რატომ მოხდა 7 ბრალდებულის ერთ საკანში მოთავსება, მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს დაცვის მხარე განცხადებას.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების საქმის პროკურორის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს საკითხი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრეროგატივაა.
„ჩემთვის უცნობია ერთ საკანში არიან თუ არა მოთავსებული ბრალდებულები. პატიმართა განაწილება და მათი მოთავსება საკნებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომპეტენცია. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თუ რა პირობებში არიან ეს ბრალდებულები. როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებული პატიმრების მოთავსება ერთ საკანში არ ხდება. ზოგადად, ის, რომ პატიმრები იმყოფებიან ერთ პირობებში, არ მგონია, რომ პრივილეგიად განიხილებოდეს“, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი განმარტავს, რომ ერთ-ერთი საფუძველს, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიიჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში დარღვეული იყო სიცოცხლის უფლების გამოძიება, წარმოადგენდა სწორედ ის ფაქტი, რომ ერთ საქმეზე მსჯავრდებულები მოთავსებული იყვნენ ერთ საკანში, რითაც მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეეთანხმებინათ ერთმანეთისთვის პოზიციები, რაც არ შეესაბამებოდა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტს.
„იგივე პრობლემა არსებობდა სანდრო გირგვლიანის საქმეში, ადრე არსებული წესების მიხედვით აკრძალული იყო ერთი და იგივე საქმეზე ბრალდებული პირების ერთ საკანში მოთავსება, შემდეგომ მოხდა ამ წესის ცვლილება. ის, რომ ერთ საქმეზე მსჯავრდებულები მოთავსებული იყვნენ ერთ საკანში, ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიიჩნია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში დარღვეული იყო სიცოცხლის უფლების გამოძიება, ვინაიდან მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეეთანხმებინათ ერთმანეთისთვის პოზიციები, რაც არ შეესაბამებოდა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტს. ეს განჩინება არ ეხება მხოლოდ გირგვლიანის საქმეს, არამედ ეს არის საქართველოს ზოგადი ვალდებულება“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.