გამყალბებელ მეწარმეებს „ფანტაზია“ გაუმდიდრდათ

გამყალბებელ მეწარმეებს „ფანტაზია“ გაუმდიდრდათ

რა შეცვალა კანონმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, კვლავაც იყენებენ თუ არა სურსათის ეტიკეტზე ტერმინებს - „ორგანული“ „ეკო“, „ბიო“ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით და დასრულდა თუ არა მარკეტინგული ხრიკის ეპოპეა საქართველოში?

მომხმარებლის ნაწილი კვლავაც უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ მარკირებამ და აკრძალვებმა მეწარმეებს ფანტაზია გაუმდიდრა. სურსათზე გახშირდა გაუგებარი წარწერები, არცთუ იშვიათია უწვრილესი ასოებით პროდუქციის შემადგენლობის გადმოცემის ფაქტები, ასე რომ, მომხმარებელი ლუპით აღჭურვილი უნდა შეეგებოს მარკეტინგულ ხრიკებს.

ბიოწარმოების კანონმა კომპანიები „ეკო ფუდი“ და „ბიო-ბიო“ აიძულა, ბაზარზე ოპერირება სულ სხვა სახელწოდებით გაეგრძელებინათ. „ეკო ფუდმა“ „მილკო ფუდი“ დაირქვა, ხოლო „ბიო-ბიომ“ – „ბიუ-ბიუ“. „ბიუ-ბიუ“-ს საიტი იტყობინება, რომ „ბიუ-ბიუ“ ქართულ სოფლებში ქათმის მოძახილია და დიასახლისები ამ სიტყვით მოუხმობენ შინაურ ფრინველს საჭმელად. თუმცა აქამდე ეს მოძახილი „ბიო-ბიო“-დ რატომ აღიქმებოდა, ამაზე არაფერია ნათქვამი.

„ბიუ - ბიუს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელის ცვლილება არ ნიშნავს, რომ „ბიუ-ბიუ“ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ან ჰორმონულ დანამატს შეიცავს. უბრალოდ, მათ ბიოსერთიფიკატი არ აქვთ, რადგანაც ეს მოითხოვს ღია ცის ქვეშ ფრინველის გამოზრდას, რაც შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში, მათი კომპანია წარმოების იმ რაოდენობაზე ვერ გავა, რაც საჭიროა.

ალბათ, ბევრ პროდუქტზე შეგინიშნავთ წარწერა „ნატურალური“. ცალკეულ შემთხვევაში, ესეც ხრიკია გულუბრყვილო მომხმარებლის მოსატყუებლად. ისეთი ტერმინებისგან განსხვავებით, როგორიცაა „ბიო“, „ეკო“ და „ორგანული“, ტერმინი „ნატურალური“ არ განისაზღვრება და არ რეგულირდება არც საქართველოს და არც ევროკავშირის კანონმდებლობით. ამიტომ „ნატურალურის“ შირმით შეიძლება არანატურალური პროდუქციაც გაასაღონ...

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9 პროცენტზე მეტია, უკვე ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას. გასულ წლამდე სახელმწიფო ვერ შეედავებოდა ამ კუთხით იმპორტიორებსა და მეწარმეებს, ვინაიდან არ არსებობდა ქვეყანაში ლაბორატორია, რომელიც პროდუქტში გენმოდიფიცირებული კომპონენტების არსებობას დაადასტურებდა. გადაიარაღებული ლაბორატორია უკვე გვაქვს. ამიტომ გმო-ს (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) გამოვლენა არ უნდა გაჭირდეს. საუბარია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე, როგორიცაა სოიო, სიმინდი, რაფსი, პომიდორი, კარტოფილი, შაქრის ლერწამი...

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევიცაა. კვლევები სამი წლის განმავლობაში ტარდებოდა. ვირთხების ერთ ჯგუფს ჯანსაღი პროდუქტით კვებავდნენ, მეორე ჯგუფს გენმოდიფიცირებულ ხორბალსა და სიმინდს აჭმევდნენ. შედეგმაც არ დააყოვნა, მეორე ჯგუფში თითქმის ყველა ვირთხას კიბო დაემართა და ამით დადგინდა, რომ გმო ცოცხალ ორგანიზმში მუტაციასა და ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს.

თავის დროზე საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტის აკრძალვის ინიციატივით მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი სურვილი იყო, ჩვენს ქვეყანაში შემოეღოთ გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება. პატრიარქის არაერთი ეპისტოლეც გენმოდიფიცირებული საკვების შემოტანას კრძალავდა.

პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. გენმოდიფიცირებული ცხოველები უფრო სწრაფად და დიდები იზრდებიან და გამძლენი არიან დაავადებებისადმი. ბუნებაში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი დაჩაგრავენ ან სრული განადგურების საფრთხეს შეუქმნიან მათ გარეულ წინაპრებს, გენმოდიფიცირებული მცენარეების მტვერი კი შეიძლება გადაეცეს გარეულ სახეობებს და დააზიანონ ნიადაგის მიკროფლორა.

For.ge გასულ წელსაც წერდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებით, სავარაუდოდ, დაბინძურებული უნდა ყოფილიყო კარტოფილის ჩიფსები, სიმინდის ჩიფსები და კრეკერები; სიმინდის ბურღულეული და ბურბუშელა; სოიოს ფარშები და კონსერვები; კეტჩუპები და ტომატ-პასტები, ნამცხვრები (სიმინდი, სოიო, ასპარტამი); შოკოლადები, კანფეტები (ლეციტინი, სოია); საღეჭი რეზინები (ლეციტინი, ასპარტამი); წვენები და სასმელები (ასპარტამი); ხორცის კონსერვები და პაშტეტები (ლეციტინი, სოიო); სუპები (კარტოფილი, სახამებელი, ლეციტინი); ბურღულეული (სიმინდი, სოიო, კარტოფილი, მათი წარმოებულებები, ასპარტამი), ძეხვეული (ლეტიცინი, სოიო) და სხვა.

რა შეცვალა კანონის გამკაცრებამ და მარკირებამ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და დაჯარიმდა თუ არა კონკრეტული კომპანია კანონდარღვევის გამო?! ამ შეკითხვით For.ge-მ „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელს ლია თოდუას მიმართა. მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ სულ ახლახანს მათ აღმოაჩინეს პროდუქტი, რომელსაც აკრძალვის მიუხედავად, მაინც აწერია „ეკოლოგიურად სუფთა“, თუმცა მითითებული არ არის იმ მასერთიფიცირებელი ორგანოს ნომერი, რომელმაც გასცა შესაბამისი ბიოწარმოების სერთიფიკატი. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და, თუ არ არის პროდუქტი სერთიფიცირებული, სიყალბისთვის მეწარმე დაჯარიმდება.

იყო თუ არა აქამდე დაჯარიმების შემთხვევები, ამის შესახებ ლია თოდუა ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, რომ მარკეტინგული ხრიკი- პროდუქციაზე წვრილი ასოებით ზედწარწერა, რა თქმა უნდა, არ გადაარჩენს მეწარმეს და ის მაინც დაჯარიმდება. ამდენად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს წარწერის ზომას. რაც შეეხება საზოგადოებაში განსჯის საგნად ქცეულ ქათმის პროდუქტს „ბიუ-ბიუს“, ექსპერტი განმარტავს, რომ ეს არ არის „ბიო“, თუმცა ხმოვანებით მიმსგავსებაზე ამ კომპანიას ვერავინ შეედავება.

„შესყიდული გვაქვს აგარის შაქარი, რომელსაც აწერია „ეკოლოგიურად სუფთა“, გაგზავნილია წერილი კითხვით, მოგვაწოდეთ სერთიფიკატი, თუ რის საფუძველზე დააწერეთ ეს სიტყვები. აგარის შაქარზე არ არის მითითებული, სასერთიფიკაციო ორგანოს დასახელება და ნომერი. არადა, კანონი ითხოვს, ეწეროს სასერთიფიკაციო ორგანოს ნომერი, რომელმაც გასცა ბიოლოგიური წარმოების სერთიფიკატი, სხვა შემთხვევაში, წარწერა „ეკოლოგიურად სუფთა“, ან „ბიო“ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას. რძის პროდუქტების თაობაზე კი დღე-დღეზე ველით მთავრობის დადგენილებას, რომელიც აკრძალავს „რძის პროდუქტების“ დასახელების გამოყენებას ფალსიფიცირებულ პროდუქციაზე. ამის შემდეგ შეიძლება ვირწმუნოთ, რომ რძის პროდუქტი, რომელიც იყიდება „რძის ნაწარმის“ დასახელებით, ნამდვილია. მანამდე ასეთი მოლოდინის არავითარი საფუძველი არ გვაქვს, რადგან დაშვებულია ნებისმიერ პროდუქტზე ნებისმიერი დასახელების გამოყენება. შესაბამისად, მომხმარებელი ტყუვდება. გარდა ამისა, თუ ყავა გენმოდიფიცირებულ სოიოს შეიცავს, მას ეს უნდა ეწეროს. მაღაზია ვალდებულია, უზრუნველყოს ზუსტი ინფორმაცია, გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება მაღაზია, ანუ თუ მიკვლევადია,-  მეწარმე“,- აცხადებს ლია თოდუა.

რაც შეეხება გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანას, ლია თოდუა განმარტავს, რომ რეალურად, ეს სფერო არასდროს შემოწმებულა, ხოლო, როდესაც შემოწმდა, მათ აღმოაჩინეს, რომ სულ ორჯერ შემოიტანეს სოიო აშშ-დან, ამ სოიოს არ ეწერა გენმოდიფიცირებული, მაშინ, როცა ის გენმოდიფიცირებული იყო, ხოლო სააგენტომ რამდენიც შეამოწმა, ვერ აღმოაჩინა გენმოდიფიცირებული პროდუქტი. ასე რომ, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია შემოდიოდა, გადაჭარბებულია.

„მედიაში იბეჭდებოდა რუსული მედიიდან გადმოკოპირებული გრძელი ჩამონათვალი, რომელიც, ვითომდა, მიუთითებდა კვლევის წყაროდ „გრინფის როსსიას“, თუმცა მათ რომ მივწერეთ, გვითხრეს, რომ ეს ტყუილია და კვლევის წყარო არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ გენმოდიფიცირებული პროფუქცია გამოიკვლია „მწვანეთა მოძრაობამ“ და მაშინ აღმოაჩინეს, რომ მაიონეზი და ჩიფსები გენმოდიფიცირებული იყო. ადგილობრივ ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებულის დათესვა აკრძალულია, თუმცა მისი შემოტანა და გადამუშავება დაშვებულია. ჩვენ გავზომეთ რამდენიმე ტიპის ფქვილი, გერმანიაში გავგზავნეთ საანალიზოდ და არცერთი არ აღმოჩნდა გენმოდიფიცირებული“,- აცხადებს ლია თოდუა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მოთხოვნით, ნებისმიერი ლაბორატორიული კვლევა მხოლოდ და მხოლოდ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში უნდა განხორციელდეს. ვინაიდან საქართველოში ასეთი ლაბორატორია არ არსებობდა, გენმოდიფიცირებული პროდუქციის გამოსავლენად ასეთი კვლევები არ ტარდებოდა. შარშან კი გაჩნდა ამის საშუალება და ეროვნულმა სააგენტომაც პირველად დაიწყო გენმო ორგანიზმების შემცველობაზე სურსათის კონტროლი. შარშან გამოიკვლიეს 30 სხვადასხვა დასახელების სურსათი და არცერთ სურსათში გმო-ს შემცველობა არ დაფიქსირებულა. ძირითადად საუბარია კარტოფილის, სოიოს, სიმინდის ნაწარმზე, რომელთა ეტიკეტზეც თუ არ იქნება გენმოდიფიცირების შესახებ ინფორმაცია, ბიზნესოპერატორი დაექვემდებარება შესაბამის ზომებს.

„რაც შეეხება სურსათის ეტიკეტზე ტერმინების „ორგანული“ „ეკო“, „ბიო“-ს არასწორად გამოყენებას, ამან შედეგი გამოიღო. მომხმარებლისთვის სურსათის იდენტიფიცირების ყველაზე მძლავრი იარაღია ეტიკეტი. ქვეყნის კანონმდებლობაში არის მოთხოვნა, რომ ეტიკეტზე წარწერა იყოს შესამჩნევი, ადვილად წასაკითხი, მომხმარებელი არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში და მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ქართულ ენაზე. ამ მოთხოვნების დარღვევის გამო არაერთი კომპანია დავაჯარიმეთ 400 ლარით. განმეორების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში ერთი და იმავე პირის მიერ კანონდარღევა 1200 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ასეთი სამი კომპანია მახსოვს, რომელიც 1200 ლარით დაჯარიმდა. ეს იყო რეალიზატორი კომპანიები, მარკეტის დონეზე მოხდა დაჯარიმება, მათ შორის, იყო ცნობილი მარკეტებიც, რომლებიც სხვადასხვა დასახელების პროდუქციას ყიდდნენ ამ სახით. თუ რძის ან სხვა რომელიმე ნაწარმს აწერია „ეკოლოგიურად სუფთა“, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს სერთიფიკატით დადასტურება იმისა, არის თუ არა ის მართლაც ბიოწარმოების მეთოდით მიღებული. თუ ამას მეწარმე ვერ დაადასტურებს, ის სანდო არაა. „ბიუ-ბიუ“ ახსენეთ და, მინდა გითხრათ, „ბიუ-ბიუ“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმოებაა, რომელიც სუფთა პროდუქტს აწარმოებს“,- აცხადებს კახა სოხაძე.