შარშან ტურისტების რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2015 წლის იანვარ-თებერვალში კი მცირედი კლებაა. სამაგიეროდ, მკვეთრად იმატა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელმაც 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, იანვარში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდნეობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8%-ით შემცირდა, თებერვალში კი ოდნავ უკეთესი მდგომარეობაა.
„2015 წლის თებერვალში 290 929 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 600 396 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე”, - აცხადებენ სინაგან საქმეთა სამინისტროში.
ტურისტების კლებაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი თქმით, ვიზიტორთა რაოდენობა იმ ქვეყნებიდანაც (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.) შემცირდა, რომლებთანაც სავიზო რეგულაციები არ გვაქვს. მინისტრმა ეს სხვადასხვა ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა, მაგრამ იქვე აღიარა, რომ ტურისტების რაოდენობაზე მცირე გავლენა სავიზო რეგულაციებმაც იქონია.
საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, მარტის ბოლოს ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდის იმედი არ გამართლდა, პირიქით, მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება. სავიზო რეგულაციების შემოღების შემდეგ, ქვეყანაში ირანელების შემოსვლის კუთხით, ნეგატიური დინამიკა ფიქსირდება და ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობაც საგრძნობლად მცირდება.
საერთოდ, 21 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით, ირანელები ახალ წელს აღნიშნავენ და ქვეყნიდან დასვენების მიზნით გადიან. თუმცა საქართველოს ნაცვლად, ისინი უკვე სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობენ. ამჟამად ირანელი ტურისტები საქართველოში თვითმფრინავით სტამბოლისა და ბაქოს გავლით ჩამოდიან, თუმცა ამ ქალაქების აეროპორტებში მრავალსაათიანი ლოდინი უწევთ.
საქართველო-ირანის სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრების შედეგად წვრილი ირანელი მეწარმეები ტოვებენ ქართულ ბაზარს, რომ არაფერი ვთქვათ ირანელ ტურისტებზე, რომლებიც ყოველწლიურად საქართველოში 130 მილიონამდე დოლარს ხარჯავდნენ.
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზეა. შარშან ამ მხრივ რეკორდი დაფიქსირდა და წელსაც საკმაო შემოსავალს ელიან.
„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 2014 წელს წმინდა შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან მინიმუმ 1 მილიარდ 475 მილიონ დოლარამდე უნდა გაზრდილიყო. რეალურად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წელს წმინდა შემოსავლები ტურიზმიდან 4,4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 489 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთოდაც, 2013-14 წლები შემოსავლების თვალსაზრისით მეტად ნაყოფიერი გამოდგა. 2013 წელს ტურიზმიდან წმინდა შემოსავალმა 1 425 000 000 დოლარი შეადგინა, რაც 265 მილიონი დოლარით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. 2014 წლის შედეგი კი 63 000 000 დოლარით აღემატება 2013 წლის დონეს და 333 000 000 დოლარით უსწრებს 2012 წლის მაჩვენებელს. ჯამში 2013-14 წლებში, საერთაშორისო ტურიზმიდან 32%-ით უფრო მეტი წმინდა შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ეს 2003-11 წლებში.
ცალსახად უნდა ვთქვა, რომ იანვარსა და თებერვალში დაფიქსირებული კლების მიუხედავად, 2015 წელს წმინდა ტურისტული შემოსავლები გაიზრდება. ასე რომ, ტურისტულ ინდუსტრიას სეზონისათვის მომზადებას ვურჩევ“, - აცხადებს ექსპერტი და ეკონომისტი მიხეილ დუნდუა.