სოფელ ახატნის მოსახლეობა კვლავაც გზის საფარის მოლოდინშია

სოფელ ახატნის მოსახლეობა კვლავაც გზის საფარის მოლოდინშია

ისტორიულად, დუშეთის რაიონის სოფელი ახატანი სვეტიცხოვლის საკუთრებად ითვლებოდა და იქ ყმა-მამულები ჰქონდათ საამილახვროს თავადებს. თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ეს ულამაზესი სოფელი, თავისი ეკლესიებით, დღესდღეობით მიტოვებულია.

წინასაარჩევნო დაპირებებით თავმობეზრებული ახატნის მოსახლეობა პრობლემებზე ღიად საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტს მათთვის არ სცალია, ამიტომ უმჯობესია, მათი სოფელი მცხეთის რაიონს მიაკუთვნონ, რადგან მცხეთის მუნიციპალიტეტი უფრო ზრუნავს თავისი სოფლების კეთილდღეობაზე.

სოფელ ახატნის მკვიდრი სოსო ღარიბაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სოფლისთვის ყველაზე მტკივნეული გზის საფარის არარსებობაა, მათკენ არ დადის არანაირი ტრანსპორტი და უგზოობის გამო მძღოლებმა ახატანში ასვლაზე უარი განაცხადეს. ამასთან, მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს, როდის დაიგება გზა და როდემდე უნდა იარონ მათმა შვილებმა ფეხით სამი კილომეტრი სოფელ ბიწმენდამდე, რათა უგზოობისა და ახატანში სკოლის არარსებობის გამო ბავშვები უსწავლელნი არ დარჩნენ.

„გზას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დუშეთის მთავრობა რას აპირებს, არ ვიცით. გვპირდებიან, ტენდერი გამოცხადებულია და დაიწყება გზის მშენებლობაო, მაგრამ ვერ დაადგა საშველი. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს უნდა დაგებულიყო ეს გზა. მარტო დაპირებებია, მეტი არაფერი. ჩვენი პატრონი დღემდე არ ჩანს. ახატნის გამგეობაში გვითხრეს, ისევ საკუთარი შესაძლებლობით თუ გავიყვანთ გზებს, თორემ სხვა საშუალება არ გვაქვსო. როგორც ვიცი, ამ გზისთვის 700 ათასი ლარია გამოყოფილი. არჩევნებამდე დუშეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ტრიპოლსკიც დაგვპირდა დახმარებას, არჩევნების მერე კი არ ჩამოსულან“, - აღნიშნა სოსო ღარიბაშვილმა.

For.ge ესაუბრა სოფელ ახატნის პირველი კლასის მოსწავლის მშობელს- მეგი ხოსრიაშვილს. მანაც დაადასტურა, რომ ბავშვების სკოლაში გაშვება პრობლემაა, მშობლებს ეშინიათ, რადგან სამ კილომეტრს ფეხით გადიან მათი შვილები, შემდეგ- სხვა ტრანსპორტს მისდევენ, ჩვეულებრივ, სამარშრუტო ტაქსებს, რადგან მათი შვილებისთვის სასკოლო ავტობუსები არ არსებობს. საბავშვო ბაღზე ლაპარაკი ზედმეტია. მათ სოფელში სკოლამდელი დაწესებულება არ არსებობს.

„წინათ სამარშრუტო ტაქსი მაინც ამოდიოდა, რომელსაც დაჰყავდა ჩვენი შვილები. ახლა აღარც ის ამოდის, რადგან გზა ნიაღვარმა ჩაიტანა. ასეთი ჩამორჩენილი სოფელი, მე მგონი, საქართველოში არც არსებობს. არც გაზი გვაქვს, არც სასმელი წყალი, არც გზა. სკოლასა და სამედიცინო პუნქტზე აღარ მაქვს საუბარი. გვირჩევნია, მცხეთის რაიონს მიგვაკუთვნონ, იქ უფრო მოგვხედავენ, მაგრამ ჩვენი რაიონის გამგეობა ამაზე უარს ამბობს. არ აწყობთ და არც არაფერს გვიკეთებენ. დუშეთის მუნიციპალიტეტი უყურადღებობას იჩენს, შევხვდით დუშეთის გამგებელს - ბატონ გიზო ჩოხელს, რამდენჯერმე იყო ამობრძანებული, იმდენჯერვე პირობა მოგვცა, რომ გზას აუცილებლად გააკეთებდა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა. სინამდვილეში, არსებული გზაც უარესდება. სულ რაღაც 4-კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, შიდა გზებს ვიღა ჩივის. ასევე, შეგვპირდნენ, სკოლასა და სამედიცინო პუნქტს. როგორც წესი, არჩევნების წინ ხდება ხოლმე დაპირების მოცემა და არჩევნების შემდეგ ამ სოფლის არსებობას ივიწყებენ. ნაციონალებმაც და „ოცნებამაც“ ჩვენგან მხოლოდ ხმები წაიღეს“,-აღნიშნა მეგი ხოსრიაშვილმა.

ჩვენ ვესაუბრეთ ახატნის გამგებელს, ედიშერ საძაგლიშვილს. მან აღნიშნა, რომ ბიწმენდიდან ახატანთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მოასფალტებაზე, (2 კილომეტრსა და 300 მეტრზე) ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ტენდერის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული.

„სავარაუდოდ, ერთ თვეში უნდა დაიწყოს გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, როდის დასრულდება, არ ვიცი. ეს ტენდერის პირობებში იქნება ასახული. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ეს უკვე თავად ამ კომპანიის გადასაწყვეტია, შეიძლება, 2017 წლისთვის ან უფრო ადრეც ჰქონდეთ ახატანში გაზი. სასმელ წყალთან დაკავშირებითაც გამოცხადდა ტენდერი, ამ მხრივ მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ გარემოს დაცვასთან რაღაც პრობლემა შეიქმნა და ეს საკითხიც გადაწყდება. არჩევნებამდე გაცემულ დაპირებებს თანმიმდევრობით ვასრულებთ, წლების მანძილზე არაფერი კეთდებოდა და დრო სჭირდება ყველაფერს“,-აღნიშნა ახატნის გამგებელმა.

ჩვენ დავინტერესდით, გზის საფარის დაგებამდე ვინ უზრუნველყოფდა ახატნელი სასკოლო ბავშვების უსაფრთხოებას და დაენიშნებოდათ თუ არა მათ სასკოლო ავტობუსი. ამის შესახებ გამგებელმა აღნიშნა, რომ ავტობუსისთვის მეტ-ნაკლებად გამოინახება შესაძლებლობა, მაგრამ პრობლემაა, რომ ადგილობრივებს სხვადასხვა სოფლის სკოლაში დაჰყავთ შვილები, მათ შორის, ბიწმენდში და გალავანში, რომლებიც ტერიტორიულად სხვადასხვა ადგილზე მდებარეობს.

ჩვენ დავუკავშირდით დუშეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ტრიპოლსკის. მისმა თანაშემწემ გადმოგვცა დეპუტატის დანაბარები, რომ ახატნის პრობლემას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელი უკეთესად განმარტავდა.

For.ge ვაჟა ჩოხელსაც დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ ბიწმენდი-ახატნის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი, ანუ საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ტენდერის პირობების ნახვა შესყიდვების სააგენტოს საიტზეც შესაძლებლია. მისი თქმით, ბიწმენდი-ახატნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის მოასფალტება თანამედროვე ტიპის იქნება და ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე 29 ივნისს დასრულდება.

„უკვე უნდა დაიწყოს გზის საფარის სამშენებლო სამუშაოები. დამატებით, სოფლის შიგნითაც კეთდება სასმელი წყალმომარაგების სისტემა. რაც შეეხება სკოლას, წლების განმავლობაში ბავშვები ბიწმენდში დაჰყავდათ და ახლაც სკოლის აშენება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, ისევე, როგორც სასკოლო ავტობუსები“.