კონკურენციის სააგენტო: დარტყმა ზემოდან!

კონკურენციის სააგენტო: დარტყმა ზემოდან!

კონკურენციის სააგენტოს შეფასებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებაშიც გაჩნდა. პრეზიდენტს და მის გუნდს სააგენტოს მუშაობის სტილი თვალში არ მოსდის და სათანადო კრიტიკასაც არ იშურებს. შენიშვნებს ახლოსაც არ იკარებს ანტიმონოპოლიური უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის შესახებ. როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის, ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობისა და დასაქმებისთვის. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და მე სრულად ვიზიარებ ამ მიზანს. თუმცა, ფაქტია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა და კვლავინდებურად 20 პროცენტის ფარგლებში რჩება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის მოსაზრება უფრო გაშალა მისმა მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა. მისი აზრით, არ შეიძლება, პრემიერ-მინისტრი კმაყოფილი იყოს იმ სააგენტოს მუშაობით, რომელმაც საწვავის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად მიცემული 10-დღიანი ვადა 3 თვედ გადათარგმნა და საზოგადოებისთვის ინფორმაცია ჯერაც არ წარუდგენია.

აბაშიშვილს არ დაუმალავს, რომ აღნიშნულ სააგენტოსთან მიმართებაში საზოგადოებას კითხვები აქვს და პრეზიდენტიც სწორედ ამიტომ საუბრობს ამ თემაზე.

„როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს 18 დეკემბერს მისცა 10 დღიანი ვადა საწვავის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესასწავლად და მისი საზოგადოებისთვის წარდგენისთვის. ამავე დღეს, სააგენტოს ხელმძღვანელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ საზოგადოებას უახლოეს დღეებში მიაწვდიდა აღნიშნულ ინფორმაციას.

მას შემდეგ გასულია საკმაოდ დიდი პერიოდი - სამ თვეზე მეტი, საზოგადოება კი ამ დასკვნას ისევ არ იცნობს. არა მგონია, პრემიერი კმაყოფილი იყოს საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს ამ ტემპით მუშაობით. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება ეს ინფორმაცია წარმოდგენილი.

ბუნებრივია, პირადად პრეზიდენტს კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ სჭირდება. აქ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია“, - განაცხადა გადაცემა „რეზიუმეში“ სტუმრად მყოფმა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონკურენციის სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომელიც თითქმის ერთი წელია ფუნქციონირებს, გუშინდელ დღემდე მხოლოდ 4 ინფორმაცია იძებნება. „შესაბამისად, საუბრები სააგენტოს ეფექტურობასა და საზოგადოების ინფორმირებაზე, ზედმეტია“, - დასძინა აბაშიშვილმა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას მალევე უპასუხა.

„მინდა ბრალდებებს გავცე პასუხი: მთავრობის მეთაურმა კონკურენციის სააგენტოს მისცა 10-დღიანი ვადა იმისათვის, რომ მომხდარიყო ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული სიტუაციის შესასწავლად გაწეულ საქმიანობაზე შუალედური ანგარიშის და არა საბოლოო დასკვნის წარდგენა (მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა). კანონმდებლობა კონკურენციის სააგენტოს საკითხის მოკვლევისთვის 3-დან 10 თვემდე ვადას უწესებს, მით უმეტეს, როცა საუბარია ნავთობპროდუქტების საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარზე.

ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობისაა - საუბარია 50 ტომზე. ალბათ, გიორგი აბაშიშვილს 10 დღის ვადაში 15 ათასი გვერდის გადაფურცვლაც კი გაუჭირდება, არათუ შესწავლა და გარკვეული დასკვნის წარმოდგენა“, - განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.

მისივე განმარტებით, მოკვლევის დასრულებისთანავე, მისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და კონფიდენციალობის დაცვის პრინციპის გათვალისწინებით მიეწოდება ინფორმაცია, რასაც მათ კონკურენციის შესახებ კანონი ავალდებულებს.