მაისიდან იურიდიული პირები დახარჯული გაზის საფასურს ისევ ძველი ტარიფით გადაიხდიან. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, რომელიც ბუნებრივი აირის მოხმარებაზე იყო დამოკიდებული, აღარ გაძვირდება. გადასახადის სუბსიდირება, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გასტანს.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საზოგადოებას არსებული კომერციული ტარიფის შენარჩუნება აუწყა: „თქვენ იცით, რომ ხორციელდება სუბსიდირება და ეს მომავალშიც გაგრძელდება“. მას არ დაუკონკრეტებია, როდემდე გაგრძელდება სუბსიდირება და სადამდე შეძლებს ბიუჯეტი ყოველთვიურად 15 მილიონი ლარის გადახდას.
კომერციული ორგანიზაციებისათვის ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება ახალმა მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა 1-ლი მარტიდან ტარიფის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღეს. ოფიციალური წერილების მიხედვით, რომელიც იურიდიულ პირებს ჩამოურიგეს 1000 კუბური მეტრის ბუნებრივი აირი 750-დან 900 ლარამდე ძვირდებოდა.
სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ 1-ელ მაისამდე მიიღო და ეს სახელმწიფო ბიუჯეტს 15 მილიონი ლარი დაუჯდა. „სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო, ყველა ის ლიცენზიანტი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა, პირიქით, წინ ვიხედებით“, - განაცხადა მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
სუბსიდირებას მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს, ოღონდ კონკრეტულად რა ვადით ეს საზოგადოებისთვის უცნობია. სავარაუდოდ, ეს პროცესი მინიმუმ შემოდგომამდე კიდევ გაგრძელდება. მით უფრო, რომ წლის ცივი პერიოდი უკან მოტოვებულია და კომერციული სექტორის გაზის ხარჯი იკლებს. შესაბამისად, სუბსიდირებისთვის ნაკლები თანხა იქნება საკმარისი.
სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი მთავრობას გადაწყვეტილებას უწუნებს. მისი თქმით, ლარის კურსი 2-ლარიან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს, წინაღმდეგ შემთხვევაში ტარიფის მატება გარდაუვალია.
„თუ ტარიფი არ გაიზრდება, ეს თანხა ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, რაც მილიონობით ლარია. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის“, - აცხადებს სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი. ჩალაგაშვილის პროგნოზით, უახლოეს დღეებში წყლისა გადასახადის მატებაცაა მოსალოდნელი:
„თბილისის წყალს“ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აქვს შეტანილი განაცხადი წყლის ტარიფის გადახედვის შესახებ და 21-22 მაისს ეწურება ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სემეკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და განიხილოს „თბილისის წყლის“ ტარიფის საკითხი. გაზთან მიმართებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვა დოლარზე ხდება“, - აცხადებს ჩალაგაშვილი.
ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძეც „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ტარიფების სუბსიდირება არ უნდა ხდებოდეს და იგი რეალობას მორგებული უნდა იყოს.
„ამ შემთხვევაში, ერთი მომხმარებლის ხარჯზე მეორის სუბსიდირება არ ხდება, ამიტომ მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, თუმცა მაინც არასწორია. ზოგადად, ეს მეთოდი ინვესტორს ამუხრუჭებს.
კომერციული ტარიფის სუბსიდირება ბაზარზე არ იმოქმედებს. ინვესტორი ხედავს, რომ სუბსიდირება ხდება, ეს კი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ამ დროს კომპანია ელოდება, რომ ტარიფი იქნება რეალური, რათა თავისი ინვესტიცია დაიბრუნოს. ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ეს ასე არ არის“, - აცხადებს არველაძე.