„დაინგრა ის ვერსია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა საზოგადოებას“

„დაინგრა ის ვერსია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა საზოგადოებას“

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს ევაზ ლაზარიასთვის ბრალი წარდგენა იმდენად მძიმე აღმოჩნდა ყოფილი მმართველი გუნდისთვის, რომ უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ ზურაბ ჟვანიას და რაული უსუფოვს არატრადიცული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა და ყოფილმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას ამცნეს, რომ ქვეყნის პრემიერი კონსპირაციულ ბინაში არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშიროჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. სწორედ ეს ვერსია დევს დღემდე ოფიციალურ ვერსიად. საქმეში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური ბიურო. გამოძიების ფედერალური ბიურო აღნიშნავს, რომ თბილისში ჩატარებული ექსპერტიზის დროს CO-ს კონცენტრაციას არ მიუღწევია და არ გადაუჭარბებია სიცოცხლისათვის სახიფათო სტანდარტისთვის.

გარდა ამისა, ექსპერტიზა ჩაუტარდა ბინაში დამონტაჟებულ „ნიკალას“ გამათბობელს, რომელზეც ნახსირბადის კვალი ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად ჩნდება კითხვა, როგორ გამოყოფდა საბურთალოს 53-ში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი CO-ს. გარდა ამისა, ბინაში დამონტაჟებული „ნიკალას“ გამათბობელზე ექსპერტიზა, ექსპერტმა ლევან სამხარაულმა ჩაატარა, რომელიც ამ ფაქტიდან ზუსტად 4 თვეში საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული.

აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მთავრობამ. ნორლანდის თქმით, თუ საქართველოს მთავრობას აქვს ახალი ინფორმაცია და მიაწვდის მას, ფედერალური ბიურო მზადაა, რომ ეს მასალაც გამოიძიოს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამერიკული მხარე მზად არის, თხოვნის და სურვილის შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურის თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით. ბატონი ჟვანიასა და მასთან ერთად ნაპოვნი ადამიანის შემთხვევაშიც ასე მოხდა ადრე და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე პირველი იყო, რომელმაც საზოგადოებას ამცნო რა ეწერა აშშ-ის ფედერალური ბიუროს დასკვნაში. „მასალები ადასტურებდა, რომ ხელისუფლების მიერ გავრცელებული მტკიცებულებები გაყალბებული იყო. პროკურატურა რომელიც ამ საქმის მასალებს აყალბებდა, მოქმედებდა გარკვეული განზრახვით. რა განზრახვა ჰქონდა პროკურატურას, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდი შეიძლებოდა მქონოდა, რადგან ნებისმიერი ჟურნალისტისთვის მტკიცებულებების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, - აცხადებდა ვახო კომახიძე.

ჟურნალისტის თქმით, გაყალბების არაერთი ნიმუში თავდავპირველადვე იყო სახეზე. პირველი, ყველაზე თვალშისაცემი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პროკურატურა თავიდან ოჯახს სთავაზობდა საქმის მასალებს, რომელშიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ინგლისური ტექსტი, ქართულ ნათარგმნთან ერთად

მისივე თქმით, ქართულ ვარიანტში ეწერა, რომ ნახშირბადის ონოქსიდის დონემ მიაღწია და გადააჭარბა დაშვებულ ზღვარს. ხოლო ინგლისურ ვარიანტში ეწერა, რომ დონეს არ მიუღწევია სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარისთვის. ტექსტი იყო ნათარგმნი კვალიფიციური მთარგმნელის მიერ და ძალიან საეჭვ, რომ ეს შეცდომა ყოფილიყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ გამათბობელი, რომელიც ბინაში ახალი დამონტაჟებული იყო, გამოძიების ფედერალური ბიუროს ლაბორატორიამ გამოიკვლია. მათ დასკვნაში წერია, რომ გამათბობლის კედლებზე არანაირი ჭვარტლის კვალი არ იქნა აღმოჩენილი. ეს არის ყველაზე დიდი მტკიცებულაბა იმისა, რომ აღნიშნულ ბინაში გაზის გაჟონვა არ მომხდარა“, - ამბობს ვახტანგ კომახიძე.

იმ დროისთვის, პატიმრობაში მყოფი, „თბილგაზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გია გვიჩიანი აცხადებს, რომ „თბილგაზის“ საავარიო სამსახურში შემოვიდა ზარი, რომ ავტომობილი დაეჯახა უბანში გამავალ გაზსადენს და დაიწყო გაზის გაჟონვა. საავარიო სამსახურმა ოპერატიულად გადაკეტა გაზი, ინფორმაცია გადასცა რაიონს, რომ მეორე დღეს შეეკეთებინათ დაზიანებული ადგილი.

„ზუსდატ შემიძლია აღვწერო ეს ვითარება - იმ უბანში გაზი ღამის თერთმეტის ნახევარზე გადაკეტეს. შესაბამისად, ზურაბ ჟვანია, რომელიც თურმე იმ ბინაში დაცვამ 12 საათის შემდეგ მიიყვანა, გამათბობელს ვერ ჩართავდა, რადგან გაზი უკვე გათიშული იყო. იცით, რომ მეორე დილით საავარიო სამსახურის უფროსმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ უბანში გაზი არ იყო და პრემიერ-მინისტრი გაზით ვერ გაიგუდებოდაო. სხვათა შორის, ამ ინტერვიუს შემდეგ პროკურატურამ ამ ადამიანს აუკრძალა ჟურნალისტებთან ურთიერთობა“, - აცხადებდა გია გვიჩიანი.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დეტალებისა, ყოფილი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალება CO-მ გამოიწვია. ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა ამტკიცებს, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ჟვანიას დაცვის წევრები უდანაშაულოები არიან და ისინი საქმის დეტალებს ყოფილი პრემიერის ღირსების დაცვის მიზნით არ ასაჯაროვებდნენ. მისივე თქმით, საქმეში კრიმინალის რაიმე ფორმით არსებობა არ დასტურდება. ბასილაია უარყოფს გოგლა ჟვანიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ადგილას დადგმული იყო სცენა, რომ ამ ორ ადამიანს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ.

„12 საათზე შედიან ერთად, 3 საათზე პოულობენ ერთად გარდაცვლილებს. მე ნუ დამარქმევინებთ სახელს ნურაფერზე. ამასთან დაკავშირებით კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია თავიანთ სასამართლო პროცესზე ისაუბრობენ. მეორეც, თუ ეს იყო ინსცენირებული, რა უშლის პროკურატურას ხელს, რომ FBI-ის დასკვნა გამოაქვეყნონ და მე არ მასაუბრონ, თუ ტყუილს ვამბობ? მაგრამ, ეს არის იმ სიცრუის გაგრძელება, რაზეც მთელი ეს წლები მიდიოდა საუბარი“, - ამბობს ბექა ბასილაია.

ყოფილი პრემიერის ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, დადგმული იყო სცენა, თითქოს, ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ინფორმაცია ოჯახისთვის ცნობილი იყო. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩავარდა ისტერიკაში იმიტომ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის. მისივე თქმით, მალე გახდება საჯარო - ვინ, როგორ და რატომ დადგა ეს სცენა. ამაზე კონკრტეული ადამიანები სერიოზულ პასუხს აგებენ.

რაულ უსუპოვის მამა, იაშა უსუპოვი აცხადებს, რომ საქმეში ყველა დასკვნა დევს და დამალული არაფერია. მისი თქმით, გუშინ ახალი არაფერი თქმულა და მათ ყველაფერი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იცოდნენ, თუმცა უსუპოვის თქმით ხდებოდა დაშინება დასკვნების გასაჯაროვების მუქარით.

„რუსთავის 2“-ის ინფორმაციით, დასკვნები, რომელიც მათ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა 2005, 2006 და 2007 წლით თარიღდება. მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი, დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დასკვნაში ასევე წერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში.

როგორც „რუსთავი 2“ ირწმუნება, FBI ამბობს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა. ვიზუალური დათვალიერებით, გამათბობელი არ აღმოჩნდა ფიზიკურად დაზიანებული. თუმცა, ვიზუალური და ფიზიკური ტესტირებით გამათბობლის და გარე სივრცის შემაერთებელი გაუმართავი აღმოჩნდა.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის, პირველ რიგში, საინტერესოა დოკუმენტის ავთენტურობა, რადგან როგორც თვითონ ამბობს, FBI-ის ინგლისურენოვან დასკვანში პირდაპირ ეწერა, რომ ჭიქებზე და ბოთლებზე თითის ანაბეჭდი საერთოდ არ იყო.

„დავუშვათ იქ მართლა რაღაცა ხდებოდა, მაშინ სიკვდილის მიზეზი რა იყო? რატომ დებდნენ ამ ძეხვებს? ბალზამირების მერე აღებული სისხლი? ძალიან ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც მაშინვე ბადებდა კითხვებს. რაც შეეხება ზეწრებზე და ხალათზე აღმოჩენილ დნმ-ის კვალს, მე ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ იგივე დასკვნაში მეც სულ სხვა რამ მაქვს წაკითხული. სანამ დოკუმენტის ავთენტურობა არ იქნება დადასტურებული, მანამ გაბუნიას შერჩეულ ნაწილზე ვერ ვილაპარაკებ.

დოკუმენტის ავთენტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან FBI-ის დასკვნითი ნაწილი, რომელიც ტექსტის სახით მოგვაწოდეს, წერია, რომ თურმე, ამ თემის გარშემო დაწყებულა სპეკულაციები და ბინძური პროვოკაციები და ა.შ. ექსპერტიზის ტექსტში ასეთი რამე შევიდეს, ეს პირველად მესმის. წაკითხული მაქვს როგორც ქართული, ისე ინგლისური ვარიანტი. ინგლისურ ნაწილში წერია, რომ გამათბობელის მუშაობის დროს, არც ერთხელ არ მიუღწევია ისეთ კონცენტრაციას, რომელიც შეიძლება ტოქსიკურად ჩაითვალოს, ქართულ თარგმანში წერია, რომ კონცენტრაცია, რამდენჯერმე მიაღწია სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარს. გუშინ დასკვნის ეს ნაწილი არ იყო გახმაურებული“, - აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

ექსპერტი ამბობს, რომ ამ გადაცემამ კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა შეიტანა სიკვდილის მიზეზში და დაინგრა ის ვერსია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა საზოგადოებას.

„იგივე დასკვნით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, პირველად საზოგადოებისთვის გამოცხადდა, რომ CO-მ არაერთხელ მიაღწია სიცოცხლისთვის სახიფათო ზღვარს, შემდეგ უკვე ინახა მისი ინგლისური დედანი და აღმოჩნდა, რომ კონცეტრაციას არც ერთხელ არ მიუღწევია სიცოცხლისთვის საშიში ზღვრისთვის, მაშინ რითი გარდაიცვალნენ? დავუშვათ, დნმ-ის კვალი ნახეს ხალათზე, მაგრამ სიკვდილის მიზეზი რა არის? მაშინ რა საჭირო იყო გვამის წაყვნა-წამოყვანა, რას მალავდნენ? ამ გადაცემამ კიდევ უფრო მეტი დაბნეულობა შეიტანა სიკვდილის მიზეზში. კიდევ უფრო დაინგრა ის ვერსია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა საზოგადოებას. ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი ნათელი იყო, მაშინ რატომ არ დახურეს საქმე?“, - აცხადება მაია ნიკოლეიშვილი.