ეროვნულ ბანკს ხელახლა დაუმიზნეს

ეროვნულ ბანკს ხელახლა დაუმიზნეს

ეროვნული ბანკთან დაკავშირებით ისევ იძაბება ვითარება. ორიოდე დღის წინ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მორიგი ეჭვი გამოთქვა სებ-ის არასწორი ქმედებების გამო. სპეციალისტთა ნაწილი კიდევ უფრო მკვეთრია შეფასებაში. ამასობაში მინისტრები ირწმუნებიან, რომ ლარს საფრთხე არ ემუქრება და გამყარებისკენ წავა.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ვალუტის გაცვლით კურსზე ზეგავლენას პოლიტიკური გაურკვევლობა ახდენს. „თავისთავად ცხადია, რომ როდესაც საგარეო ფაქტორები განაპირობებს ვალუტის რყევას და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობაც თავის ზეგავლენას ახდენს გაცვლით კურსზე“, - განაცხადა ხადურმა. ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვალუტის კურსი ძალიან მალე დასტაბილურდება.

„ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფისკალური ფაქტორები ამ ეტაპზე ლარის კურსზე ზემოქმედებას არ ახდენს“, - აღნიშნა ხადურმა და აქვე განმარტა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თემა, შესაძლოა, გაცვლით კურსზე ზემოქმედებდეს.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ბოლო პერიოდის მდგომარეობას „პატარა ცვლილებას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა ლოგიკით, ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში არის პატარა ცვლილებები, მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყოს. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ რუსული რუბლი მყარდება, მინდა განვმარტო, რომ რუსეთში ხდება უკუკორექტირება, ვინაიდან იქ იყო 200%-იანი დევალვაცია. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის ხოლმე ზედმეტი, ზომაზე მეტი კონვერტაციები და ხდება უკუკორექტირება.

ჩვენი სავალუტო კურსი თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან, მე ვიტყოდი, რომ ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული დღეს. ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისთვის, რომ სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება, ასევე წინასაპრივატიზაციო მომზადების პროცესი დასრულებულია და ბევრი ობიექტი გავა გასაყიდად. სწორედ ამიტომ არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ იყოს სერიოზული გაუფასურება. მინდა ყველა დავამშვიდო ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, მეზობელი ქვეყნების ვალუტები დოლართან მიმართებაში მყარდება. მაგალითად, დოლართან მიმართებაში კარგა ხანია სტაბილურია აზერბაიჯანული მანათი, ხოლო ბოლო ვაჭრობის შედეგად იგი გამყარდა კიდეც.

ეროვნული ვალუტა პოზიციებს იმყარებს რუსეთშიც, სადაც მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთის 12,5%-მდე შემცირების შესახებ განაცხადა. ამ ცნობის შემდეგ დოლარი და ევრო რუბლთან მიმართებაში დაეცა. ბოლო ვაჭრობაზე დოლარის ღირებულებამ 51,15 რუბლი შეადგინა, ევრო კი 57,18 რუბლი გახდა. დოლარი ეცემა უკრაინულ გრივნასთან მიმართებაშიც და საშუალოდ 21 პუნქტს შეადგენს.

ამ დროს საქართველოს ეროვნული ვალუტა ყოვლად უმიზეზოდ მკვეთრად ეცემა. მარტო ბოლო ორ კვირაში ლარი დოლართან მიმართებაში 3,5%-ით გაუფასურდა.

სპეციალისტები ლარის გაუფასურებაში მთავრობაზე მეტად ბანკს ადანაშაულებენ. გარკვეულწილად სკანდალურ განცხადებას აკეთებს ექსპერტი მიხეილ დუნდუა, რომელიც სავალუტო სპეკულაციებთან დაკავშირებით გაომძიებას ითხოვს.

„თუკი ეროვნულმა ბანკმა არ მიხედა ლარს, მას ეკონომიკა აუცილებლად მიხედავს. ეს მოხდება მეორე კვარტალში. ახალი დაწყებულია პროცესი. უკვე გამოქვეყნდა მთლიანი შიდა პროდუქტის მარტის მაჩვენებელი, რომელიც 4%-ზე მაღალია. ამით მტკიცდება, რომ 5%-იანი ზრდა თებერვალში არ იყო შემთხვევითი. ეროვნული ბანკი იმიტომაც არსებობს, რომ სპეკულაციას არ შეუწყოს ხელი. არ უნდა შეუწყოს ხელი, რომ აჟიოტაჟური ფაქტორით მოხდეს მოსახლეობაში პანიკის დათესვა. მან დროულად უნდა მიიღოს ზომები.

დღეს რაც მიმდინარეობს ლარის ირგვლივ, აშკარად უდის სპეკულაციების შეტევის სუნი, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეროვნული ბანკის პასიურობით არის გამოწვეული.

დღეს ეროვნული ბანკი მუშაობს საბოტაჟის რეჟიმში. საბოტაჟის მიზანია როგორმე მოხდეს პანიკის დათესვა, აჟიოტაჟის ატეხვა. ეს დროებითია მოვლენაა, პანიკა დიდხანს ვერ გასტანს. ლარი აუცილებლად დასტაბილურდება.

თუ ხელოვნურ მაქინაციებთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, ეს უკვე გამოძიების საკითხია. ყოველგვარი სამთავრობო დაპირისპირების გარეშე, უნდა იქნეს გამოძიებული ეს საკითხი, თუ რა ხდება დღეს“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.