თბილისის მთავრობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ძველ მოდელს ცვლის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის ამხანაგობების უფლება-მოვალეობების უკეთ გაცნობის მიზნით, ერთგვარ საწვრთნელ მეცადინეობებსაც გეგმავს. ამ მიზნით 10 კორპუსს 1 ტრენერ-კონსულტანტი მოემსახურება. შესაბამის პროექტზე მუშაობა გრძელდება და დეტალები ერთი თვის ვადაში დაზუსტდება. ხოლო, ის რაც უკვე დაზუსტდა, თბილისის საკრებულომაც დაამტკიცა და ძალაში 9 თებერვლიდან შევიდა. სიახლე არის ის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების განხორციელების დროს თბილისის მერია პროცენტულად იმაზე მეტ თანხას იხდის, ვიდრე აქამდე იხდიდა. მაგალითად, თუ 9 თებერვლამდე თბილისის რომელიმე უბანში მდებარე კორპუსში ლიფტის შეკეთებისთვის მერია საჭირო თანხის 70%-ს იხდიდა, ამიერიდან 80%-ს გადაიხდის, 10%-ით ნაკლების გადახდა მოუწევთ ამხანაგობებს ეზოს საერთო სარგებლობის ჭიშკრის აღდგენისა თუ სადარბაზოს კარის დამზადება-მონტაჟის შემთხვევაშიც. ამხანაგობებისთვის მერიის ხარჯზე „ფასდაკლება“ იმოქმედებს სხვა ტიპის პროექტების განხორციელების დროსაც.
ამხანაგობების საკითხთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე For.ge-ს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პასუხობს, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ინიციატორია.
ბექა მიქაუტაძე: სიახლე არის ისიც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კორპუსების ადაპტირება ამხანაგობებისგან მხოლოდ სიმბოლურად 1%-ით დაფინანსდება. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებულ სიტუაციას გამოვასწორებდით - უხარისხოდ ტარდებოდა სამუშაოები, არანაირი კონტროლი არ იყო, მიღება-ჩაბარების აქტებს იშვიათად ამოწმებდნენ, ყველა გამგეობაში სხვადასხვა წესი მოქმედებდა.
ამჯერად, დავადგინეთ ზღვრები. მაგალითად, კომპანიას, რომელიც გამაგრებით სამუშაოებს ატარებს და ეს სამუშაო 100 ათასზე მეტის ღირებულებისაა, მინიმუმ 200 ათას ლარზე მეტი ბრუნვა უნდა ჰქონდეს, გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ამხანაგობების პროექტები საპილოტე პოლიგონი არ უნდა იყოს.
ამხანაგობებს მივეცით რეკომენდაცია, რომ გარანტიები მოითხოვონ შემსრულებელი კომპანიებისგან. მიღება-ჩაბარების აქტებს კი მერიის მიერ გამოყოფილი ორგანიზაცია დაადასტურებს. დიდი ალბათობით, ეს იქნება მერიის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული აიპ „ლაბორატორია“, რომელიც ადრე შპს „ლაბორატორია“ იყო. ეს ორგანიზაცია სამუშაოების მიმდინარეობასაც შეამოწმებს, წინასწარ შეამოწმებს ხარჯთაღრიცხვასაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები რეალური იქნება და არა ხელოვნურად გაბერილი. მნიშვნელოვანი დანაზოგი გვექნება, რადგან ექსპერტიზისთვის განკუთვნილი თანხების გადახდა ამხანაგობებს აღარ მოუწევთ.
თბილისის მერის დავალებით სიმულაციური მატრიცები შევიმუშავეთ და აღმოჩნდა, რომ მერიის მიერ ამხანაგობებში მეტი თანამონაწილეობით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არ იზრდება, უბრალოდ, იზრდება კონტროლი.
სწორი მენეჯმენტი ყველაფერს წყვეტს. შეიძლება, მილიარდი დახარჯო და შედეგს ვერ მიაღწიო, შესაძლოა, 100 მილიონი დახარჯო და მილარდზე მეტი საქმე გააკეთო. ჩვენი მიდგომაა, სწორი მენეჯმენტით მოვაგვაროთ აღნიშნული საკითხი.
ყველამ იცის, მაგრამ საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვები რომ დგებოდა ამხანაგობების თანამონაწილეობას თავის თავზე შემსრულებელი კომპანია იღებდა. ეს კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მიზანს და იდეას - თუ ამხანაგობამ თანამონაწილეობა არ გაიღო და პროცესის თანაზიარი არ გახდა, მესაკუთრის ვალდებულება იკარგება და ეს დათვური სამსახური გამოდის.
ერთი მხრივ, კარგია, რომ სახლის სახურავს შევაკეთებთ და სახლი გადარჩება, მეორე მხრივ, მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ მთელი ცხოვრება მერიამ უნდა იზრუნოს ამ სახლზე. ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ბევრმა არ იცის დღეს ამხანაგობების დანიშნულება. თქვენ იცით?
ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ საზოგადოების ნაწილს ამხანაგობების ხელმძღვანელებზე სტერეოტიპული შეხედულება აქვს - რომლის თანახმადაც ამხანაგობები ძირითადად აქტიურობენ წინასაარჩევნოდ და კონკრეტულ პროქტებსაც ამ დროს გეგმავენ. კორპუსის ხელმძღვანელები პოლიტიკური აგიტატორების ფუნქციას ითავსებენ.
- სამწუხაროდ, სწორედ, ეს მექანიზმი მუშაობდა. რეალურად კი ამხანაგობა ქვედა დონის თვითმმართველობაა. აქ ვეჩვევით ჩვენი ზიარი ქონების მოვლა-პატრონობას. წესებს თავად ვადგენთ და მერე ვიცავთ. ეს არის სამოქალაქო თვითშეგნების აკვანი. თუ ამას არ მივეჩვიეთ, როგორც ქვეყანა, ვერასდროს შევდგებით - ვერც თვითმმართველობა განვითარდება და ვერც სამოქალქო აზროვნება.
კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ ამხანაგობების თავმჯდომარეების არჩევის კუთხით?
-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად უკვე შემუშავებული გვაქვს ახალი პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში პრეზენტაციასაც გავმართავთ. დღემდე ჯამში 370 მილიონი ლარია დახარჯული ამხანაგობების დახმარებებზე და აქედან ერთი თეთრი არ დახარჯულა იდეის პოპულარიზაციაზე. ერთ ადამიანს არ მოსვლია თავში აზრად, რომ ესწავლებინათ ხალხისთვის, რა არის ამხანაგობა - ასწავლიდნენ მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარეებს.
თქვენ როგორ ასწავლით ხალხს ამხანაგობების დანიშნულებას?
- გვეყოლება ტრენერ-კონსულტანტები. თავდაპირველი პროექტით, 10 კორპუსზე ერთი ტრენერ-კონსულტანტი იქნება და ისინი შევლენ ყველა ოჯახში, ყველა მესაკუთრესთან და აუხსნიან, როგორ უნდა შექმნან ამხანაგობა, როგორ ჩაატარონ საერთო კრება, როგორ შეიმუშავონ ერთწლიანი, კვარტალური ან ერთთვიანი სამუშაო გეგმა, როგორ დაადგინონ პრიორიტეტები, როგორ აირჩიონ ამხანაგობის გამგეობა. სამომავლოდ კი ასწავლიან, როგორ შექმნან ამხანაგობების ასოციაციები, როგორ იმუშაონ შემოსავლების გენერირების პროექტებზე. კარგ პროექტებს დავაფინანსებთ, ამით ამხანაგობებს საშუალებას მივცემთ საკუთრების მოვლისთვის ბიზნესაქტივობები განახორციელონ და ამ ბიზნესიდან შემოსავალი ჰქონდეთ. ანუ იქმნება მინი სახელმწიფო - თავად ადგენენ, თავად ხარჯავენ, თავად აკონტროლებენ.
იდეალურ ვარიანტში, გვინდა, რომ თითოეულმა მესაკუთრემ ბინის თითოეულ კვადრატზე სიმბოლური გადასახადი გადაიხადოს, რათა მიეჩვიოს იმ აზრს, რომ მის საკუთრებას ადრე თუ გვიან, დაუდგება საჭიროება, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს - გაარემონტოს სახურავი თუ მოაწესრიგოს სადარბაზო. დასახმარებლად გამგეობებთან მისვლა აღარ უნდა დასჭირდეს. დღეს გამგეობა ამხანაგობებს იმიტომ აფინანსებს, რომ მძიმე სოციალური ფონია. დამიჯერეთ, სულ ასე არ ვიქნებით. ეკონომიკის განვითარებას უნდა მივაყოლოთ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მისი საკუთრება მისი მოსავლელია. შენს საკუთრებას სახელმწიფო არ უნდა უვლიდეს, ეს ძველი, კომუნისტური თემაა. როდესაც მესაკუთრე ხარ და უფლებები იცი, მოვალეობებიც უნდა იცოდე. გაგიგიათ, ალბათ, ქართული ანდაზა - ზიარი ძროხაც არ ვარგაო. ამ ზიარს თუ არ მოვუარეთ, მშივრები დავრჩებით. დღეს კი ხშირად არის დავა იმის გამო, რომ სახლის სახურავის შეკეთებას საკუთარ პრობლემად არ მიიჩნევს კორპუსის შუა სართულზე მცხოვრები, ან ზემოთ სართულზე მცხოვრებლებს არ ადარდებთ სარდაფის პრობლემა. ამგვარი ცნობიერებაა შესაცვლელი. წლები იქნება საჭირო, მაგრამ სწორი მენეჯმენტით, პროგრამებით, წახალისებებით ამას მივაღწევთ.
ახალი წესით არჩეული ამხანაგობების თავმჯდომარეები თავისუფალი იქნებიან პოლიტიკური გავლენებისგან? შეგიძლიათ თქვათ, რომ ხელისუფლება მათ ძველებურად პოლიტიკური აგიტაციისთვის არ გამოიყენებს?
- არსებულის შეცვლის სურვიული რომ არ გვქონოდა, ამ პროექტს არ მოვამზადებდით - უბრალოდ, ჩავანაცვლებდით ამხანაგობების თავმჯდომარეებს და ეს ძალიან იოლი იქნებოდა. წახალისებებს განვაგრძობდით და ხელფასებზე გადავიტანდით აქცენტს. წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს მოვიმადლიერებდით. ჩვენ ვცვლით და შევცვლით არსებულ მანკიერებას. ამორჩეველმა, სწორედ, ამიტომ მოგვცა ხმა. ვიდრე არ მოისპობა მიდგომა - ხელისუფლებაში მოვდივარ იმიტომ, რომ ჩემი ხალხი დავასაქმო, არაფერი გამოვა. საჯარო მოხელე პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ შეიძლება იყოს, ის უნდა იყოს მანქანის ნაწილი, ეს მანქანა საჭესთან ნებისმიერი მძღოლის ჯდომის დროს გამართულად უნდა მუშაობდეს. თუ როგორ ივლის მძღოლი, ეს უკვე პოლიტიკის საქმეა. ჩვენ რომ აქტივისტების დასაქმების სურვილი გვქონოდა, ატესტაციას არ ჩავატარებდით.
რა თანხაა გამოყოფილი თბილისის ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტისთვის?
- თითოეულ გამგეობას გარკვეული თანხა აქვს გამოყოფილი ამხანაგობების მიერ განსახორციელებული ძირითადი პროექტებისთვის. მაგალითად, საბურთალოს გამგეობაში ეს თანხა 4 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. ზოგან 3 მილიონია, ზოგან - 6. თუმცა, პროექტი, რომლის შესახებაც მე გესაუბრეთ, ცალკეა და დამატებით წახალისებებიც იქნება. თუ აქამდე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე კვარტალში იღებდა 300 ლარს, ანუ თვეში 100 ლარს, ჩვენი პროექტის შემთხვევაში 10 ამხანაგობაზე გვყავს ერთი ტრენერ-კონსულტანტი და მას ექნება ხელფასი 500 ლარი, ანუ აქამდე გამოყოფილი თანხის ნახევარი. ამ ნახევარი ბიუჯეტით მთელ თბილისს გავაგებინებთ პროექტის არსს და ვასწავლით თევზის ჭერას - მივცემთ ანკესს და ვასწავლით ტექნიკას.
პროექტზე მუშაობამდე თუ შეისწავლეთ საზოგადოების აზრი, რამდენად არიან ამ საკითხით დაინტერესებულები ბინების მესაკუთრეები, როგორია მათი დაკვეთა?
- ამ სფეროში 1997 წლიდან ვარ, სწორედ, იმ დროს დავიწყე მუშაობა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში. პირველი რაც გავაკეთე ფლორიდის კონდომინიუმის კანონი ვთარგმნე. კონდომინიუმი არის თანასაკუთრება და ამხანაგობა არის მისი მმართველი. მას შემდეგ სულ ამ სფეროში ვარ და ვიცი, რა და როგორ იყო. დღემდე ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენთან ხალხიც მეტად გაიზარდა ამ მიმართულებით. მიხვდნენ, რომ უფასო ყველი სათაგურშია. ამიტომ, ყველამ კარგად ვიცით, როგორია ხალხის განწყობა და რა აღელვებთ მათ. როდესაც ანგარიშგება იქნება ღია და გამჭვირვალე, ხალხი საჭირო თანხას გაიღებს, როდესაც გადახდილი ჰქონდა 100-200 ლარი და ვერავინ გაიგო, სად დაიხარჯა, ენთუზიაზმი აღარ რჩება, რომ კიდევ ერთხელ დადოს თანხა კორპუსის პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ფაქტორი კონფლიქტებსაც იწვევს. ამიტომ, ასე აღარ იქნება, სპეციალური ანგარიშები გაიხსნება ამ თანხის მობილიზაციისთვის.