საწვავის ფასი მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს

საწვავის ფასი მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს

სულ რამდენიმე დღეა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასი გაიზარდა, მაგრამ უკვე მორიგ გაძვირებაზეა საუბარი. საერთაშორისო თუ ადგილობრივი მიზეზების გამო, მენავთობეებს ფასის შენარჩუნება უჭირთ.

თუ ლარის კურსზე მოქმედი ფაქტორები არ დასტაბილურდა საწვავის ფასის შესანარჩუნებელი რესურსი აღარ იქნება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ დღევანდელ პირობებში ბენზინსა და დიზელზე ფასის შენაჩუნება ძალიან ძნელია.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, არსებული ტენდენციებით საერთაშორისო ფასი არ იკლებს და ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვნად, თითქმის, 80 დოლარითაა მომატებული. ახლაც ფასები არადამაიმებელ დიაპაზონშია და მატებისკენაა. მთვრალაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსის დინამიკაც ყველასთვის ცნობილია და ეს ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწვავის ფასებზე.

ნავთობის გაძვირება ორშაბათიდან ახალი ძალით დაიწყო და გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა წელს პირველად გადააჭარბა 67 აშშ დოლარს. ბოლოს ასეთი ფასი აღნიშნული ტიპის ნავთობზე შარშან დეკემბერში დაფიქსირდა. ანალიტიკოსების შეფასებით ნავთობის ფასზე მზარდი გავლენის ერთ-ერთი მიზეზია ჩინეთში ეკონომიკური ზრდის განახლება.

ვანო მთვრალაშვილი იმედოვნებს, რომ ლარის კურსი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება და ასევე სტაბილურობა იქნება საერთაშორისო ბაზრებზე რაც იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში ფასი არ გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში ნავთობიმპორტიორებს აღარ ექნებათ რესურსი, რომ არსებული ფასი შეინარჩუნონ.

აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ საწვავის ფასები, არამედ ზოგადად დოლარზე მიბმული ყველა სექტორი იგივე მდგომაროებაშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ხაზს უსვამენ, რომ მენავთობეები ყველაზე მოთმინებით აკვირდებიან სიტუაციას და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ხდება ფასების გადახედვა.

ამ დროს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლარის სტაბილურობს და ცოტ-ცოტა გამყარებას პროგნოზირებს. როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია გაწეული საპრივატიზაციო მიმართულებით, არის ხელშესახები შედეგები და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში ტურიზმის ზრდისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად.

„ამიტომ მე მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბოლო ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ცოტათი გამყარდა და ამჯერად 2,31-ის ფარგლებშია. სავარაუდოდ, ასეთი ტენდენცია უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება, მაგრამ რამდენად იკმარებს ნავთობპროდუქტებზე ფასის შესანარჩუნებლად ძნელი სათქმელია.