კაბელების საიდუმლო

კაბელების საიდუმლო

მთავარმა პროკურატურამ საკუთარ საჩივარს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. საქმე ეხება ე.წ. კაბელების საქმეს და კონკრეტულად, იმ საჩივარს, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. საქმის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ამ საჩივრის დეტალები. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებასაც ამ საკითხზე, მომავალში, საიდუმლო გრიფი დაედოს.

ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას გამოუთხოვია წერილები და ინფორმაცია კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რითაც ცდილობს დაამტკიცოს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს შეეძლო, საიდუმლო, გრიფდადებული დოკუმენტის დამოუკიდებლად გადაგზავნა ნებისმიერი მესამე პირისთვის და ამ შემთხვევაში კომპანია „დელტა კომისთვის“, რომელსაც ქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება.

როგორც ბარათაშვილი აცხადებს, 2014 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, მოქმედი კანონის თანახმად, მე-20 და 21-ე მუხლები გარკვევითა და მკაფიოდ ამბობდა, რომ საიდუმლო, გრიფდადებული დოკუმენტის გადაცემა დაიშვება მხოლოდ უშიშროების სამინისტროს, მოცემულ შემთხვევაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში.

„ამგვარი თანხმობა არ არსებობს. ისინი მიუთითებენ მთავრობის 305-ე დადგენილებაზე, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვებას ეხება და არა საიდუმლო დოკუმენტის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ასე რომ ყოფილიყო, მაშინ პროკურატურას თვითონვე უნდა გადაეწყვიტა თავის დროზე, რომ ადვოკატები დაეშვა საიდუმლო დოკუმენტაციასთან და არ უნდა გადავემისამართებინეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. ეს არის სრულიად ნათელი და მარტივი საკითხი. აი, ამის დაფარვას ცდილობს პროკურატურა.

მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით თვითონვე მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც დაედო საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნას. საიდუმლო დოკუმენტი გადაუგზავნა მესამე პირს, ანუ „დელტა კომს“, რითაც დაარღვია კანონის საიდუმლოების შესახებ. ამიტომ, პირველი სასამართლო ინსტანციის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის სასაქონლო და საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, არის აბსოლუტურად კანონიერი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

ადვოკატი კატეგორიულად მოითხოვს ბრალდების მხარისგან, რომ მოხსნას საჩივარს გრიფი „საიდუმლო“, რადგან მისი თქმით, ეს არის მხოლოდ იარაღი და მანიპულირება პროკურატურისა, რომ როგორმე დაფარონ თავიანთი უკანონობა.

სოსო ბარათაშვილის განცხადებას, საგანგებო განცხადებით უპასუხა ბრალდების მხარემ. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებების ძირითად ნაწილს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“, ხოლო დოკუმენტების მცირე ნაწილი, ვინაიდან მოიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, დარჩა საიდუმლოდ. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებით, მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის დაწყებისას დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და წინასასამართლო სხდომა გამოაცხადა დახურულად და საქმის განხილვა გაგრძელდა დახულულ რეჟიმში, ვინაიდან ხსენებულ საქმეზე დართული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები.

„რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, თითქოსდა, პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, არის აშკარა ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი, რომ საიდუმლო განჩინება გაესაჩივრებინა არასაიდუმლო საჩივრით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყავით ვალდებული ჩვენი საჩივრისთვის მიგვენიჭებინა საიდუმლო გრიფი, რომ არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი დაცვის მხარისათვის, ვინაიდან ისინი უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ესწრებიან დახურულ სასამართლო სხდომებს, რომელიც დაიხურა მათივე შუამდგომლობის საფუძველზე“, - აცხადებენ პროკურატურაში.

სოსო ბარათაშვილის განცხადებით კი, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სასამართლოს განჩინება სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის თაობაზე არის საიდუმლო დოკუმენტი, სიმართლეს არ შეესაბამება. ბარათაშვილის განცხადებით, საფუძველს არ არის მოკლუბული, რომ პროკურატურამ თავის საჩივარს, რომლითაც გასაჩივრდა აღნიშნული განჩინება, თავადვე დაადო გრიფი. 

„ეს მითუმეტეს გასაკვირი და მიუღებელია, როდესაც ნათელია, რომ არც ის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი, არც ექსპერტიზის დაკითხვის ოქმები, არც კომპანია „დელტა კომის“ საიდუმლო დოკუმენტები არ არის საიდუმლო მტკიცებულება. პროკურატურა ცდილობს, რომ საზოგადოებისთვის დაიფაროს ამ განჩინების შინაარსი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყოს საიდუმლო დოკუმენტი“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

მთავარი პროკურატურის მიერ საკუთარ საჩივარზე საიდუმლო გრიფის მინიჭების საკითხზე დღესვე „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში პარტიის ლიდერმა და საქმის ადვოკატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, აქვს თუ არა ირაკლი ალასანიას მტკიცებულებები ივანიშვილისა და მოსამართლეების შეხვედრის თაობაზე, რაზეც ალასანიამ განაცხადა, რომ მტკიცებულებების მოძიების პროცესშია. ამასთან, ალასანია ამტკიცებს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

„ამ საკითხში ასევე ჩართულია ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომლის კომუნიკაცია შედგა დაინტერესებულ მხარეებთან. ფარცხალაძე არც არასდროს ჩამოშორებია პროკურატურის საქმიანობას, თუმცა ამ საქმეში მისი ჩართულობა განსაკუთრებით დიდია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის როლს, მას ორჯერ ჰქონდა შეხება საქმის მოსამართლესთან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ადგილი ჰქონდა ზეწოლას. მეტიც, ინფორმირებული ვარ იმ მოსამართლის ვინაობის შესახებაც, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმე უნდათ  დააწერონ“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე, დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო პროკურატურის მთავარი მტკიცებულება, კერძოდ სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა.