დასავლური კომპანიები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან კასპიისპირეთით

დასავლური კომპანიები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან კასპიისპირეთით

2014 წლის 25-28 მარტს for.ge-ზე გამოვაქვეყნეთ 4 წერილი, სადაც შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ „...სულ უფრო აქტუალური ხდება  ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის, რაც შეიძლება სწრაფად დაწყების თემა, რათა ბრიუსელი ნაკლებად იყოს გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. ზოგიერთ პუბლიკაციაში, ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ „პანაცეადაა“ მიჩნეული“ (ზ. გარაყანიძე, „მშვიდობით (გაზის) იარაღო!“ http://for.ge/view.php?for_id=31677&cat=2). იქვე ჩვენ მივუთითებდით, რომ ჯერ-ჯერობით 2013 წლის ბოლოსთვის, აშშ-დან თხევადი გაზის ექსპორტის ლიცენზია მხოლოდ ორ კომპანიას ჰქონდა მიღებული და ამიტომ ევროპის ენერგობაზარზე „გაზპრომისადმი“ კონკურენციის გამწვავება, მით უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე ტრანზიტის შეწყვეტა და ახალი, „თურქული ნაკადის“ პროექტი დააანონსა, მოსალოდნელი არ იყო. თუმცა, საექსპორტო ლიცენზიის „მაძიებელთა“ რიცხვი ამერიკაში სწრაფად იზრდება. ამიტომ, ამ ქვენიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტი არა მარტო „გაზპრომს“, არამედ საქართველოზე გამავალ ევროკავშირის „გაზის მეოთხე დერეფანსაც“ ემუქრება.

ამერიკელთაცისფერი ოცნება

ა/წლის 26 აპრილს „ტელეგრაფმა“ დასტამბა ამბროს ევანს-პრიტჩარდის (Ambrose Evans-Pritchard, International Business Editor, Houston) წერილი: „შტატები გლობალური ენერგოდომინანტობის მიზნით გაზის ექსპორტის ბლიცში ებმება“. მასში მითითებულია, რომ წელს აშშ-ს ენერგეტიკული დეპარტამენტი ემზადება თხევადი გაზის ექსპორტის ნებართვების მასიურად გაცემისათვის, იმ მიზნით, რომ მსოფლიო გაზის ბაზარზე შეამციროს რუსეთის დომინირება (ბოლო მონაცემებით, „გაზპრომს“ ევროპის გაზის ბაზრის 39% უკავია). „ტელეგრაფს“ მიაჩნია, რომ ამით აშშ ენერგობაზარზე თხევადი გაზის გეოპოლიტიკურ „ღვარცოფს“ გამოიწვევს (http://www.telegraph.co.uk/finance/newsbysector/energy/11563761/US-to-launch-blitz-of-gas-exports-eyes-global-energy-dominance.html).

აშშ-ს ენერგეტიკის მდივნის ერნესტ მონიზის ინფორმაციით, ამერიკაში ამჟამად  თხევადი გაზის ოთხი ტერმინალის მშენებლობა დამამთავრებელ სტადიაზეა. ქ. ჰიუსტონში (ტეხასი) მიმდინარე ენერგოსამიტზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ გაზის ტანკერებით ტრანსპორტირების პირველი „ტალღა“ უკვე ამ წლის ბოლოს დაიწყება. მისი აზრით, ამ ათწლეულის ბოლოსთვის თხევადი გაზის ექსპორტით აშშ გაუთანაბრდება ყატარს, რომელიც დღეს თხევადი გაზის მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორია. ეს ქვეყანა წლიურად 100 მლრდ კუბმეტრი გაზის ექსპორტს ახდენს. მას მალე დაეწევა ავსტრალია, რომელიც „გორგონის“ გიგანტური ოფშორული საბადოს ათვისებას იწყებს.

ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე ე. მონიზმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს გაზის მოპოვების მკვეთრმა ზრდამ უკვე იმოქმედა გაზის გლობალურ ბაზარზე. აშშ-სთვის განკუთვნილი გაზი იმპორტიორებმა უკვე აზიასა და ევროპისკენ გადაამისამართეს, რითაც მნიშვნელოვანი კონიუნქტურული ცვლილებები გამოიწვიეს. რუსი ენერგოპესიმისტების გასაგონად უნდა აღინიშნოს, რომ აშშ მხოლოდ 15 წელია რაც გაზის მოპოვების გლობალურ 150 წლიან პროცესში ჩაერთო. მარტო დასავლეთ ვირჯინიიდან პენსინვალიის და ნიუ-იორკის შტატებამდე გადაჭიმული „მარცელუსის“ ფიქლების გაზის საბადო წლიურად იძლევა 113 მლრდ კუბმეტრ გაზს, ანუ დღეში 40 მლრდ კუბურ ფუტს, რაც ტოლია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადის“, იამალის და „სოიუზის“ გაზსადენების ევროპის ბაზარზე ერთობლივად მიწოდებული გაზის მოცულობისა.

პარალელურად, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე თითქმის ხუთჯერ შემცირდა „მარცელუსის“ საბადოს მოპოვების თვითღირებულება. ამ დარგის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად გაზის მსოფლიო ფასების შემცირებისა, 1 მლნ ბრიტანულ  თერმულ ერთეულზე (გაზის ერთეული) ფასი თუნდაც 3 დოლარი რომ გახდეს, ამერიკაში გაზის რენტაბელობა არ დაზარალდება - ამერიკული გაზის ფასი ევროპაში 7, ხოლო აზიაში - 10 დოლარია. ევროპაში რუსული გაზის ფასი 1 მლნ ბრიტანულ ერთეულზე 12 დოლარია. მიუხედავად ამ უპირატესობისა, „გაზპრომის“ 2014 წლის შედეგებით, წმინდა მოგება 2013 წელთან შედარებით შემცირდა 86%-ით და 159 მლრდ რუბლი შეადგინა. 

აშშ-ს ენერგოსაინფორმაციო სააგენტო (EIA) მოელის, რომ 2020 წლისათვის აშშ-ში შიდა ბაზრის ფასი ბრიტანულ ერთეულზე მიაღწევს 4.88 დოლარს, ხოლო 2040 წლისთვის - 7.85 დოლარს. ამასთან, ამერიკელი ექსპერტების ცნობით, ახლა ამერიკაში შესაძლებელია 280 ჭაბურღილზე მესამედით მეტი გაზის მოპოვება, ვიდრე 1200 ჭაბურღილზე 2009 წელს. დღეს ფიქლების გაზის მოპოვება აშშ-ში წელიწადში 350 მლრდ კუბმეტრს შეადგენს, რაც ქვეყნის გაზის წარმოების ნახევარზე მეტია ნავთობის ექვივალენტზე გადაანგარიშებით.

2011 წლიდან მოყოლებული, ქ. ჰიუსტონიდან ქ. ახალ ორლეანამდე აშენდა 33 ნავთობქიმიური ქარხანა, თითოეული ღირებულებით 1 მლრდ დოლარი. ამ რეგიონში, 2023 წლამდე, აშშ-ს ქიმიური საბჭო მოელის კიდევ 130 მლრდ დოლარის ინვესტირებას. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი მალე გასცემს 70 მლრდ კუბმეტრი აირის ექსპორტის ნებართვას გათხევადების ოთხი ტერმინალისთვის. მათგან უდიდესის, - „ჩერნირის“ 18 მლრდ კუბმეტრი წარმადობის ტერმინალის მშენებლობა ლუიზიანაში მალე დასრულდება.

დასავლეთსუჭირსკასპიისპირეთში

ამ სიახლეების ფონზე არ არის გასაკვირი, რომ დასავლური კომპანიები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან კასპიისპირეთით, და მაშასადამე, - ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების საქართველოს მარშრუტით. კერძოდ, TANAP-ში „სოკარის“ 80%-იანი წილიდან 12% მხოლოდ BP-მ შეიძინა, ხოლო „ტოტალმა“ და „სტატოილმა“ 10-10%-იან წილების შესყიდვაზე უარი განაცხადეს. ამ კონსორციუმში 10% „სოკარისგან“ თურქულმა „ბოტაშმა“ დაიმატა. TANAP-ში წილების განაწილება, დღეის მდგომარეობით, ასეთია: 58% ეკუთვნის „სოკარს“, 12% - BP-ს, 30% - „ბოტაშს“. ასევე, შარშან TANAP-ის გაგრძელებიდან, „ტრანსადრიატიკული გაზსადენიდან“ (TAP), თავისი 9% დასთმო გერმანულმა E.ON-მა, ხოლო 10% - ფრანგულმა „ტოტალმა“. ეს წილები ისეთმა ბელგიურმა და ესპანურმა კომპანიებმა შეისყიდეს, რომლებსაც არაფერი არა აქვთ საერთო კასპიისპირეთთან.

ახლახან გავრცელდა ინფომაცია, რომ ა/წლის ივნისში კომპანია „BP-აზერბაიჯანის“ მოიჯარე, ლოგისტიკური კომპანია ASCO-ს შვილობილი,  საზღვაო პლატფორმების მშენებელი კომპანია ASCO Caspian Holding, აზერბაიჯანს ტოვებს. ამ ფირმამ ვერ მიიღო ვერანაირი შეკვეთა სექტემბერში დაწყებული „შაჰ-დენიზი 2“-დან, და სავარაუდოდ, მასში დასაქმებული აზერბაიჯანის  400-მდე მოქალაქე მალე უმუშევარი დარჩება.

სავარაუდოდ, კასპიისპირეთს საბოლოოდ დატოვებს ნორვეგიული „სტატოილიც“. 2014 წელს მან თავისი წილები გაყიდა „შაჰ-დენიზის“ საბადოზე და „სამხრეთკავკასიურ გაზსადენში“ მალაიზიურ „პეტრონასზე“. ანტირუსული სანქციების მიუხედავად, ეს კომპანია აფართოებს ბიზნესს დასავლეთ ციმბირში და ოხოტის ზღვის ორ ოფშორულ პროექტში.

იცვლება ევროპის პოზიცია კასპიისპირეთისადმი

ევროპის ენერგოკომისარი მაროშ შევჩოვიჩი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ტრანსკასპიურ პროექტზე სასაუბროდ მალე ქ. აშგაბატში აპირებს ვიზიტს. ევროპის „სამხრეთის გაზის დერეფანში“ თურქმენეთს წლიურად 30 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდება შეუძლია. მარტში თურქეთის პრეზიდენტი რ. ტ. ერდოღანი თურქმენეთში იმყოფებოდა და პრეზიდენტ გ. ბერდიმუჰამედოვს TANAP-ში ჩართვა შესთავაზა. აშგაბატი უარს ამბობს 300 კმ სიგრძის „ტრანსკასპიური გაზსადენის“ აგებისთვის 3-5 მლრდ დოლარის გამოყოფაზე.

საინტერესოა, რომ „ტრანსკასპიურ“ პროექტს ბევრი ევროკავშირშიც არ უჭერს მხარს. მათი ნეგატიური არგუმენტები ძირითადად კასპიის სტატუსს, შელფზე საზღვრების დელიმიტაციის პრობლემებს და ეკოლოგიას ეყრდნობა. მომავალ, 2016 წელს ქ. ასტანაში გაიმათება კასპიისპირა ქვეყნების მორიგი სამიტი, სადაც ეს პრობლემები იქნება განხილული. მანამდე ექსპერტები მოელიან ირანის გააქტიურებას დასავლეთის მხრივ სანქციების მოხსნის და მასთან დაახლოების მოლოდინის ფონზე. თეირანს უნდა TANAP-ში ჩართვა და არ აწყობს ამ მხრივ კონკურენტების არსებობა. ეს ნიშნავს, რომ ირანი ყველანაირად ხელს შეუშლის საქარველოზე გამავალი კასპიური ენერგოპროექტების განხორციელებას. ამავე მიზეზით, ირანი არ დაუთმობს თურქმენეთს თავის ტერიტორიას თურქეთში გაზის ტრანზიტისათვის.  

იცვლება ევროკავშირის პოზიცია „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მიმართაც. „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ, ბრიუსელმა გადახედა თავის „სამეზობლო პოლიტიკას“ და 2011 წელს შექმნა სტრატეგია „ცვალებადი სამეზობლოს ახალი პასუხი“ (A New Response To a Сhanging Neighbourhood), რომელშიც ეკონომიკური თანამშრომლობის პირობად (conditionality) „ღრმა დემოკრატიული“ რეფორმირებაა (deep democracy) დაყენებული. მართალია თურქმენეთი „სამეზობლო პოლიტიკაში“ არ მონაწილეობს, მაგრამ ევროპაში ხშირად საუბრობენ აშგაბატის რეჟიმის ავტორიტარიზმზე.

ჩინეთის კონკურენცია

განსხვავებით ევროკავშირისგან, ჩინეთს არანაირი პრობლემა არა აქვს შიდაპოლიტიკურ საკითხებთან. ის ყოველწლიურად 50 მლრდ კუბმეტრ თურქმენულ გაზს იღებს. პეკინი ცენტრალური აზიის ქვეყნებში 10 მლრდ დოლარამდე ზრდის თურქმენეთის გაზსატრანსპორტო ქსელების მშენებლობის დაფინანსებას, რათა 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღოს 80 მლრდ კუბმეტრი თურქმენული გაზი. თურქმენეთის პეკინისადმი საკრედიტო დავალიანებების გასტუმრება ხდება გაზის მიწოდებით.

ამ საკითხზე ევროკავშირის მოხსენებაში „რუსული გაზის ევროპული ალტერნატივები“ (Europe's alternatives to Russian gas) მითითებულია, რომ „...თუქმენეთმა შეცვალა თავისი საექსპორტო პოლიტიკა ჩინეთის სასარგებლოდ“. 

უცნაურია, მაგრამ კასპიისპირეთში ევროკავშირს აშშ-ს სახით ახალი კონკურენტი გაუჩნდა. ვაშინგტონი ავღანეთიდან სამხედრო ევაკუაციის პარალელურად, მხარს უჭერს 33 მლრდ კუბმეტრის წლიური წარმადობის მქონე ურთიერთხელსაყრელ „თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის გაზსადენის“ (TAPI) პროექტს.

ამრიგად, კასპიისპირეთში ევროკავშირი უპირისპირდება ყველა რეგიონალურ მოთამაშეს. ამიტომაა, რომ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფანი“, რომელშიც საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური“ (SCP) და „ტრანსკასპიური” (TCGP) გაზსადენები შედიან, დასავლეთის ენერგოკომპანიებიდან პრაქტიკულად მხოლოდ BP-ს „ამარა“ დარჩა. მასში წამყვან როლს უკვე არა ევროპული, არამედ აზერბაიჯანული და თურქული ენერგოკომპანიები თამაშობენ.

მეორეს მხრივ, იგივე თურქული კომპანია „ბოტაში“, აქტიურად თანამშრომლობს „გაზპრომთან“ ახალი პროექტის, რუსეთის და თურქეთის დამაკავშირებელი „თურქული ნაკადის“ მშენებლობაზე. ამ გაზსადენით „სამხრეთის ნაკადის“ რუსეთი-ბულგარეთის (ანუ ევროკავშირის) მარშრუტის ჩანაცვლება, რუსეთის მხრივ, არ არის შემთხვევითი. საქმე ისაა, რომ არც რუსეთი და არც თურქეთი არ არიან ევროკავშირის წევრები, ანუ მათ არ ეხებათ ევროკავშირის „მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნები გაზსადენზე მესამე მხარის დაშვების აუცილებლობაზე, რაც ფაქტიურად „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერების მიზეზი გახდა. თუმცა, საბერძნეთში ამ გაზსადენის გაგრძელება ისევ „მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნებს უკავშირდება. ამიტომ, რუსეთისთვის აუცილებელი იქნება, რომ მისი გაზი ევროპელმა მომხმარებლებმა იყიდონ თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მდებარე „ჰაბიდან“.

ახალი ევროპულიჰაბი

საბერძნეთის ახალი „მემარცხენე“ მთავრობა მიესალმება „თურქული ნაკადის“ საბერძნეთში გაგრძელებას. ამისათვის „გაზპრომს“ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ერთ-ერთი პროექტის - „ტრანსადრიატიკული გაზსადენი“ (TAP), ან უკვე დავიწყებას მიცემული „ინტერკონექტორი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია“ (ITGI) დასჭირდება. ამ შემთხვევაში რუსულ გიგანტს ასევე DESFA - საბერძნეთის ეროვნული სატრანსპორტო ქსელის (NGTS) გამოყენებაც მოუწევს. სხვათა შორის, ამ ქსელის აქციების 35%-ის აზერბაიჯანული „სოკარის“ მიერ 2013 წელს შესყიდვის კანონიერებას ევროკომისია იკვლევს.

არსებული ინფორმაციით, „თურქული ნაკადის“ გაზსადენი დასავლეთ თურქეთის იპსალას ოლქში, საბერძნეთის საზღვართან იმ რაიონში მივა, სადაც TANAP უნდა დაუკავშირდეს TAP-ს. ეს ამ ორ სისტემას შორის საბაზრო წილის გამო მზარდ კონკურენციას გამოიწვევს, თუ მხედველობაში მივიღებთ TANAP-ის გაზსადენების წარმადობის (16-დან 31 მლრდ კუბმეტრამდე) და TAP-ის (10-დან 20 მლრდ კუბმეტრამდე)  შესაძლო ზრდას.  

პრაქტიკულად რუსეთს ეძლევა შანსი, რომ თავისი გაზი ევროპაში „თურქული ნაკადიდან“ TAP-ის გავლით ისე გაიტანოს, რომ არ დაარღვიოს ევროკავშირის „მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნები. ეს იმითაა განპირობებული, რომ:

რუსეთი არ ფლობს TAP-ის წილს;

თუ TAP-ს პირველ ეტაპზე 10 მლრდ წლიური წარმადობა ექნება, უკვე მეორე ეტაპზე ის 20 მლრდ კუბმეტრამდე (100%) გაიზრდება;

ევროკომისიამ TAP-ის მთლიანი სიმძლავრის 50% ღიად დატოვა მეორე სტადიაზე „მესამე მხარის დაშვებისათვის“;

ევროკავშირის რეგულაციებით, TAP ვალდებულია მესამე მხარის მოთხოვნით, საბერძნეთში გახსნას დამატებითი შემავალ-გამავალი წერტილები „არა შაჰ-დენიზის“ გაზის მისაღებად.   

„მესამე ენერგოპაკეტის“ თვალსაზრისით, რუსეთმა შეიძლება მიიღოს TAP-ზე ხელწვდომა, როგორც მეორე სტადიაზე გაზის მიმწოდებელმა (არა მესაკუთრემ), ან მოითხოვოს TAP-ში დამატებითი სატუმბებისთვის შემავალი/გამავალი წერტილების შექმნა.

თუ რუსეთს არ ექნება საკუთარი ინფრასტრუქტურა, მაგრამ უბრალოდ გაყიდის თავის გაზს თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე, მაშინ ის აღარ დაარღვევს „ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნებს (განსხვავებით „სამხრეთის ნაკადისაგან“). თუმცა, „შაჰ-დენიზის“ კონსორციუმმა უკვე უზრუნველყო 2018 წლისათვის, ანუ პირველ ეტაპზე 10 მლრდ კუბმეტრი აზერბაიჯანული გაზით TAP-ის სრული (ანუ პირველი ფაზის) შევსება 25 წლიანი კონტრაქტებით; ე.ი. სულ ცოტა 25 წლით რუსულ გაზს არ ექნება TAP-ში დაშვება; თან აზერბაიჯანი აპირებს თავის გაზის ექსპორტის გაზრდას „აზერი-ჩირაღი-გიუნეშლიდან“, „უმიდიდან“, „აბშერონიდან“ და „შაჰ-დენიზი 3“-დან...

საბერძნეთს სურს „თურქული ნაკადი“ ევროპაში გააგრძელოს „ინტერკონექტორი თურქეთი-საბერძნეთი-იტალიის“ (ITGI) მარშრუტით. ამავდროულად, „თურქული ნაკადის“ მწყობრში ჩადგომით, უკრაინასთან 2019 წლამდე არსებული სატრანზიტო შეთანხმება სავარაუდოდ, აღარ განახლდება. ამიტომ, დასავლეთ თურქეთამდე გაყვანილ რუსული „ტრანსბალკანური გაზსადენის“ (TBP - საბჭოთა კავშირის დროს მას „პროგრესს“ უწოდებდნენ) არსებობას აზრი ეკარგება, ვინაიდან მას ჩაანაცვლებს „თურქული ნაკადი“, რომლის სიმძლავრე TBP-სას თითქმის სამჯერ აღემატება. სავარაუდოდ, „ტრანსბალკანური გაზსადენი”, უკრაინაზე ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, „გაზპრომმა“ შეიძლება რევერსულ რეჟიმში გამოიყენოს და ბალკანეთის ქვეყნებს რუსული გაზი „თურქული ნაკადით“ მიაწოდოს. ამით ის მოგვევლინება კასპიისპირეთის გაზის კონკურენტად იქ სადაც მას, „ნაბუქოს“ შეჩერების და TANAP-ის და TAP-ის დაწყების შემდეგ, ყველაზე ნაკლები შანსი ჰქონდა. ამასთან, „თურქული ნაკადის“ გაზსადენის უპირატესობა გასული წლის ბოლოს შეჩერებულ  „სამხრეთის ნაკადთან“ ისაა, რომ არ არღვევს ევროკავშირის „მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნებს, რაც მისადმი ბრიუსელის ლოიალობას უზრუნველყობს.

ამრიგად, სავარაუდოდ რუსეთი „თურქული ნაკადით“ შეეცდება ხელი შეუშალოს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროკავშირში „მეოთხე გაზის დერეფნით“  ექსპორტს. ეს მას სჭირდება იმისათვის, რომ TANAP-ს და TAP-ს დაასწროს „თურქული ნაკადის“ (2020 წელს) მწყობრში ჩადგომა. აშშ-ისა და ევროკავშირის მულტინაციონალური კომპანიების მხრივ კასპიისპირეთისადმი ინტერესის განელება, რაც ამჟამად ხდება, მოსკოვს ამ ამოცანას გაუადვილებს.