საქართველოში, 14-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრამდე, იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს სახელწოდებით „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, თბილისი ინვესტორებს თავს წარუდგენს“. სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 3000 მონაწილე და ფინანსთა ოცი მინისტრი დაესწრება, საქართველოსთვის საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სტიმულირებისა და ფონდების მოზიდვისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.
მიმდინარე წლის 14 და 15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თავის ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოში გამართავს, რომელსაც კავკასიის ქვეყანაში დაახლოებით 3000 მონაწილე და ფინანსთა ოცი მინისტრი დაესწრება. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სტიმულირებისთვის და ფონდების მოზიდვისთვის ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც გასულ წელთან (4.8%) შედარებით ნაკლებია. 2015 წლის პერსპექტივაში საუბარია 2%-ზე. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ANSA-სთან საუბრისას აცხადებს, ეს გამოწვეულია "ერთი მხრივ, უკრაინასა და რუსეთში ჩვენი ექსპორტის შემცირების გამო, რაც გასულ წელს დაიწყო და 2015 წლის დასაწყისშიც გრძელდება, ხოლო მეორე მხრივ, ფულადი გზავნილების შემცირებით (დაახლოებით - 27% წინა წელთან შედარებით), რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენს და ასევე, ლარის დევალვაციით - დაახლოებით 27-28%)". ლარის კურსის ვარდნა, როგორც მინისტრი ხსნის, "შეესაბამება მსგავს პროცესებს, რაც ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთსა და აზერბაიჯანში განვითარდა, ხოლო გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც განიცადეს რუსეთმა (-200%) და უკრაინამ (-300%)."
საქართველო, როგორც ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსტროს ხელმძღვანელმა, რომელსაც ამავდროულად ვიცე-პრემიერის პოსტიც უკავია, ყველა შესაძლებლობას იყენებს: "ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკური პოლიტიკა, დაბეგვრის ძალიან დაბალი პროცენტი, ძალიან მცირეა ბიუროკრატული ელემენტი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ჩვენს ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, არსებული ეკონომიკური ვითარება რეგიონში რთულია: უკრაინის კრიზისმა და ნავთობზე ფასების ვარდნამ სერიოზული გავლენა იქონია ჩვენი მეზობელი ქვეყნების: რუსეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის ეკონომიკაზე და რეგიონში უცხოელი ინვესტორების ინტერესის კლება გამოიწვია".
სანაცვლოდ, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35% -ით გაიზარდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წყალობით "ჩვენს ქვეყანაში უცხოელ ინვესტორებს მეტი შესაძლებლობები მიეცემათ“.
კარგი პერსპექტივებია აგრეთვე ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში: საქართველოს ტერიტორიაზე გადის არა ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სარკინიგზო ქსელი. დამაჩქარებელი ნაბიჯი იქნება ასევე "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" პროექტი, რომელიც ჩინეთიდან აიღებს სათავეს. ამ სახმელეთო გზის წყალობით, რომელიც გადაკვეთს ცენტრალურ აზიას და ირანისა და თურქეთის გავლით ევროპას მიაღწევს და რომლის მეშვეობითაც განხორციელდება ჩინეთის პროვინცია Xinjiang-იდან კასპიის გადაკვეთით, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის გავლით საქართველომდე საქონლის გადაზიდვა, მოხდება ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის განახევრება.
ამავე დროს, მინისტრი გვახსენებს "მილიარდობით დოლარის ღირებულების პროექტებს, რომლებიც ნავთობსადენებს უკავშირდება და ასევე მნიშვნელოვან ინვესტიციებს ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების სფეროში, რაც ძირითადად, დაკავშირებულია ჩვენს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთან, თურქეთთან თანამშრომლობასთან."
ბატონი კვირიკაშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ უახლოესი ათი წლის პერიოდში "საქართველო იქნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყანა". მნიშვნელოვანია ბოლო მცდელობა შექმნილიყო საექსპორტო კრედიტის სააგენტო. იტალიური სადაზღვევო-საფინანსო ჯგუფი SACE, რომელიც საწარმოების ინტერნაციონალიზაციის კუთხით მოღვაწეობს, ქვეყანასთან ითანამშრომლებს გაფორმებული საკონსულტაციო ხელშეკრულების საფუძველზე. „უფრო მეტად გვჭირდება იტალია“ - აცხადებს მინისტრი. „ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, SACE ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი იქნება ჩვენს შორის". იტალიური გამოცდილება ფასდაუდებელია ჩვენთვის - ასკვნის მინისტრი. (ANSA).
http://www.ansa.it/nuova_europa/it/notizie/rubriche/pmi/2015/05/04/meeting-annuale-bers-tbilisi-si-presenta-agli-investitori_abb21c56-a704-4017-9118-0f48a1d98360.html