დღის სატელევიზიო ეთერის კვალდაკვალ...

დღის სატელევიზიო ეთერის კვალდაკვალ...

მოძალადე არასრუწლოვანი ქართული რეალობის მსხვერპლია. ქართული რეალობაა მედიის პოლიტიკაც, რომელმაც ახალი ღირებულებების თუ რისკიანი ქცევების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

არასრულწლოვნებს შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტის გასაჯაროებისას მედიის მიერ დასმული კითხვა ასეთია: რამდენად დაცულნი არიან არასრუწლოვნები ამგვარი ძალადობისგან და რამდენად ეფექტურია სახელმწიფო მათი რეაბილიტაციის კუთხით. ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ძალადობის მსხვერპლი, არასდროს მოძალადე ბავშვი. სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ ბოლო ხანს უფრო საგრძნობია მოძალადე არასრულწლოვანის სინდრომი. ეს მოსალოდნელი იყო.

ჩვენს ქვეყანაში თაობები გაიზარდა ტელეეკრანის მარცხენა ქვედა მხარეს, წრეწირში ჩასმული ცნობილი ლათინური ასოს U ნიშნით ტრანსლირებულ ფილმებსა და სერიალებზე, რომელმაც ვირტულური ძალადობა რეალური გახადა. უპრეცედენტოდ ლიბერალური “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” გამოისობით სწორედ შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით Uქართველი ბავშვებისთვის ძალადობის სცენები დაშვებულია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

წლების მანძილზე ამ სპეციალური მინიშნებით U რეგულირების გარეშე დღის საათებში გადაიცემა უხამსი, ეროტიკული სცენებით გაჯერებული ფილმები და სერიალები.

ახალგაზრდა თაობა უკვე საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების მიხედვით მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებებისაგან მშობლები დაზღვეულები არც ძვირადღირებულ და პრესტიჟულ კერძო სკოლებში არიან, სადაც სწავლის მაღალი საფასური ბავშვის დაცულობის გარანტია ვერ აღმოჩნდა. არასრულწლოვანთა მსხვერპლნი ხშირად მათივე თანატოლები ან უმცროსი ასაკის ბავშვები ხდებიან. ყველაფერი მარტივადაა. ბავშვი იღებს იმ ნორმებს, რომელსაც მას საზოგადოება სთავაზობს.

2014 წლის 4 ნოემბერი. გაზეთი „ქრონიკა + “ - „სექსუალური ძალადობის იმიტაცია 12 წლის მოზარდზე“.

სტატიაში ვკითხულობთ - სანიმუშოა დედაქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, რომლის თანახმად სკოლის პრიორიტეტია მოსწავლეთა ზნეობრივი და მორალური განვითარება. მაგალითად კოდექსი გვაუწყებს, რომ სკოლაში იკრძალება ყველანაირი სახის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, უწმაწური სიტყვების გამოყენება. ამის მიუხედავად სკოლის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო თავისი მეშვიდე კლასელი მოსწავლის უსაფრთხოება. 12 წლის ლუკაზე მისმა კლასელებმა იმიტირებული სექსუალური აქტი განახორციელეს, რამაც ბიჭს ძლიერი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს. საგაზეთო სტატიაში სექსუალური ძალადობის იმიტაციის აღწერისას მოძალადეების მისამართით მშობელმა დასძინა შემდეგი: „ალბათ ტელევიზიით ძალადობის სცენები ჰქონდათ ნანახი“. მისი აზრი დაემთხვა თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარი დირექტორისას: „ისეთ ასაკში არიან და ტელევიზორში ისეთ რაღაცეებს უყურებენ, შეიძლება რაღაც მოხდაო“.

2014 წლის 13 ნოემბერი. „პირველი რადიო“. მე-8 კლასელი ბიჭების გარკვეული ჯგუფი მე-7 კლასელ გოგონაზე სექსუალურად ორი თვე ძალადობდა. საქმე სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედების მუხლით დაკვალიფიცირდა.

2014 წლის 23 ივნისი. „ნიუპოსტი“. ბაღდათის სოფელ საიმედოში 13 წლის ბიჭმა 6 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა.

შთამბეჭდავი და ამავე დროს დამაფიქრებელი სურათია.

დროულია დაისვას კითხვა - ხუთი წლის მანძილზე მოქმედმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსმა დაიცვა თუ არა არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზემოქმედებისაგან. ზუსტად ხუთი წლის წინათ მიიღეს კოდექსი. მიაღწია თუ არა ქართულმა საზოგადოებამ დღის ეთერის შექმნას, სადაც ცივილიზებული ქვეყნების მსგავსად დროის ამ მონაკვეთში არასრუწლოვანები დაცულები იქნებიან უხამსობისა და ძალადობის შემცველი სცენებისაგან.

განვმარტავ: თუ უცხოეთში ძალადობის შემცველი ფილმები და გადაცემები კატეგორიზებულია ძალადობის ინტენსივობის მიხედვით, ჩვენთან ამის კატეგორიზაცია არ ხდება.

ერთ-ერთ არხზე დღის საათებში, შეუზღუდავი კატეგორიის აღმნიშვნელი ნიშნით U გადასცემდნენ ამერიკულ სერიალს, რომელიც ძალადობის მრავალფეროვან და რაც მთავარია ნატურალისტურ სცენებს გვთავაზობდა. სერიალში ისმის უკიდურესი ბილწსიტყვაობა, რომლის გამეორება შეუძლებელია.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ამგვარი პროდუქციის ეკრანზე მოზღვავება საბავშვო ფსიქიკაზე აუცილებლად აისახება.

ნაირა ძიძიგური: „უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებსაც მოზარდი ეცნობა. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა, ფილმები ძალადობის სცენებითაა სავსე. როცა ამ ყველაფერს ბავშვი ყოველდღე ხედავს, ნელ-ნელა ეჩვევა და აგრესიული ქცევა მისთვის გარკვეულ ნორმად ყალიბდება. ამას კი იმ სავალალო შედეგამდე მივყავართ, რაც ჩვენს რეალობაში ხდება.“

გიორგი ყიფიანი: „წარმოუდგენელია ის დაშვება, რასაც აძლევს ჩვენი კოდექსი ტელეკომპანიას - დღის საათებში ძალადობის 15 წამის ხანგრძლივობის სცენების თავისუფლად ჩვენება. აქ ძალადობა მუდმივად გადაიცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

შალვა აბზიანიძე: „ავიღოთ ძალადობის ამსახველი ამერიკული ფილმები. ასეთ ფილმებს რომ იღებენ - ეს საკითხი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აქვთ შესწავლილი, დასკვნაც გაკეთებული.

ჩვენთან რა ხდება- ფილმები ამაღლებენ აგრესიას, ჩვენი კულტურისთვის ესაა მიბაძვა, კოპირებას ახდენს და მოდელის როლში გამოდის”.

იქნებ საზოგადოებამ უფრო გამახვილებული თვალით შეაფასოს ეკრანზე ნანახი. ხელისუფლება კი მაუწყებლის რეგულირების საკითხის წინ წამოწევის აუცილებლობაზე ჩაფიქრდეს.

მოსაწესრიგებელია კატეგორიზაციის სისტემა. საჭიროა გამკაცრდეს აკრძალვები ბილწსიტყვაობაზე.

უცხოეთში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ უხამსი, შეურაცხმყოფელი ლექსიკა ძალადობრივი ქცევის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

თავად აშშ-ში ერთი ბილწი სიტყვაც კი საკმარისია, რომ მხატვრული ფილმი 17 წლამდე ახალგაზრდებისათვის შეუფერებლად ჩაითვალოს, რაც განაპირობებს დღის საათებში ამ ფილმის რეკლამის შეზღუდვას.

სამაუწყებლო სფეროში თითქმის მოშლილია კონტროლის მექანიზმებიც. ეს განსაკუთრებით საცნაური დღის ეთერში დაგეგმილი გადაცემებიდან ხდება.

ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მედიაკვლევის შედეგების მიხედვით დადგენილია, რომ საღამოს საათებთან შედარებით მოსახლეობის ყურებადობის დრო დღის მანძილზე გაცილებით მოკრძალებულია. ღამის საათებში გასული შოუები თავისი ეპატაჟით თუ უცნაურობებით ხშირად საზოგადოების მსჯელობის საგანი გამხდარა. იმავეს ვერ ვიტყვით დღის საათებში დაგეგმილ შოუებზე.

არხიდან არხზე გადართვისას, ისეთ ფილმებსა და გადაცემებს ვაწყდებით, რომლის ნახვა ბავშვებისთვის არარეკომენდებული და აკრძალულია. კანონის მიხედვით, არსებობს დრო, როცა ამა თუ იმ ფილმის, გადაცემის გაშვება ტელევიზიით არ შეიძლება მით უმეტეს, თუ ტელეეკრანის მარცხენა, ქვედა მხარეს, სპეციალური მინიშნება არ არსებობს.

ყოველივე ამის უგულებელყოფის ფონზე რეკომენდებულია თუ არა მსგავსი გადაცემა ხელმისაწვდომი გახდეს საბავშვო აუდიტორიისთვის, თავად განსაჯეთ.

წინასწარ დავძენ: ინტიმური პლასტიკის მეშვეობით სასქესო ორგანოების ფორმისა და სტრუქტურის კორექციის შესახებ წამიკითხავს პუბლიკაციები, მინახავს უცხოურ არხებზე გადაცემები. მათგან განსხვავებით ერთერთ კომერციულ არხზე დღის საათებში გასულ გადაცემაში თემა მკვეთრად სექსუალურ კონტექსტში წარმოჩინდა. გარდა ამისა, ინფორმაციის შესაბამისი ინტონაციითა და მახვილებით გადმოცემა, გაფიქრებინებთ, რომ სატელევიოზიო არხების მესვეურებმა დროა ჟურნალისტების, წამყვანების ეთიკურ განათლებაზე იზრუნონ.

ესთეტიკური გინეკოლოგიის აუცილებლობაში მაყურებლის დასარწმუნებლად მთელი გადაცემის მანძილზე ორად ორ სიტყვას წარმოთქვამდნენ: აღგზნება და ორგაზმი.

გადაცემის თემა: “ვიცნობთ თუ არა ქართველი ქალები საკუთარ სხეულს” სიტყვასიტყვით ასეთი დატვირთვით მიაწოდეს მაყურებელს: “ ქალი როგორ უნდა აღიგზნოს. როგორ უნდა ჰქონდეს მას კარგი და ხარისხიანი ორგაზმი“.

სტუდიაში სტუმრების გამოჩენას წინ უსწრებდა გადაცემის ფორმატში იმ დღეს განხორციელებული ცვლილება-კულინარიული ჩართვა.

აღმგზნები კერძების დაანონსების შემდეგ. გვაუწყეს: „სანამ კერძიდან აღვიგზნებით, გავიგოთ სხვა რა საშუალებით შეიძლება აღვიგზნოთ.“

ამ გადაცემით უმწიფარი გოგონები სექსუალური მორალის ლიბერალიზაციას შეეჯახებოდნენ. მოისმენდენ ინფორმაციას, რომლის შესახებ როგორც რედაქციის მიერ ჩატარებული ქუჩის გამოკითხვიდან გაირკვა, წარმოდგენა არ ჰქონდათ მათზე გაცილებით უფროს ქალბატონებს.

გადაცემა, რომელიც გადაიცა იმ ტელეარხის ეთერით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, ბავშვები მოისმენდენ სექსოლოგთან ფართოდ გაშლილ დისკუსიას ორგაზმზე, სიყვარულის ტექნიკაზე, ეროტიკაზე.

დასასრულს კი საქართველოში მოწვეულ რუს სპეციალისტთან დააზუსტეს რამდენ ლარად გვექნება გარანტირებული ორგაზმი.

ამ გადაცემის ყურების შემდეგ შეუძლებელია არ დაგებადოთ კითხვა - რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში არასრულწლოვანთა ფსიქიკის დასაცავად. იქნებ მოვიძიოთ სამაუწყებლო კომპანიების თვითრეგულირების მექანიზმში შესული საჩივრები კომპანიის მიერ კანონის დარღვევის შესახებ. საინტერესოა თუ მოიძებნება პრეცედენტი ამ დარღვევათა განხილვისა და მათზე რეაგირების შესახებ.

ერთი საინტერესო ფაქტი: ერთ-ერთ ვიდეოპორტალზე გინეკოლოგიური სფეროს შესახებ ვიდეომასალა იდო, რომელსაც +18 ასაკობრივი ცენზი ჰქონდა მინიჭებული და მის სანახავად ავტორიზაციის გავლა იყო საჭირო. საქართველოში ინტერნეტ სივრცისგან განსხვავებით აბსოლუტურად დაუცველები ვართ ტელევიზიისგან. შედეგიც არ აყოვნებს.

ანზორ თოთაძე, დემოგრაფი: - „იმ პოლიტიკის მიხედვით, რასაც მედია ატარებს, საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი. 15 წლის წინათ თუ 2 გოგონას ჰქონდა ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრება დაწყებული, ახლა ასეთი გოგონების რაოდენობა 20-მდეა გაზრდილი. შესაბამისად, ბოლო 10 წელიწადში ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილია აბორტების რიცხვი“.

მედიის პოლიტიკაში დემოგრაფი გულისხმობდა სექსუალური თავისუფლების პროპაგანდას ადრეული ასაკიდანვე.

იქნებ მართლაც ბაღდათის სოფელ საიმედოში, დედაქალაქის პრესტიჟულ სკოლაში თუ კახეთის სოფელში არასრულწლოვნებს შორის სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედების გახშირების მიზეზები მსგავსი სახის გადაცემებშიც უნდა ვეძიოთ.

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ტელეკომპანიის მიერ შეთავაზებული ეროტიკულ-კულინარიულ-სექსოლოგიური MIX, არასრულწლოვანი გოგონების ფსიქიკას არ წაადგებოდა.

მედიის მიერ მოგებაზე ორიენტირება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ რა ვუყოთ შეფასებებს, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში დაპირისპირებული მხარეებისგან გაისმა. “ალბათ ტელევიზიით ჰქონდათ ნანახი” “ისეთ ასაკში არიან და ტელევიზიით ისეთ რაღაცეებს უყურებენ, შეიძლება რაღაც მოხდაო.”

თუ არასრულწლოვნებზე ტელემედიის ზემოქმედების ძალა მყარი არგუმენტი არ არის ამ მტკივნეული საკითხის წინ წამოსაწევად, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა: უცხოური რეგულირების მოდელი რატომ გამორიცხავს უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი სცენების დღის საათებში ჩვენებას.

არა მარტო დასავლეთის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამაუწყებლო სივრცეშიც, ამგვარი მასალის გაშვებაზე უმკაცრესი კონტროლია დაწესებული.

რაც მთავარია, ბავშვის ცხოვრებაზე ტელევიზიის როლსა და გავლენაზე უცხოეთში ბევრს ფიქრობენ და მსჯელობენ. თემას “ბავშვი ტელეეკრანის წინ” გასულ წლებში, ამერიკასა და გერმანიაში უამრავი პუბლიკაცია მიეძღვნა. ქართულ სინამდვილეში კი ნებისმიერ სადისკუსიო ფორმატში, ეს იქნება ელექტრონული თუ ბეჭვითი მედია, მსგავსი თემა თითქმის არ იძებნება.

დღესდღეობით ქართული რეალობაა მოძალადე არასრულწლოვანი, რომელზეც საზოგადოებამ თუ არ იზრუნა, შესაძლოა, ისინი გაცილებით უარეს მოძალადეებად ჩამოყალიბდნენ.

ამაში კი განსაკუთრებული როლი მედიას ეკისრება, რომელიც როგორც ცნობილია ინდივიდებზე გავლენას მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს.