ირაკლი ფირცხალავას შესაძლოა ბრალი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაუმძიმდეს

ირაკლი ფირცხალავას შესაძლოა ბრალი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაუმძიმდეს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მოქმედ თანამშრომელს გია სოსანაშვილს ბრალი წარუდგინეს. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით დღეს მიმართავს. დაკავებული სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით ამ საქმეში დნმ-ის კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ მეცნიერულად მისი საეჭვოდ გახდომა შეუძლებელია. 

გამოძიების პროცესში საფლავზე, სადაც იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოხდა, დათვალიერებისას ამოღებული იქნა აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილ იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. გამოძიებით გადამოწმდა მობილური სატელეფონო ოპერატორების მომსახურე ანძებზე დაფიქსირებული აბონენტების ვინაობა, დაიკითხა ათეულობით მოწმე, განისაზღვრა დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთა წრე.

შსს-ს გენერალური ინსპექციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი, რომელიც როგორც გამოძიებით დადგინდა, 2015 წლის 19-20 იანვარს იმყოფებოდა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას ტერიტორიაზე და რომლის დნმ-ი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან (ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი) ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ფალიის სახელურზე აღმოჩენილ დნმ-ს.

ერთ–ერთი ვერსიით იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება. ამასთან, საქმეში უკვე დევს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ფირცხალავასა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის სატელეფონო საუბრის ამონაწერები. საგამოძიებო ორგანოში ოფიცალურად არ ადასტურებენ, თუმცა არაოფიციალურად არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში ირაკლი ფირცხალავას ბრალი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დაუმძიმდეს. 

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.

„ასეთი ტიპის ადამიანები ზოგი „ფალიას“ რეზინით აბამს, ზოგი ძაფით, ზოგი იზოლენტით, რომ თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა „იზოლენტი“. „ფალიის“ სახელურის სურათებში თქვენ შეამჩნევთ, რომ სახელურზე შეინიშნება ე.წ. იზოლენტის გადაკვრის კვალი, ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. სწორედ „იზოლენტის“ წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა. დასამალი არ არის, ჩვენ გაგვიმართლა. ასეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე აღმოჩნდა სახელურზე დნმ-ის კვალი. ეს დაედო საფუძვლად იმას, რომ დღეს ჩვენ გავხსენით ეს საქმე და ვიცით უშუალოდ ის პიროვნება, რომელმაც ააფეთქა იური ვაზაგაშვილი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

მისივე განცხადებით, არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუკვალავ გზაზე. შოთაძე დაკავებულის ადვოკატის მიერ დასახელებულ ალიბს „თითიდან გამოწოვილს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მტკიცება ვაზაგაშვილის აფეთქების დროს ვიღაც სასადილოში იჯდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა რამდენიმე საათით ადრე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ დადო სადღაც. მისივე განცხადებით, საჭირო არ არის ამფეთქებელი აფეთქების მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდეს. ეს ალიბი თითიდან გამოწოვილია და მასზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება.

„არიან მოწმეები, რომლებმაც სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს. ანალიზი გაუკეთდა ანძებზე დაფიქსირებულ 30-ათასამდე ზარს. პარალელურად ათეულობით მოწმე დაიკითხა. რამდენიმე თვითმხილველია, თუ როგორ მოემართებოდა რამდენჯერმე გია სოსანაშვილი ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაუკვალავ გზაზე. არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც ამ ადამიანს იცნობდნენ. გია სოსანაშვილი დაინახეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 იანვრიდან მოყოლებული 20 იანვრის ჩათვლით. გარდა ამისა, არსებობდა შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციაც“, – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

გია სოსანაშვილის ადვოკატი, სოსო ჯოგლიძე ადასტურებს, რომ დაკავებულს ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ფირცხალავასთან, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, ჯოგლიძის განცხადებით, ხელყუმბარაზე აფეთქების შედეგად იმხელა სიმხურვალე წარმოიქმნებოდა, რომ დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა შეუძლებელი გახდებოდა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ნათლისღების დღესასწაულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ფირცხალავასთან დარეკვა.

„როდესაც მოხდა დანაშაული, გიორგი სოსანაშვილი კასპში, მეგობართან ერთად, ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც სატელეფონო ზარით მისთვის გახდა ცნობილი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე აუფეთქებიათ. მომხდარში ჩემი დაცვის მყოფს არანაირი წვლილი არ მიუძღვის. იგი სავსებით უდანაშაულოა. ჩემი ალიბი არის ის, რომ აღნიშნულ ადგილზე სოფელში, სადაც დანაშაული მოხდა, ის ორი-სამი თვე ჩასული არ ყოფილა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისი ახლობლის დედის გასვენებაში ჩავიდა, მას თან პატრულის ორი თანამშრომელი ახლდა, აქედან გამომდინარე, ის ორი პატრულიც დაიკითხება, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მაშინ სახლში იმყოფებოდა. ეს არის 19 იანვარი. ნათლისღების დღესასწაულის მილოცვა იყო საფუძველი გამოძიების დაწყებისა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა გადაურეკა მის ნაცნობს, ირაკლი ფირცხალავას, მაგრამ ფირცხალავას არ უპასუხია. 20-ში დილით განხორციელდა ზარი ირაკლი ფირცხალავასგან და მოიკითხა, თუ ვინ კითხულობდა მას. მისგანაც იყო მილოცვის ტექსტი. სხვა საუბარი არ იყო“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

იური ვაზაგაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, სოსანაშვილის დაკავების საქმეში მტკიცებულებათა ჯაჭვი არსებობს. ადვოკატის განცხადებით, ერთ-ერთი მტკიცებულება, დნმ-ის ანალიზის გარდა, სატელეფონო ზარია, რომელიც დაკავებულმა აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ყარაფილას სასაფლაოდან განახორციელა. ადვოკატის განცხადებით, სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავას გარემოცვას წარმოადგენს.

„უტყუარად არის დადასტურებელი, რომ ეს პიროვნება შემთხვევის ადგილზე იყო. საერთოდ ასე ხდება, ჯერ მკვლელს აკავებენ და შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შემკვეთს დაასახელებს. გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. იდეალური მკვლელობები არ არსებობს და ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა მკვლელი კვალს არ ტოვებს. 

ეს ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა, მან კარგად იცის იარაღის ხელოვნება. აფეთქების შედეგად, როგორც წესი, შესაძლებელია კვალი წაშლილიყო, მაგრამ ის აბსოლუტურად საღად გადარჩა ე.წ. „სკოჩზე“, სადაც იყო დნმ-ი და რამაც პროკურატურა ამ შედეგამდე მიიყვნა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.