ბიძინა ივანიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც ჩანს, სებ-ის ირგვლივ დაძაბულობა სულაც არ განელებულა მით უფრო, რომ ახლოვდება გიორგი ქადაგიძის პარლამენტის წინაშე გამოსვლის დრო. იქამდე 1 თვეა დარჩენილი და თუკი მდგომარეობა მკვეთრად არ შეიცვალა, ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა დაწნეხვა ელის სებ-ის პრეზიდენტს.
ექსპრემიერის აზრით, ქვეყნის მთავარი ბანკის დაგვიანებულმა რეაქციამ ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია, რამაც ლარის დევალვაციას შეუწყო ხელი.
„როდესაც მე ვთქვი, რომ ჯანსაღად და კარგად იქცევა ლარი, ამის მერე გავაკეთე განცხადება, რომ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. შემდეგ წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ვიყავი სრულიად თანმიმდევრული. როდესაც დაიწყო რყევა, ლარი მოიქცა ძალიან ჯანსაღად. როდესაც დაეცა და გაუფასურდა დოლართან, მაშინ ეკონომიკას მივაწერე ეს ყველაფერი და ეროვნულ ბანკს, თუმცა სებ-მა დააგვიანა და მოახერხა ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა. მაშინ მე ეროვნულ ბანკს სწორი შენიშვნა მივეცი და ეს იყო აბსოლუტურად თანმიმდევრული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი ამჯერად საპასუხო კომენტარში თავშეკავებული იყო. გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით უფრო დეტალურად პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგომისას ისაუბრებს.
„ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ბევრი საუბარი და მსჯელობა იყო. უფრო დეტალურად ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ, როდესაც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარვსდგები. მანამდე, დაახლოებით, ერთი თვეა დარჩენილი. წლიური ანგარიშის განხილვის დროს გვექნება ყველა საკითხის ძალიან დეტალური განხილვა.
ეროვნული ბანკის მიერ ქმედება იყო და არის სწორი. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება საკითხის ფუნდამენტურად გადაჭრას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების აღდგენით.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობას ასახავს. დღეს არსებული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არის ის ნიშნული, რისი შესაძლებლობაც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია.
„ლარის კურსის სტაბილურობის და მისი სიმყარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სხვა ფაქტორებთან ერთად უცხოური ვალუტის შემოდინებაა, ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, თუ რა დინამიკით ხასიათდებოდა ბოლო 14 წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში კრედიტების სახით და რა გავლენას ახდენდა ეს ლარზე.
1998-99 წლებში კრიზისის შედეგად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 2,45 იყო, რამდენიმე წელიწადში კურსმა დაიწია და 2007 წლამდე, ძირითადად, 2-2,15-ის ფარგლებში მერყეობდა. ამის შემდეგ 2008 წელს რუსეთთან ომის შედეგად ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნილი საქართველოსთვის, ბრიუსელში ჩატარებული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგად ქვეყანაში გადმოირიცხა 4,5 მილიარდი დოლარის კრედიტები და გრანტები, რომლის გადახდის აქტიური ფაზა 2013 წელს უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა გულბანმა.
მისი თქმით, მსგავსი მასშტაბით უცხოური ვალუტის შემოდინება ლარი-დოლარის კურსს დააწვა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,65 ნიშნულზე გამყარდა და შენარჩუნდა 2012 წლამდე, სანამ სახელმწიფოს მიერ ვალად აღებული კრედიტები არ ამოიწურა.
„2013 წლიდან მთავრობამ შეცვალა ლარის გამყარების სტრატეგია, რაც მანამდე საგარეო კრედიტებით იყო განპირობებული. შარშანწინდელი წელი იყო პირველი, როცა საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა 50 მილიონით. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია ის ფაქტი, რომ ლარის კურსი იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რის შესაძლებლობასაც იძლევა ქვეყნის ეკონომიკა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.
მიუხედავად ამისა, ლარის ამ მასშტაბით გაუფასურების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ეროვნული ბანკის დროული და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად. დღეისათვის კი გვაქვს შემდეგი რეალობა - მთავრობა აღარ აპირებს საგარეო ვალის ზრდის ფონზე შეინარჩუნოს ეროვნული ვალუტის სიმყარე, რისი ნათელი და რეალური ალტერნატივაც არის ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ზრდა. საერთოდ კი მთავრობამ უფრო მეტი ხისტი ეკონომიკური რეფორმები უნდა გაატაროს“, - განაცხადა შოთა გულბანმა.