„ყველა იმ ადამიანს გამოვიყვანთ, ვისაც ბატონმა ზუმბაძემ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“

„ყველა იმ ადამიანს გამოვიყვანთ, ვისაც ბატონმა ზუმბაძემ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა.ზუმბაძე რომელმაც თავდაცვის სამინისტროში კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გადაინაცვლა, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბინძური კამპანია და საკუთარი რეპუტაციის დასაცავად, ცილისმწამებლური განცხადებების ავტორების წინააღმდეგ, შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ვალერი ზუმბაძე „ჯაშუში ფოტოგრაფებისა“ და „ენვერის“ საქმის გამომძიებელი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება დაკავებულების აღნიშნული საქმეების გაყალბება. ნატოს აგენტად გამოცხადებული, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მისი საქმე სწორედ ზუმბაძემ „შეკერა“. მაისაია არ არის ერთადერთი, რომელიც ზუმბაძეს უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფი გიორგი აბდლაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მის საქმის მთავარი „გმირი“ სწორედ ზუმბაძე იყო.

რა კავშირი აქვს ფოტოგრაფების საქმესთან და რატომ მიმართავენ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი აბდალაძეს ესაუბრა.

გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე უარყოფს მის მონაწილეობას ამ სკანდალურ სისხლის სამართლის საქმეებში და მიმართავს სასამართლოს. თუ გაქვთ მტკიცებულება, რომლითაც შეძლებთ დაადასტუროთ ზუმბაძის დანაშაულებრივი ქმედება?

- ძალიან კარგი, თუ შეაქვს საჩივარი. დავხვდებით სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ნათელი მოეფინება ბევრ რამეს. ჩვენ გვაქვს დოკუმენტაცია და მტკიცებულები, სადაც ფიგურირებს ბატონი ზუბაძე. დოკუმენტებით ვამტკიცებთ, რომ ეს ადამიანი კურირებდა ამ გახმაუარებულ საქმეებს. ამის გადრა, ჩვენ გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, ვისაც 2007 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დანაშაული აღიარებინეს სხვადასხვა მეთოდებით. ამ ხალხსაც გამოვიყვანთ სასამართლოში. აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს გამოვიყვანთ, ვისაც ბატონმა ზუმბაძემ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.

ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ ეს ადამიანები, ვინც ვანო მერაბიშვილს მსახურობაში ჰყავდა და დღესაც მას მისტირიან, არ გამოადგება ამ ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ეს ჩანერგილი ადამიანები, არჩევნების წინა პერიოდში აუცილებლად დაარტყამენ ხელისუფლებას. ჩემი ვერსიაა, რომ ერთ მშევნიერ დღეს, ვანო მერაბიშვილის კადრების მფარველობა ძალზედ ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას.

ფოტოგრაფების საქმეში რა როლი შეასრულა ვალერი ზუმბაძემ?

- ჩემს ადვოკატს უშუალოდ ზუმბაძესთან ჰქონდა შეხება, როდესაც ჩვენ ჯაშუშობის ბრალდებით დაგვაკავეს და ვიმყოფებოდით მოდულის შენობაში. ზუმბაძე პირადად აცნობდა დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზე, ჩვენ წაგვიყენეს ბრალდება, თითქოსდა, ვიყავით ჯაშუშები. გარდა ამისა, სხვა ფოტოგრაფებიც ადასტურებენ, რომ უშუალო შეხება ჰქონდათ ზუმბაძესთან.

როგორ ფიქრობთ, რა მოტივით მოხდა მისი თავდაცვის სამინისტროში დანიშვნა? თავდაცვის მინისტრმა არ იცოდა მისი წარსული საქმინაობა, მითუმეტეს, რომ ორივე ერთი სტრუქტურდან მოდის?

- არ ვიცი, რა კავშირები აქვთ, ოჯახური, ნათესაური თუ მეგობრული, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ ადამიანს ყველა ჯაშუშობის საქმეში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფაქტია ისიც, რომ ეს ჯაშუშობის საქმეები იყო შეთითხნილი. ეს ადამიანი მონაწილეობდა სიმონ კილაძის, ვახტანგ მაისაიას, ფოტოგრაფების საქმეში. იგივე „ენვერის“ საქმეში მთავარ როლშია ბატონი ზუმბაძე. ყველა ამ გახმაუარებულ და სკანდალურ საქმეში მონაწილებოდა ეს კაცი.

რაში სჭირდება თავდაცვის სამინისტროს ეს კადრი? ახლა ამ უწყებას ამოფარებული ცდილობს თავის მართლებას. ყველაზე მძიმე ბრალი წამოგვიყენეს, ღირსება შეგვილახეს, სულში ჩაგვაფურთხეს, გადაგვიარეს, არაფერი არ დაგვაკლეს და ასეთ კაცს გადაეფარა თავდაცვის სამინისტრო! შერცხვება თავდაცვის სამინისტროს, როდესაც დოკუმენტები გასაჯაროვდება. კარგად დაფიქრდნენ და ამ ყველაფრის ანალიზი გააკეთონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვართ სასამართლო პროცესეზე დოკუმენტებით და საბუთებით დავამტკიცოთ ზუმბაძის საგმირო საქმე.

2 წელზე მეტია ითხოვთ თქვენი საქმის გამოძიებას და საქმეზე გრიფის მოხსნას, როგორ ფიქრობთ, საქმის გაჭიანურების მიზეზი არის კადრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქმის გაყალბებაში და დღესაც წამყვან თანამდებობაზე რჩებიან?

- არ ვიცი რატომ ჭიანურდება ამ საქმეზე გამოძიების დასრულება, ფაქტია, რომ გრიფი ვერ ავხსენით დღემდე, სამართალს ვერ მივაღწიეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები სხედან სამინისტროებში და ერთმანეთს მფარველობენ. ადრე თუ გვიან, ეს საქმე უნდა გამოიძიონ და სათქმელი უნდა ითქვას. მინიმუმ ბოდიში ხომ უნდა მოიხადონ იმაზე, რომ ამხელა ჯოჯოხეთში გაგვატარეს. პირიქით, აქეთ გვედავებიან, რომ თქვენ ჩვენი ღირსება შელახეთო. ღირსება კი არა, ყველაფერი გვიქნეს ამათმა მთელი თავისი კონტრდაზვერვით! არც ერთს არ დაუკლია არაფერი!

რაში აძლევს ხელს თავდაცვის სამინისტროს ასეთი გახმაუარებული საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის დაწინაურება?

- ვისაც წინა ხელისუფლების პერიოდში მეტ-ნაკლებად აქვს მიღებული მსგავს საქმეებში მონაწილეობა, დღეს სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მუშაობდეს. ჩემი აღშფორება იმან გამოიწვია, რომ ეს ადამიანი საჯარო სამსახუშია, საკამოდ კარგ თანამდებობაზე და მე ვუხდი ხელფასს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები არჩევნების წინა პერიოდში ცუდ საქმეს გაუკეთებენ ქვეყანას. ცდილობენ როგორმე თავი მიიტანონ არჩევნებამდე. დამიჯერეთ, რომ ეს კადრები ცუდ საქმეს გაუკეთებენ, შავ დღეში ჩააგდებენ ამ ხელისუფლებას. ბვერი კვალიფიციური კადრია ამ ქვეყანაში, ვისაც შეუძლია სიკეთე მოუტანონ ამ ქვეყანას. ეს ადამიანები კი სიკეთეს ვერ მოუტანენ ქვეყანას.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან დავიწყეთ სიმართლისთვის ბრძოლა. სამწუხაროა, რომ დღესაც ამ სიმართლისთვის გვიწევს ბრძოლა. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივა სასამართლოში? - იქ დავხვდებით. თავდაცვის სამინისტროს ვურჩევდი, რომ ნუ გადაეფარება იმ პიროვნებას, რომელიც გამოც შეიძლება მერე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს. მითუმეტეს, რომ თავდაცვის უწყებაზეა საუბარი.

თუ გეგმავთ მიმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს?

- რასაკვირველია, ჩვენ უკვე მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩავაყენეთ საქმის კურსში ზუმბაძის დაწინაურებასთან დაკავშირებით. მივმართავთ ყველა საელჩოს, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და მათ შორის თავდაცვის მინისტრს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება. ადამიანები, რომლებიც უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ და ამისთვის პრემიას იღებდნენ, არ შეიძლება თანამდებობაზე იყვნენ.

კონტრდაზვრევა იყო ამ უკანონობით დაკავებული. ვინც დასაჭერი იყო, იმას ვერ იჭერდნენ და უდანაშაულო ხალხს გვიჭერდნენ, შემდეგ უკვე, ციხეებში დაგვციონდნენ.