ასეთი გაუფასურებული ლარი მხოლოდ წინა საუკუნეში იყო. ეროვნული ვალუტა პარასკევს 16 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა. მთავრობა და ეროვნული ბანკი გასუსულნი ადევნებენ თვალს ეროვნული ვალუტის გაცამტვერებას, ექსპერტებს კი უკვე პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
ერთი აშშ დოლარის ფასი უკვე 2.28 ლარს გასცდა. ბოლოს ეროვნული ასეთი გაუფასურებული ლარი 1999 წლის მარტში იყო. სავალუტო შოკის დაწყებიდან ეროვნული ვალუტის კურსი 31%-ით გაუფასურდა. აქამდე წინა მაქსიმუმი 26 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.2637 ლარი ღირდა.
ბიზნესი გაუკრვევლობაშია, ხოლო მოსახლეობა - პანიკაში. მთავრობას კბილებით უჭირავს კომუნალური ტარიფები, თუმცა მათი გაძვირებაც დროის ამბავია. ასეთი გაცვლითი კურსის პირობებში დენისა და გაზის ტარიფის მატებას წინ ვერაფერი დაუდგება. დღის წესრიგშია თბილისში წყლის ტარიფის ცვლილებაც.
მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის მორიგ მარცხზე დუმილს ამჯობინებენ. ექსპერტები კი მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ თუ რა შეიძლება შეემთხვეს ეროვნულ ვალუტას უახლოეს მომავალში. ასეთი არაპროგნოზირებადი ვითარება ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში არ ყოფილა.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ლარის კურსის პროგნოზირების დროს პირველი კვარტლის მაჩვენებლებს ეყრდნობა, როდესაც ქვეყნის ეკონომიკაში აღინიშნა ზოგიერთი დადებითი ტენდენცია: პოზიტიური მაჩვენებელი საგადასახადო შემოსავლების კუთხით, თებერვალში დაფიქსირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამასთან მიმდინარეობს ბიუჯეტის არადეფიციტური ხარჯვა, რაც ლარზე საბიუჯეტო ზეწოლას გამორიცხავს.
დუნდუას თქმით, არ გამოქვეყნებულა არანაირი მონაცემი, რომელიც რამე ახალ ტენდენციაზე მიანიშნებდა, ამიტომ, აუცილებელია დაველოდოთ ახალ მაჩვენებლებს, რომლებიც მომავალ კვირაში უნდა გასაჯაროვდეს. სწორედ ამ ფაქტორების შეჯერების საფუძველზე გვექნება წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იმოძრაოს ლარმა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ლარი გამყარდება და წავა გაუმჯობესებისა და გამყარების მიმართულებით. თუ რა ზღვრამდე მივა ის, ეს არის ისეთი რამ, რისი წინასწარ თქმა შეუძლებელია. ამგვარი კონკრეტული პროგნოზისთვის არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს“, - აცხადებს დუნდუა.
ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი კი აღნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის დასუსტებას ხელი გარე ფაქტორმა და მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეუწყო. თუმცა, მოკლე პერიოდში ლარის პიკისებურ გაუფასურებაში პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება.
„როდესაც სავალუტო ნაკადის გადინება ხდება, როგორც წესი, მოთხოვნა იზრდება დოლარზე და შესაბამისად, ლარი უფასურდება. ამ მომენტში ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ინტერვენციები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას პიკური გაუფასურება“, - ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი
უფრო პესიმისტური მოლოდინი აქვს ექსპერტ გია ხუხაშვილს, რომლის შეფასებით, ვალუტის კურსის პროგნოზირება არავის შეუძლია. ტენდენციები კი ამ კუთხით სახარბიელო არ არის.
„თუ ჩვენ შევხედავთ სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდებას და შევაფასებთ ეკონომიკურ ფაქტორებს, რამაც შეიძლება ეს დისბალანსი შეამციროს, ვნახავთ, რომ ჯერჯერობით გრძელვადიანი სტაბილურობის ფაქტორები არ ჩანს. ეს კი რეალურს ხდის ისეთი ტიპის რისკს, რომელსაც მომავალში შეიძლება მოჰყვეს ნახტომი. გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიები ჯერ კიდევ არ არის შექმნილი“, - განუცხადა „კომერსანტს“ გია ხუხაშვილმა.