კოტრდაზვერვის მიერ, ნატოს ჯაშუშად გამოცხადებული, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ერთ-ერთია, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ვალერი ზუმბაძე უკანონო ქმედებაში ამხილა, რაც მისი თანამდებობიდან განთავისუფლების მიზეზი გახდა. როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მაისაიამ ზუბმაძის მხილება დაიწყო, მას ზუმბაძე დაემუქრა - „ნახე, 26 თებერვლამდე რაც მოხდება“, - დაახლოებით ასეთი იყო მუქარის ტექსტი. თავად მაისაია ამ ინფორმაციას არ უარყოფს და არ გამორიცხავს მის შესაძლო ლიკვიდაციას.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ ინფორმაცია, რომლის მიხედვით ვალერი ზუმბაძე თქვენ დაგემუქრათ?
- როგორც ჩანს, ეს უკავშირდება ჩემს სისხლის სამართლის საქმეს. ანუ, საქმეზე გრიფის მოხსნის პროცესს. იმ საქმეში არის ისეთი ნიუანსები, რომელიც შესაძლებელია გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ ესიამოვნოთ და ამიტომ, შეიძლება ეს საშიში იყოს ჩემთვის, - დაახლოებით ასეთი საუბარი იყო. სიმართლე გითხრათ, ეს შავი იუმორად აღვიქვი.
როდის გაიგეთ ამის შესახებ? უკავშირდება ეს თქვენს განცხადებას, როდესაც ამხილეთ ზუმბაძე უკანონო ქმედებაში?
- დაახლოებით ამ პერიოდს ემთხვევა.
ნახსენები იყო მართლაც 26 თებერვალი?
- კი, მაგრამ 26 თებერვალია თუ ივნისია, გამიჭირდება ამის თქმა. თუ შსს-ს კონტრდაზვერვა აპირებს გრიფის მოხსნას, მაშინ, შეიძლება, ჩემს მიერ შავ იუმორად აღქმულ ინფორმაციას, ჰქონდეს რეალური საფუძველი.
გამორიცხავთ ფიზიკურ ანგარისწორებას? ჩვენ წინ გვაქვს იური ვაზაგაშვილის საქმე...
- არა, გამორიცხული არაფერია. რამდენჯერმე იყო ციხეში ჩემი ლიკვიდაციის მცდელობა და ესეც უკავშირდებოდა ჩემი საქმის დეტალებს, რომელსაც გრიფით „საიდუმლო“ ადევს. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს ხელს არ აძლევს გრიფის მოხსნა საქმიდან. დღემდე უშედეგოდ ვითხოვ „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას. გაცილებით მძიმე ვითარებაში ვიყავი, როდესაც კონტრდაზვერვის, ანუ ზუმბაძის ხელში ვიყავი, რამდენჯერმე მოხდა ჩემი დახვრეტის იმიტაცია, არაფერს ვამბობ ღამის გაყვანებზე და დაკითხვებზე. მოვლენები გვიჩვენებს რა მოხდება. ალბათ, ეს მაინც უკავშირდება „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას. თუ მოხდა და მოეხსნა გრიფი, მაშინ უკვე ექნებათ ჩემი განადგურების მიზეზი.
ზუმბაძის ინტერესში შედის გრიფის მოხსნა?
- არა, რასაკვირველია. პირველ რიგში, ვალერი ზუმბაძეს არ აწყობს ამ საქმიდან „საიდუმლო“ გრიფის მოხსნა. იმიტომ, რომ იქ ისეთი დეტალებია, ყველაფერი თავდაყირა დგება, ამის გაჟღერება მათ არ აწყობთ.