პირდაღებული ჩეკისტი და... გია სტომატოლოგი

პირდაღებული ჩეკისტი და... გია სტომატოლოგი

დღევანდელ წერილში მორიგ „სახალისო ისტორიებს“ წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები ქართველი ექიმები იქნებიან. ამ პროფესიის ხალხის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ორგვარია. ექიმების გვეშინია და მათთან „კონტაქტს“ თავს მაქსიმალურად ვარიდებთ. ამის მიუხედავად, როდესაც გვიჭირს უპირველეს რიგში დასახმარებლად თეთრხალათიანებს ვუხმობთ.

ექიმები მეტწილად მხიარულ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნებიან. არაერთი ახლობელი „დასტაქარი“ მყავს და სუფრაზე ყოველთვის პაციენტებთან დაკავშირებულ კურიოზულ შემთხვევებს იგონებენ.

დღევანდელ „ისტორიებში“ რამდენიმე ცნობილი თბილისელი ექიმის სახალისო მოგონებას წარმოგიდგენთ.

ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი ლადო კახაძე იქნება.

„იყო ასეთი გენიალური კაცი – მეან-გინეკოლოგი, პროფესორი მიხეილ გიგინეიშვილი. მაშინ სამედიცინო კათედრის გამგეა და დილის მორიგეობაზე ვახსენებთ ჩვენი ღამის სამუშაოს შედეგებს, რომ დილას მოსული ახალი ბრიგადა ყველაფრის საქმის კურსში იყოს.

მაშინ წერა არ მეზარებოდა და მე ვწერდი ამ შედეგებს. მოგეხსენებათ, ვცეკვავდი კიდეც და აუცილებელი იყო ჩემი წასვლა მოსკოვში, ანსამბლთან ერთად – ფინალში „ქართულს“ ვცეკვავდი და აბა, რა მექნა?! გავფრინდებოდი მოსკოვში, ვიცეკვებდი და დილის კონფერენციაზე ისევ გადმოვფრინდებოდი. ამის შესახებ გოგონები გავაფრთხილე, მოახსენეთ ბატონ მიხეილს, რომ ერთი კონფერენციის გაცდენა მომიწევს-მეთქი. როცა მომიკითხა ჩემმა მასწავლებელმა, უთხრეს: დაიღალა ლადო, ცოტა შეუძლოდ გახდა და სახლში გავუშვითო, – რატომღაც, არ უთხრეს სიმართლე. ცხადია, მოსკოვში ვიცეკვე და გადმოვფრინდი მეორე დღესვე.

კონფერენციაზე გიგინეიშვილი ამბობს: ეს ჯიბგირი გუშინ მოვიკითხე და, ავად არისო, მითხრეს. ვზივარ საღამოს ტელევიზორთან, ვუყურებ გადაცემას მოსკოვიდან და ეს ცუდად მყოფი ვაჟბატონი არ გამოხტა და გაშალა ხელებიო?!“

ბატონი ლადო ერთი პერიოდი პოლიტიკითაც იყო დაკავებული და თბილისის საკრებულოში მოღვაწეობდა.

„ერთ დღეს საკრებულოს სხდომა მიმყავს, ვზივარ დარბაზში, სხდომის პირველი ნაწილი დასრულებულია, მეორე იწყება და კენჭისყრაზე უნდა დავაყენოთ რაღაც საკითხი. იქ, ცხადია, იყვნენ ოპოზიციურად განწყობილი ძალები და მხარს არ გვიჭერდნენ. კვორუმს ვერ ვკრებთ, ამიტომ, სხდომის ჩავარდნის საფრთხეა და, რა ვქნა, ვღელავ.

ამ დროს მიკროფონი ჩართულია და გვერდზე მჯდარ მეგობარს ველაპარაკები საკრებულოს წევრების ნაცვლად, სუფრის წევრები სად არიან-მეთქი, – ვკითხე. მიკროფონი გამორთული მეგონა და, მოულოდნელად, როცა გაიგეს, რაც ვთქვი, ბევრმა იხალისა და იმ ადამიანებმაც კი, ვინც არ აპირებდნენ სხდომაზე ჩამოსვლას, სასწრაფოდ დატოვეს საკუთარი ოთახები და შემოგვემატნენ. ჩემმა იუმორმა ნამდვილად გადამარჩინა მაშინ, კვორუმიც შევკრიბე და ის საკითხიც გავიტანე კენჭისყრაზე“.

თავის დროზე პოპულარული ჯგუფი „ოთხი გიას“ წევრი გია ბეროშვილი ამჟამად წარმატებული ექიმია. გიას მოსაგონარი არაერთი ისტორია გააჩნია და ერთ მათგანს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

„იყო დრო, როცა ჯგუფ „ოთხი გიას“ წევრები, ქალაქური სიმღერების რეპერტუარის გამო, ძალიან პოპულარულები ვიყავით. ერთხელ, ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, ორი ახმახი კაცი მოვიდა და გვითხრა, წამოდით ბიჭებო, ჩავუსხდეთ, კარგად უნდა გაქეიფოთო. ვუთხარით, თქვენი ჭირიმე, დავიღალეთ, კი ბატონო, დავსხდებით, დავლევთ, მერე სიმღერას მოგვთხოვთ და ამდენი აღარ შეგვიძლიაო. გაშალეს ხელები, მაგაზე იკავებთ თავს, ოღონდ თქვენ წამოგვყევით, არ გთხოვთ სიმღერას, ძლივს მოგძებნეთ, სუფრასთან დასხედით, სვით და ჭამეთ, მეტი არაფერი გვინდაო, უარი არ გვითხრათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დეიდა ძლივს დავითანხმეთ „დასაკლავადო“.

ისე სერიოზულად საუბრობდნენ, ვიფიქრეთ, მართლა არ აუტეხონ იმ ქალს რაიმე შარი, თან ასე გულით უნდათ ჩვენთან ქეიფიო და გავყევით. მართლაც, მაგარი სუფრა გაშალეს ალიკამ და ვატომ. ისეთი იმღერეს და იცეკვეს, იქ ხმას როგორ ამოვიღებდით. ჯემალ ბაღაშვილს უსწავლებია მათთვის დაკვრა. გავიხედეთ, ალიკამ, ანუ სუფრის თამადამ, აიღო ღვინის ბოთლი და ჩაიცალა პირში. გადაირია ვატო, წამოხტა, წამოარტყა ძმას ხელი თავში და გაბრაზებულმა უთხრა: ბიჭო, ხომ გითხრა ექიმმა, არ დალიო ბევრი, კუჭის წყლული გაქვს და გაგისკდება ეგ ოხერიო. ალიკაც წამოიმართა: მერე რას მირტყამ, ამ საპატივცემულო ხალხში თავში ხელსო. ვატომაც არ დაუთმო: გირტყამ, თორემ ახლა შენც ემალი არ აგცვივდეს მაგ თავიდანო“.

„ოთხი გიას“ კიდევ ერთი წევრი გია ნაცვლიშვილიც ექიმია. ნება მომეცით მისი ერთი მოგონება შემოგთავაზოთ, რომელიც გაგიკვირდებათ და გია ბეროშვილის „პროფესიულ საქმიანობას“ ეხება.

„ერთი ჩემი მეგობარი სექსოლოგია. ხშირად ვაკითხავდი სამსახურში. ერთ დღესაც, ახლობელმა მოაკითხა და შესჩივლა, უნდა მიშველოო.

ჩემმა მეგობარმა, როგორც პაციენტს ისე მიმართა, დაბრძანდი და მომიყევი რა პრობლემა გაწუხებსო. ისიც ჩამოჯდა, თითი სასქესო ორგანოსკენ მიიშვირა და დაიწყო: აღარ შემიძლია, უნდა მიშველო, ეს საოხრე არქეოლოგივით სულ დაბლა იყურებაო.

რასაკვირველია, ექიმმა დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი, გამოუწერა წამლები და დაუწყო მკურნალობის კურსი.

გავიდა რამდენიმე დღე, ისევ მივაკითხე ჩემს ძმაკაც სექსოლოგს. ვზივართ, ვსაუბრობთ და უცებ გაიღო კარი და ის ტიპი შემოვარდა. გამარჯობაც კი არ უთქვამს, ისე გაიშვირა ხელი სასქესო ორგანოსკენ და დაიწყო: შენ გაიხარე, ძმაო, არქეოლოგი იყო ეს შობელძაღლი და ახლა ისეთი ასტრონომია, მიედაროს ნებისმიერი ამ სფეროს პროფესიონალიო“.

გია ნაცვლიშვილი კოლეგაზე კიდევ ერთ „ამბავს“ მოგვიყვება.

„ერთ დღესაც ჩემს მეგობარს ბიძა მიადგა კლინიკაში და შესჩივლა, ძალიან ცუდად არის ჩემი საქმე, ღამეში ცოლთან სამჯერ რომ ვიყავი, ახლა ერთხელ ვარ, კუჭის მოქმედება დღეში ერთხელ რომ მქონდა, ახლა ორ დღეში ერთხელ მაქვს და უნდა მიშველო, შენი ჭირიმეო.

ექიმი დაინტერესდა, ჯერ უსმინა, და რომ მიხვდა ბიძამისმა ნამეტანი გაუბერა, ირონიულად ჰკითხა: რამდენი წლის ხარო. ბიძას გაუკვირდა: რა, არ იცი, რამდენისაც ვარ? ახლახან გავხდი 72 წლის. შენ რა, დაგავიწყდაო.

ჩემს ძმაკაცს გაეცინა: კი არ დამავიწყდა ბიძაჩემო, მაგრამ იმიტომ დავეჭვდი შენს წლოვანებაში, რომ კანალიზაციის მილი ვერ უძლებს სამოც წელზე მეტს და შენმა სასქესო ორგანომ და კუჭ-ნაწლავმა, ამდენ ხანს როგორ გაგიძლოო“.

ექიმი, მომღერალი, პოეტი, ნაღდი თბილისელი, კოლორიტი და, უბრალოდ, კარგი ადამიანი – ასე მოიხსენიებენ გია კობახიძეს მეგობრები. დღეს ბატონი გია ერთ ორიგინალურ  შემთხვევას გაიხსენებს...

„სტომატოლოგი გახლავართ და ერთი ხნიერი, სიმპათიური კაცი მოვიდა ჩემთან კბილების გასაკეთებლად. თურმე, თავის დროზე, უშიშროების სამსახურში მუშაობდა და პოლკოვნიკის წოდებაც ჰქონდა.

დაჯდა სტომატოლოგიურ სკამზე და დააღო პირი. საკმაოდ დიდხანს მომიწია მუშაობა და იჯდა ასე, მორჩილად. როგორც იქნა, დავასრულე მუშაობა და, რომ ვუთხარი, პირი დახურეთ-მეთქი, სიცილი აუვარდა. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მიპასუხა: რა მოხდა და, მთელი ცხოვრება ჩეკისტი ვარ და ახლა მივხვდი, თურმე, ერთადერთ ადგილას ეპატიება ჩეკისტს პირღიობა. კბილის ექიმის სავარძელშიო“.

დღევანდელი წერილის დასასრულს ბატონ ლადო კახაძეს დავუბრუნდებით და მის ერთ საყვარელ ანეკდოტს შემოგთავაზებთ.

„ერთ ძველ ანეკდოტს გავიხსენებ: კომუნისტების დროა და ბრეჟნევია მმართველი. ერთმა კაცმა იფიქრა ბევრი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ციხეში უნდა მოხვედრილიყო, რადგან ამ ცხოვრებაში ციხის მეტი ყველაფერი ენახა და იქაური ყოფაც აინტერესებდა. უნდოდა, დაეპატიმრებინათ, ოღონდ, ცოტა ხნით.

აიღო ხელში კოდექსის წიგნი და კითხულობს: „სახელმწიფო საიდუმლოს გაცემა ისჯება 15 წლით, კაცის კვლაზე და ორგანიზებულ, განსაკუთრებით საშიშ ყაჩაღობაზე არის დახვრეტა“... მერე მოჰყვება თანდათან და წერია: „სახელმწიფო ქონების მითვისება, ასევე, ისჯება 15 წელი პატიმრობით“... ჩამოაყოლა თვალი დაბლა და კითხულობს, „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხულიგნობა“ ისჯება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით – და, ეს ვარიანტი მოეწონა, იფიქრა, ცოტა ხანს დავისვენებ ციხეში, წიგნების წაკითხვის დროც მექნებაო.

შეარჩია შესაფერისი დრო და, ერთ მშვენიერ დღეს, ბრეჟნევი ჩამოფრინდა სხვა ქვეყნიდან. ტრაპზე ჩამოვიდა თუ არა, მიეჭრა მას და უთხრა, შენ ხარ დებილი, გაუნათლებელი, სახელმწიფო მოღალატე და უტვინოო.

დაიჭირეს და მიუსაჯეს 16 წელი პატიმრობა. კი მაგრამ, რატომ, რა დავაშავეო, – იკითხა გაოგნებულმა, – სიტყვიერი შეურაცხყოფა ხომ მხოლოდ 1 წლით ისჯებაო. კიო – დაეთანხმა მოსამართლე, – ეგ კი ისჯება 1 წლით, მაგრამ მაგას დაემატა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ამიტომ, იჯექი 16 წელი და ხეხე ციხეო".