საკანონმდებლო ცვლილებები სპეციალურად ავტობიზნესისთვის

საკანონმდებლო ცვლილებები სპეციალურად ავტობიზნესისთვის

რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ საავტომობილო ბიზნესს სახელმწიფო დახმარებას სთავაზობს. მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებებია, რომელიც „დროში გაჭედილ“ ავტოდილერებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კოდექსში საგადასახადო პროცედურების შეცვლასა და გამარტივებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით პირველ აპრილს შემოსავლების სამსახურში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, შემოსავლების სამსახურის უფროსის გიორგი თაბუაშვილის ხელმძღვანელობით ავტომობილების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა.

შემოსავლების სამსახური მსუბუქი მანქანების ბიზნესის ხელშეწყობის გეგმაზე რამდენიმე თვეა მუშაობს, შესაბამისად, ჩამოყალიბდა ძირითადი ცვლილებების პროექტი. პროექტის თანახმად, საქართველოში 1-ელ აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი გათავისუფლდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან თუ იგი მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე უზრუნველყოფს მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე).

შემოსავლების სამსახურის შეფასებით, ავტოიმპორტიორებს ამ რეგულაციით სულ მცირე 1000 ლარით „გაუიაფდება“ მანქანა და საგრძნობლად გაიზრდება მისი გაყიდვის ალბათობაც.

საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზრდება 60 დღემდე. ასევე გაუქმდება დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თუ იმპორტიორმა 90 დღის განმავლობაშიც ვერ მოახერხა გაყიდვა, მარტივდება საბაჟო საწყობის რეჟიმში ავტომობილის განთავსების პირობები. ამასთან, საბაჟო საწყობის გარდა, გავრცელდება სხვა ადგილებზეც (მაგალითად, ბაზრობაზე და სხვა).

ქართულ ბაზარზე მოქმედი ავტოდილერები შემცირებულ რეალიზაციაზე კარგა ხანია ალაპარაკდნენ. ანალოგიური მდგომარეობაა ავტოსერვისებშიც. მათი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდვა მკვეთრად შემცირდა. ავტომობილების განვადების გამარტივებული აქციების მიუხედავად, მომხმარებლების მიზიდვას მაინც ვერ ახერხებენ.

კიდევ უფრო რთული სიტუაციაა მეორადი ავტომობილების ბაზრობაზე. გარდა იმისა, რომ ავტომანქანების ფასი შემცირდა, რეალიზაცია აქაც მკვეთრად დაეცა. ექსპერტების თქმით, ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკას საკმაოდ დიდი დარტმა მიაყენა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ რეექსპორტის ჩავარდნაზე გარკვეული გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის კრიზისმა. ასევე, ლარის დევალვაციამ. რაც შეეხება ბაზარზე ავტომობილების გაიაფებას, ამ ფაქტს ექსპერტი რეექსპორტის შემცირებას უკავშირებს.

„ზოგადად, 2014 წლისთვის ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანმა რეგულაცია გაამკაცრა. ავტომობილების ექსპორტის შემცირებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა 2014 წლის მთლიანი ექსპორტის შემცირებაში. 2014 წელს ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 1 000 275 დოლარით გაიზარდა. 2013 წელს ეს რიცხვი 1 000 215 დოლარი იყო, ხოლო 2012 წელს 1 000 650 დოლარი. რეალურად, ექსპორტის კუთხით ჩავარდნა არ გვაქვს.

რა თქმა უნდა, ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ გავლენა იქონია ჩვენს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაზე. ასევე, რუსეთ-უკრაინის კრიზისმა და ლარის დევალვაციამ. ბუნებრივია, გაყიდვის შემცირებამ ამ ადამიანების შემოსავალს დიდი დარტყმა მიაყენა, რაც ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. ამ ბიზნესში ჩართულ ხალხს ძალიან გაუჭირდება, სანამ სხვა რამეს მოკიდებენ ხელს და შემოსავალი გაუჩნდებათ, თუმცა, ამას ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. ახლა მთავარია, თანდათან გადავეწყოთ ისეთი პროდუქციის წარმოებაზე და ექსპორტზე, რომელიც ჩვენი იქნება და არა - სხვისი“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ „ბიპიენთან“ საუბრისას.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვა 30-50%-ითაა შემცირებული. პრობლემები აქვთ როგორც ავტოდილერებს, ასევე მანქანების შემოყვანით დაკავებულ კომპანიებს. მიზეზი ორია: ლარის კურსის ვარდნა და აზერბაიჯანული რეგულაციები.