საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული მამუკა ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
"ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.