ჰესები ჩქარა!

ჰესები ჩქარა!

ენერგეტიკული პროექტები მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. პრემიერ-მინისტრი ჰესების სწრაფად აშენებას ითხოვს, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას.

„ჩვენ თუ არ ავაშენეთ პატარა, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესები, ერთ-ორ წელიწადში მოგვიწევს უცხოეთიდან 1 მილიარდი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალსიტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ენერგოდამოუკიდებლობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს აგრეთვე ენერგოუსაფრთხოება. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც სკეპტიკურად უყურებენ ჰესების მშენებლობას, რომელიც არც გარემოს აზიანებს და არც მოქალქეების უფლებებს არღვევს - ჩვენ თუ არ მოვახერხეთ და ფორსირებულად არ ავაშენეთ პატარა, საშუალო და დიდი სიმძლავრის ჰესები, 1-2 წელიწადში მოგვიწევს 1 მილიარდი ლარის ღირებულების ელექტროენერგიის შესყიდვა უცხოეთიდან.

ეს იქნება დანაშუალი, რომ საქართველომ, რომელიც არის უმდიდრესი მთელ მსოფლიოში და მეორე ადგილზეა 1 სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მიხედვით, ვერ მოახერხოს ადგილზე უ.წ. მწვანე ენერგიის გამომუშავება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეყნები ომს იწყებენ. „ჩვენ გვაქვს ღმერთისგან ბოძებული რესურსები და უნდა გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე ვიყენებთ მხოლოდ 18%-ს. გვაქვს უნიკალური საშუალებები, რომ ჰესები ავაშენოთ.

უნდა გავაძლიეროთ და უნდა მოხდეს ყველაფერი კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით ისე, რომ გარემოზე ზემოქმედება იქნას შესწავლილი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერი ჰესების აშენების აუცილებლობაზე საუბრობს, მაგრამ გიგანტური ხუდონჰესის აგების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ჰესის მშენებლობის დაწყებას წელს არ ვარაუდობს. მისი თქმით, იქამდე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს.

„ეს არის ძალიან მსხვილი პროექტი და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება მომზადდეს სათანადოდ, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია. პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე- შეხვედრები ექსპერტებთან, თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროში, მოსახლეობასთან. რაც შეეხება მშენებლობას, გამიჭირდება საუბარი, რომ ეს წელს მოხდება, მაგრამ დაიწყება, როცა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაო დასრულდება“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასობაში კი, პირველად საქართველოში, ალტერნატიული ენერგიის ათვისება დაიწყო. სულ მალე გორში 20 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. პრემიერის ინფორმაციით კი, საპარტნიორო ფონდმა „ნენსკრაჰესის“ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„თანაინვესტირების ფონდმა დაიწყო ასევე 2 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა: მტკვარი ჰესის და ცხენისწყლის. ორივე პროექტის ღირებულება 800 მილიონი დოლარია. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ახალ პროექტზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრაზე.

გარდა ამისა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაიწყო ქვეყნის შიდა და რეგიონული მნიშვნელობის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, არსებული ქსელის-ქვესადგურების რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ აშშ დოლარამდეა.