ტურიზმის შემცირება ვიზებს ნაკლებად უკავშირდება

ტურიზმის შემცირება ვიზებს ნაკლებად უკავშირდება

სავიზო რეგულაციებმა ტურისტული ნაკადის შემცირებაზე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა. ძირითადი მიზეზი რეგიონში გაუარესებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა. ვიზიტორების შემოსვლა იმ ქვეყნებიდან არის შემცირებული, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ქვეყნის სავიზო პოლიტიკა და მისი გავლენა გამოიკვლია. ორგანიზაციის ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარი განცხადებით, 2014 წლის მონაცემებით დაფიქსირდა ტურისტული შემოსავლების ისტორიული მაქსიმუმი. ბოლო ათი წლის განმავლობაში შემოსავლებმა პირველად მიაღწია 1.5 მილიარდ დოლარს.

„2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით) ქვეყანაში ვიზიტორების შემოსვლა უმნიშვნელო, 2%-იანი, თუმცა დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება. საგულისხმოა იმის გაანალიზება, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია ქვეყანაში ვიზიტორების შემცირება და არის თუ არა ამის მთავარი მიზეზი გამკაცრებული სავიზო პოლიტიკა.

საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მსოფლიოს 94 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ. 15 მოწინავე ქვეყნიდან ვიზიტორების შემოდინების შემცირება 6 მათგანში ფიქსირდება. ყველაზე დიდი შემცირებაა თურქეთიდან - 28 ათას ვიზიტორზე მეტი, ირანიდან - 8,6 ათასი, რუსეთიდან თითქმის 6 ათასი. ამ 6 სახელმწიფოდან, მხოლოდ ირანია, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა სჭირდებათ. გარდა ამისა, ვიზიტორების რაოდენობის მხრივ ტოპ 15 ქვეყნიდან 14 მათგანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ.

„ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორების შემოსვლის შემცირება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას შეიძლება მივაწეროთ, ირანია“, - განაცხადა ბაირახტრმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ვიზიტორების შემცირების უმთავრეს მიზეზად სავიზო რეგულაციების გამკაცრების დასახელება საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული ტენდენციის მიზეზი ზოგადად რეგიონში არსებული მძიმე მდგმარეობაა. კერძოდ, უკრაინა, სადაც, პრაქტიკულად, საომარი ვითარებაა; ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფი რუსეთი; საკუთარი ვალუტების დოლართან მიმართებაში დევალვაციით შეწუხებული მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი.

„ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ვიზიტორების ბოლოდროინდელი შემცირების მთავარი მიზეზი სწორედ რეგიონში გაუარესებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებაა“, - აღნიშნა ბაირახტარმა.

ამ დროს მთავრობის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ გამკაცრებულმა სავიზო რეჟიმმა გარკვიული ტურისტული პრობლემა შექმნა. ერთ-ერთი პირველი ვინც ამის დაუფარავად თქმას არ მოერიდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.

„სავიზო რეჟიმმა გარკვეული პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ინვესტორების და ტურისტების შემოსვლაში. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გამარტივდეს სავიზო რეჟიმი გარკვეული მიმართულებით. ელექტრონული ვიზები. ელექტრონული ვიზები უკვე დარეგისტრირებულია და რეალურად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი მუშაობს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იგივე განაცხადა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პირდაპირ ტელეეთერში.

„ვიზებს თაობაზე ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, რომ გარკვეული ცვლილებები, რეფორმები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და ჩვენ შესაბამისად, ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში მან გარკვეული პრობლემები მოუტანა ქვეყანას. ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა, იმისთვის, რომ გარკვეული ცვლილილებები კიდევ განხორციელდეს. ინვესტიციების, ტურისტების შემოდინების მიმართულებით გარკვეული პრობლემები ნამდვილად შექმნა, ამას ვაღიარებთ“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კი აღნიშნავს, რომ მისი უწყება სხვადასხვა აქტივობებს მიმართავს, თუმცა ნაკადის შემცირების ძირითად მიზეზად მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს:

„ეს ფაქტორები გახლავთ რუსეთში და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, რუსეთი და უკრაინა არის მეოთხე და მეხუთე ადგილზე იმ მეზობელი ქვეყნების რიგში, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოდის საქართველოში. ამიტომ ამ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ტურისტების რაოდენობის შედარებით კლებაში“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები - მათ შორის, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ - მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურიზმის სტატისტიკას და, შესაბამისად, ამ ბიზნესში დაკავებული უამრავი მოქალაქის შემოსავლებს.