კერძო სკოლების ნაწილმა ხელშეკრულების გადახედვა და სწავლის საფასურის გაძვირება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ცოტა უცნაურია - ლარის კურსის დაცემა. ამასობაში მშობლები გაზრდილ ხარჯს ვეღარ აუდიან და შვილები კერძო სასწავლებლიდან საჯარო სკოლაში გადაჰყავთ.
ზოგიერთ კერძო სკოლაში მომავალი სასწავლო წლიდან სწავლის საფასური ჯამში 300 ლარით, ზოგიერთში კი 500 ლარით გაიზრდება. „მარი ბროსეს“ ფრანგულ სკოლაში მშობლები შვილის განათლების სანაცვლოდ ყოველწლიურად 3000 ლარს იხდიან. მომავალი წლიდან კი სწავლის საფასური 500 ლარით გაუძვირდებათ. სკოლის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მიზეზი ლარის გაუფასურებაა.
„თუ სწავლის საფასურს არ გავზრდით, რამდენიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით - მასწავლებლები არსებულ ხელფასზე აღარ იმუშავებენ, გაგვიძვირდება კვება, გათბობა, ასევე სასკოლო პროცესის წარმართვის ხარჯები“, - ამბობს ვაჟა ცხოვრებაშვილი, „მარი ბროსეს ფრანგული სკოლის“ დირექტორი.
ლარის კურსის ცვლილების ვარდნამ სწავლის საფასურის გადახედვა აიძულა სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესსაც“. მართალია, ლიცეუმში გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებს უკვე აცნობა. სკოლაში ამჟამად 1200 ბავშვი სწავლობს და ყოველწლიური გადასახადი 4000 ლარს შეადგენს.
„თუ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ მნიშვნელოვნად გამყარდება, სწავლის საფასურის გადასახადში ცვლილებებს არ შევიტანთ, მაგრამ თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს, სწავლის საფასურის შეცვლა და წლიური გადასახადის 300 ლარით გაზრდა მოგვიწევს ან იმდენით, რამდენიც ინფლაციურ პროცესს დააბალანსებს“, - უთხრეს „ბიპიენს“ „მწიგნობართუხუცეში“.
კერძო სკოლების გადაწყვეტილება უცნაურია, რადგან ლარის კურსის ცვლილება საგანმათლებლო დაწესებულებასთან ნაკლები კავშირი აქვს. ისინი შემოსავალს ლარში იღებენ და ხარჯსაც ლარში ისტუმრებენ, მათ თანამშრომლებს ხელფასი ლარში ერიცხებათ, გათბობისა და სასკოლო პროცესის წარმართვის ხარჯი არ უძვირდებათ, ინფლაცია ჯერჯერობით თვალშისაცემი არ არის (ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა საწვავი, შაქარი, ხორცი, ხილ-ბოსტნეული - ფასი შენარჩუნებულია). ასე რომ, გაზრდილი შემოსავლის მიღების სანაცვლოდ ლარის კურსის გაუფასურების მოტივის დასახელება, მყარი არგუმენტი არ არის.
თანაც, როდესაც ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმდება მომსახურების ყველა სფერო ცდილობს ფასი არ გაზარდოს ან სულაც შეამციროს, რათა კლიენტი მაქსიმალურად შეინარჩუნოს. კერძო სკოლების ასეთი გადაწყვეტილება, მათთან მოსწავლეთა კონტინგენტის შემცირებას გამოიწვევს. ასეთი ტენდენცია უკვე შეიმჩნევა და გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება. მით უფრო, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა მწვავე კრიზისს თანდათან თავს აღწევს.
თანხის დაზოგვის გამო ძალიან ბევრმა ბავშვი კერძო სკოლიდან გამოიყვანა და საჯაროზე გააკეთა არჩევანი. ნაწილმა მცირე ფინანსებისა და გაზრდილი დანახარჯის გასანეიტრალებლად შვილის იაფფასიან სკოლაში გადაყვანა გადაწყვიტა.
ლია გოგსაძეს ბავშვი საჯარო სკოლაში დაჰყავს. სურვილის მიუხედავად, მას არ აქვს საშუალება შვილი კერძო სკოლაში ატაროს. მიზეზი უსახსრობაა.
„კერძო სკოლა „ოპიზაში“ მინდოდა მიმეყვანა ბავშვი, მაგრამ უფულობის გამო ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, კერძო სისტემა სჯობს, რადგან ასე უფრო დაცული ხარ. კლასში ცოტა ბავშვი ზის და მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეებს. თანაც მომწონს მათი ნიშა. დიდი ყურადღება ექცევა რელიგიას, ხელოვნებას და უცხო ენას. იღებენ მონაწილეობას სხავადასხვა კონკურსებში.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩემთვის შეუძლებელია. ისე გაჭირდა ცხოვრება, ვისაც კერძო სკოლაში დაჰყავდათ, მათაც კი გამოიყვანეს. სავსეა საჯარო სკოლები გადაყვანილი მოსწავლეებით. ტევა აღარაა“, - ამბობს ლია გოგსაძე.
ლარის გაუფასურებისა და პროდუქტზე ფასის მატების პარალელურად, ოჯახის ხარჯი გაიზარდა. ამის გამო მშობლების უმეტესობა უკმაყოფილოა. ისინი სხვა დანარჩენ ხარჯთან ერთად, განათლებისთვის საჭირო თანხას ვეღარ აგროვებენ. ამიტომ ნაწილი იძულებულია ეკონომია გასწიოს და სწავლისთვის გამოყოფილი თანხა შეამციროს.