ჟვანიას საქმეს შესაძლოა მორიგი დაკავებები მოყვეს

ჟვანიას საქმეს შესაძლოა მორიგი დაკავებები მოყვეს

საქართველის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოძიება თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. უბედურ შემთხვევად დაკავლიფიცირებულ საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოკვეთილია ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირების კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა, რომელიც ფაქტებით და მტკიცებულებებით იქნება გაჯერებული. ყოფილი პრემიერის ძმა, გოგლა ჟვანია სწორედ საქმის გამოძიების ფინალში გადასვლას უკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორ მამუკა გვარამიასთვის და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილის, ოსტომ ლაზარიასთვის ბრალი წარდგენის შემდეგ, ყოფილი მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც წლების განმავლობაში საგამოძიებო სტრუქტურას ხელმძღვანელობდნენ, გვარამიას მოუწოდებენ თქვას რა მოხდა რეალურად.

პარლამენტის წევრი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალური ქსელით მიმართავს კობა ხარშილაძეს, მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას, თქვან ის, რაც სინამდვილეში მოხდა.

„ორ ღირსეულ პროკურორს, რომლებსაც ივანიშვილის აკვიატებით, „ასავალ-დასავალიდან“ გადმოწერილ, ყველა მოქმედი პროკურორის სამარცხვინოდ, სიბინძურეს აბრალებენ! ის ფაქტი, რომ თითოეულ თქვენგანს გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებზე და ივანიშვილზე მეტი ღირსება და ფასეულობები გაქვთ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უნამუსობის ცირკს უნდა შეეწიროთ! გთხოვთ, ღიად თქვათ ის, რაც სინამდვილეში მოხდა და რასაც ამდენი წელია სწორედ ჟვანიას ოჯახის და მისი ხსოვნის პატივსაცემად ერთგულად ინახავთ! ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა ივანიშვილმა! სახელმწიფო და ფასეულობათა სისტემა დროებით ჩამოშლილია! თქვენს გვერდით ვართ ბოლომდე“, - წერს დავით საყვარელიძე.

საყვარელიძე არ არის ერთადერთი, რომელმაც გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შემდეგ აქცენტი ჟვანიას პირად ცხოვრებაზე გააკეთა. კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გახსნაზე ლაპარაკი უტიფარი ტყუილია. რურუა თვლის, რომ ამ საქმეში გასახსნელი არაფერია, რადგან ისედაც ყველამ ყველაფერი იცის.

ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა გულუბრყვილო მსმენელს თავბრუს ახვევენ და ატყუებენ. ჟვანიას ძმამ და მეუღლემაც, კარგად იციან იქ რა მოხდა და არავინ ავრცელებს ხელოვნურად სიბინძურეებს, როგორც ამას ზოგიერთები აღნიშნავენ. იქ უხერხული სცენა იყო, რაზეც ხალხს ურჩევნია არ ილაპარაკოს“, - აცხადებს ნიკა რურუა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში გვარამიას და ლაზარიას ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ, გამოძიებამ სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა გამოკვეთა. გამოძიების მტკიცებით, გვარამია, რომელიც უშუალოდ ატარებდა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრების, მათ შორის - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკითხვას, ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე რეალური გარემოებების დადგენა, რაც მიზანმიმართულად არ გაკეთდა.

გამოძიება ჟვანიას საქმეზე გრძელდება და როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმის ფინალი სავარაუდოდ საკმაოდ ხმაურიანი იქნება. For.ge-ს ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის საქმეზე გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს, კერძოდ - მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს, ქალაქის ყოფილ პროკურორს გიორგი ღვინაშვილს, უმრავლესობის წევრს კახა ბუცხრიკიძეს და გიორგი ბარამიძეს. თუმცა, რა სტატუსით მოხდება მათი დაკითხვა, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

როგორც for.ge-ს პროკურატურაში არაოფიციალურად განუცხადეს, გარდა ჟვანიას საქმისა, ღვინიაშვილი ასევე ფიგურირებს ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის საქმეში, ამავე წყაროს ინფორმაციით, საყვარელიძის სახელი ჟვანიას საქმის გარდა, სხვა გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს. რაც შეეხება ბუცხრიკიძეს, მისი სახელი უკავშირდება ციხის სკანდალურ კადრებს, რასაც ბუცხრიკიძე თავად ოფიციალურად არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პარლამენტის წევრები პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე დაიბარეს, თუმცა პროკურატურაში არ გამოცხადნენ. დეპუტატები აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ გამოძიების შეკითხვებისთვის პარლამენტში ეპასუხათ.

რაც შეეხება გიორგი ბარამიძეს, მისი სახელი 2004 წელს 24 მარტს სვანეთში, სოფელ ეწერში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ფიგურირებს, რომელსაც იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ამ საქმეზე გამოძიება დასრულების სტადიაშია. ბარამიძე ჯერჯერობით დაკითხული არ არის, თუმცა, პროკურატურაში არ გამორიცხავენ დეპუტატისთვის ბრალდების წაყენებას.

არსებული ინფორმაციით, ბადაშვილის უწყებამ შესაძლოა, ზემოთ აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით პარლამენტს დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართოს.

მოქმედი კანონმდებლობით, პროკურატურას აქვს სრული უფლებამოსილება, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა დეპუტატის წინააღმდეგ, მათ შორის წარუდგინოს ბრალი, დაკითხოს დეპუტატი ისე, რომ ეს პროცედურა არ საჭიროებს პარლამენტის თანხმობას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თანხმობა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა საქმე ეხება ჩხრეკას და წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. რადგან ეს უკვე ეხება დეპუტატის იმუნიტეტის საკითხებს.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალურმა ხელისუფლებამ კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც დეპუტატის იმუნიტეტი შეამცირა, ანუ გააუქმა და დაკითხვას უკვე აღარ სჭირდებოდა პარლამენტის თანხმობა. ამჟამად ეს ნორმა მოქმედებს. ასე რომ, პროკურატურას დეპუტატების როგორც დაკითხვის, ასევე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და ბრალდების წაყენების უფლება აქვს.  პარლამენტი ამ საკითხებს ვერ შეეხება.

თუ დასჭირდათ ჩხრეკა ან თავისუფლების შეზღუდვა, აი, მაშინ კი უნდა მიმართოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად. თუ პარლამენტმა თანხმობა მისცა პატიმრობის შეფარდებაზე, ამ პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება, სხვა შემთხვევაში სანამ არ იქნება სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი, მანამდე ვერავინ შეეხება პარლამენტის წევრის უფლებებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, დეპუტატს უწყდება სადეპუტატო უფლებამოსილება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

პროკურატურის შუამდგომლობის შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავეს საპარლამენტო უმარვლესობა, for.ge ცდილობდა ამ კითხვაზე პასუხი პარლამენტის ვიცე–სპიკერისგან, მანანა კობახიძისგან მიეღო, თუმცა როგორც წესი, კობახიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სატელეფონო ზარს არც უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ უპასუხა.

საგამოძიებო ორგანოს მიერ უმცირესობის წევრებით დაინტერესებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს

for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ჟვანიას საქმეზე საუბრობენ, ზოგს თვითონ აქვთ დანაშაული ჩადენილი, ზოგი კი ვიღაცის დაცვას ცდილობს.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ მე ეს ადამიანები მეცოდებიან. ფართხალებენ, რადგან ხვდებიან, რომ მათი გეგმა ჩაიფუშა. გამოძიება მიდის სწორი მიმართულებით და აუცილებლად დასრულდება ძალიან კონკრეტული შედეგებით. როდესაც ეს საქმე გაიხსნება, საზოგადოება ძალიან ბევრ საშინელებას გაიგებს, რა აქვს ჩადენილი ამ ადამიანებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ. იმდენი ბოროტება და უბედურება აქვთ ჩადენილი, როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს გაიგებს, გაოგნებული დარჩება. აგონიაში არიან, ხვდებიან, რომ მათი რეალური აღსასრული ახლოვდება. როდესაც მათი დანაშაულებრივი სქემა გამოაშკარავდება, მოუწევთ სერიოზული პასუხისგება კანონის წინაშე.

რაც შეეხება რურუას, ეს არის ადამიანი, რომლის წარსული ყველამ ვიცით. მერე ამერიკაში წავიდა, იმიჯი შეიცვალა, ჩამოვიდა და გააგრძელა ის საქმიანობა, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა. ერთი ბანდიდან გადავიდა მეორე ბანდაში, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. რურუა მთელი ცხოვრება იყო ბანდის წევრი. ესენი უკვე თავის თავს არ ეკუთვნიან.

არ მაქვს ინფორმაცია ვის იბარებენ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ადამიანები საგამოძიებო სტრუქტურაში მუშაობდნენ. რაც შეეხება კახა ბუცხრიკიძეს შემიძლია გითხრათ, რომ ის დაახლოებული იყო ძმებ ახალაიებთან, ამაზე მეტის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წლების განმავლობაში ცდილობდა მასალების გაქრობას, განადგურებას და ა.შ.

გვარამიასა და ლაზარიასთვის ბრალის წაყენება არის მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდი, ასეთი იყო საკამოდ ბევრი. ყველა ვარიანტში საქმე ისე წავა სასამართლოში, რომ დამაჯერებელი იქნება მოსამართლისთვის. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება რეზონანსული საქმე საერთაშორისო მასშტაბით“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გოგლა ჟვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებაში გახმაურებული საქმეები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ისინი კრიზისში იმყოფებიან.

„ასეთი ღია და ფართო კამპანია, რომელიც ხელისუფლებამ ახლა წამოიწყო, ნიშნავს, რომ ქვეყანა იმყოფება კრიზისში და მათ სხვა გამოწვევებზე არ შეუძლიათ პასუხის გაცემა. მეორე, ახლოვდება ის დრო, როდესაც მათ სურთ სასამართლოს სრული კონტროლის მოპოვება. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც არ დაეწერა, რომ საქართველოში არის შერჩევითი სამართალი, პოლიტიკური დევნა და საქართველოში უკვე გვყავს პოლიტპატიმრები“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სერგო რატიანი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან ერთად, პროკურატურის კითხვებზე დამატებით მოუწევს პასუხის გაცემა ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, რომლის პროკურორობის დროს ინახებოდა ყოფილი პრემიერის სკანდალური კადრები მის სამუშაო კაბინეტში არსებულ სეიფში. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოდელავა მთავარი პროკურორი იყო, არაოფიციალურად მის უფლებამოსილებას დავით საყვარელიძე ასრულებდა. თავად ზოდელავა კი აცხადებს: „ვისაც გვჯერა, რომ ჟვანია არ მოუკლავთ, გაგვატარონ მათ, ვისაც ამის არ სჯერა.“

ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა მის პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ გამოძიება დასრულებული იყო, რატომ არ დაიხურა ეს საქმე? ამ კითხვაზე პასუხი როგორც ყოფილ მთავარ პროკურორს, ასევე ყოფილი მმართველ გუნდს არ აქვს.

ერთ–ერთი ვერსიით ზურაბ ჟვანიას მკვლელობა აეროპორტის გასხვისების საკითხს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით ზურაბ ჟვანიამ ებრაელ ბიზნესმენს ერიკ გუდისს და თემურ ალასანიას აეროპორტის უტენდეროდ მიღება ჩაუშალა. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ აეროპორტი ალასანიამ და გუდისმა ფიქტიური თურქულ-ოფშორული კომპანიების საშუალებით ჩაიგდეს ხელში.

იმ პერიოდში დროს მათ „პარტნიორ“ ორგანიზაციებში მუშაობდა პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაიკითხა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ ფაქტების გასაჯაროებისგან, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით - 2004 წლის სექტემბერ-დეკემბერში, ჩემი იმდროინდელი სამსახურიდან გამომდინარე - ერთ-ერთი დიდი სტრატეგიული ობიექტის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვიყავი - საკმაოდ ახლო ურთიერთობა მქონდა თემურ ალასანიასა და მის ჯგუფის სხვადასხვა წევრებთან გუდისთან, დევისთან და ა.შ.

2005 წელს თემურ ალასანიამ ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები ობიექტი ხელში ჩაიგდო, ისევე როგორც ბევრი სხვა. ეს პერიოდი ზუსტად დაემთხვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას.
2005 წლის იანვრის დასაწყისში ალასანიას დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, „გრუს“ ოფიცერმა, თბილისში დაბადებულმა ებრაელმა ერიკ გუდისმა დამირეკა და მითხრა, რომ ერთ თვეში ჟვანია აღარ იქნება იქ, სადაც არისო - ანუ პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ჟვანია ცოცხალი აღარ იყო. გუდისმა ეს იმიტომ თქვა, რომ ჟვანიამ მას აეროპორტის უტენდეროდ მიღება ჩაუშალა და 2004 18-20 დეკემბერს მისგან დიდი ქრთამის აღებაზე უარი თქვა. აეროპორტი ალასანიამ და გუდისმა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ფიქტიური თურქულ-ოფშორული კომპანიების საშუალებით ჩაიგდეს ხელში“, –აცხადებს ირაკლი კაკაბაძე.