ცერცვაძემ და ჩინჩალაძემ ბრალდება უკან წაიღეს

ცერცვაძემ და ჩინჩალაძემ ბრალდება უკან წაიღეს

სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით იმსჯელეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ შეხვედრაზე. საბჭოს სხდომას დაესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვალერი ცერცვაძე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სასამართლოში კორუფციის რისკებზე ისაუბრეს.

დახურულ შეხვედრას ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმდომარ, ნინო გვენეტაძე, რომელმაც მოიკითხა კორუფციის რისკების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, თუმცა ბრალდების ავტორებმა კონკრეტული ფაქტები ვერ წარმოადგინეს. მეტიც, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ არც ერთ კონკრეტულ კორუფციულ სამართალდარღვევაზე საგამოძიებო უწყებებისთვის არ უცნობებიათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვალერი ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კორუფციის შესაძლო რისკები სასამართლოში აწეულია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ცერცვაძე აცხადებს, რომ როდესაც შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით განაცხადეს, კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრიათ.

„კონკრეტულ ფაქტებზე, კონკრეტულ მოსამართლეების გვარებზე საუბარი დღეს არ ყოფილა. საუბარი იყო, რომ ყველამ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს საფრთხეები შემდგომში აღარ იყოს. ჩვენ ვისაუბრეთ კორუფციის შესაძლო რისკებზე, რომელიც სასამართლოში აწეულია. ყველა წევრი შევთანხმდით, რომ პრევენციულ ნაბიჯებზე ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ და შესაბამისად, ასეთ სამუშაო ფორმატში უნდა დავსახოთ გარკვეული გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს კორუფციის საფრთხის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.

იმის მიუხედავად, რომ ჩინჩალაძემ და ცერცვაძემ კონკრეტული ფაქტები ვერ დაასახელეს, კორუფციის საფრთხეების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმა. პრევენციულ ღონისძიებებში იგულისხმება ყველა შესაძლო საფრთხეზე დროული რეაგირება, რომელმაც შესაძლოა, მოიცვას მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება და მათ შორის სასამართლო შენობების გაზრდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძეც ადასტურებს, რომ კონკრეტული ფაქტები არ დასახელებულა, თუმცა პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმა კორუფციის საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

„შეხვედრა იყო დახურული ფორმატის. ერთ-ერთი საკითხი იყო შესაძლო კორუფციული სამართალდარღვევების პრევენციული ღონისძიებები. ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შევიმუშავებთ მართლმსაჯულების სტრატეგიას, სადაც კორუფციის პრევენციებთან დაკავშირებით გვექნება ცალკე დიდი თავი გამოყოფილი და ჩამოვწერთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს იმ მოლოდინების გაქარწყლებას, რომელიც შესაძლო კორუფციული ფაქტების არსებობას უკავშირდება“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

იურისტები ჩინჩალაძის და ცერცვაძის ხმაურიან განცხადებას „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს უკავშირებენ, რომლის მიხედვით, შემოდის სადიციპლინო სამართალწარმოებაში ინსპექტორის თანამდებობა, რომელიც ევროპის ნახევრაზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო იმ ჯგუფის მიერ, რომელთა საქმიანობაში არის დანაშაულის ნიშნები და რომლებიც ლობირებდნენ უკანონო განაჩენების გამოტანას.

„ეს ადამიანები უნდა მიცემული იქნენ პასუხისგებაში და მათ არ უნდა ჰქონდეთ პარპაშის შესაძლებლობა, რადგან, მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. თუკი ჩინჩალაძეს და ცერცვაძეს ჰქონდათ ეს ფაქტები, ის ვალდებული იყო წარმოედგინა დამადასტურებელი დოკუმენტები. სხვა შემთხვევაში, აქ ან ცრუ დასმენასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან, რაც მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციას.

სასამართლოს დისკრედიტაცია აწყობთ მათ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა, რომლებმაც წლების განმავლობაში ნდობა დაუკარგეს სასამართლოს, დღეს სხვადასხვა ფორმებით და მეთოდებით ცდილობენ აღიდგინონ ნდობა და ასეთი პროვოკაციული განცხადებით დაიმკვიდრონ თავი. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ პროვოკაციულ ინფორმაციას, სახელმწიფო უწყებაში არ უნდა მუშაობდნენ“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.