პლეხანოველი მარინას წინასწარმეტყველება

პლეხანოველი მარინას წინასწარმეტყველება

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ. მათი უმეტესობა მხიარული ადამიანები არიან და ხასიათის ამ თვისებას საქართველოს პარლამენტის სხდომებზე ხშირად ამჟღავნებენ. თანამემამულე პოლიტიკოსები უცხოელი კოლეგების მსგავსად ხელჩართულ ბრძოლაში იშვიათად ებმებიან, სამაგიეროდ ერთმანეთთან სიტყვიერ პაექრობაში საკუთარ მახვილგონიერებას ხშირად ამტკიცებენ. დღევანდელ წერილში ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიას გაგაცნობთ.

ჩვენი დღევანდელი „მოგონებების“ პირველი გმირი დავით საგანელიძე ბრძანდება. ალბათ არ გაგიკვირდებათ და ბატონ დეპუტატს ქეიფი ძალიან ჰყვარებია. „ამ გატაცებით“ ადრეული სიჭაბუკის ასაკში „დაავადებულა“.

„სუფრასთან მოლხენა მართლა მიყვარს. ქეიფზე ცეკვაც „მოსულა” და სიმღერაც, აბა, როგორ!.. პირველი დალევა კი... ეს დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

მოკლედ, პირველი ჩემი დათრობა კარგად მახსოვს: ბიჭები მეგობართან შევიკრიბეთ სახლში – ფიზიკაში უნდა გვემეცადინა. ალბათ, მეშვიდე კლასში ვიქნებოდით. გავიხედეთ, ამ ჩვენმა ძმაკაცმა კონიაკის ბოთლი გააძრო. კარგად გეახელით და, მართლა არ მახსოვს, იქიდან როგორ წამოვედი, სახლში როგორ მივედი, საწოლს როგორ მივაგენი. ყველაფერი საშინელება მე დამემართა, გონზე არ ვიყავი. ეს პირველი დათრობისას იყო, თორემ, ახლა დალევასაც ვირგებ, თამადობასაც „ვქაჩავ” და მოლხენასაც კარგად ვახერხებ ჭიქით ხელში“.

დალევა ბატონ კახა კუკავასაც უყვარს. სიტყვას ალეკო შალამბერიძეს გადავცემთ.

„ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო.

ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს „დიდ კაცს“ – კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ „გაბარიტებით“ ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, კახა, შეძლებისდაგვარად, ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება, ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა – ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც „მათე ბიჭს“ ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი.

ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის „მათე ბიჭმა“ მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო „მათე ბიჭის“ გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი „მათე ბიჭი“, ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები“.

ბახუსთან „ახლო ურთიერთობა“ ყოფილ პარლამენტარს, ცნობილ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსაც გააჩნია. ერთხელ „ამ გატაცების“ გამო ბატონი ჯანსუღი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

რამდენიმე წლის წინ ჯანსუღ ჩარკვიანი „პახმელიაზე“ბრძანდებოდა და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობდა. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და მათ ყურადღებით დააკვირდა. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა უკანმოუხედავად“.

შემდეგი „პოლიტიკური“ მოგონება ბატონ თემურ მირიანაშვილს ეკუთვნის.

„ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი.

იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა.

აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.

ალბათ გახსოვთ რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი თბილისელი კოლორიტი - პლეხანოველი მარინა. მარინას ქალაქში ყველა იცნობდა და გამონაკლისს არც თანამემამულე პოლიტიკოსებიც შეადგენდნენ.

ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იხსენებს“

„კარგად ვიცნობდი მარინას... ახალგაზრდობაში მართლა ლამაზი ქალი იყო. მერე ვიღაც კაცმა შეაცდინა და ტყუპი ბიჭებიც ეყოლა მისგან. ამის მერე ფსიქიკა ცოტა შეელახა, თორემ ისე, საღი აზროვნება ჰქონდა, ბევრს „გადაუჯოკრავდა“. მერე დაიწყო დალევა და ბოჰემური ცხოვრება.

 უნდა გენახათ, ისე ატრიალებდა ჭიქას ორი თითით, რომ წვეთი არ ეღვრებოდა იქიდან. გამგები და კაი გულის ქალი იყო, საწყალი.

ერთი ამბავი მინდა გავიხსენო. ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და მივსეირნობთ კინოში. ამ დროს მარინა „გამეჩითა“. შორიდანვე მომაძახა, „ვა, კობა-ჯან, საღოლ, რა კარგი გოგო დაგითრევია“. კარგად მომისმინე, რასაც გეტყვი, პირველი შვილი ბიჭი გეყოლება და გიორგი დაარქვიო.

გავიდა რამდენიმე თვე და მართლა არ ახდა მარინას წინასწარმეტყველება?! ბიჭი მეყოლა და გიორგი დავარქვი. მარინა ძირითადად დადიანის ქუჩაზე იჯდა  და მოწყალებას თხოულობდა. არ არსებობდა, ქალაქელ კაცს გაევლოს იქ მანქანით და თუ მართლა ჯიბეში ფული გააჩნდა, მარინასთვის არ ეჩუქებინა. მარინა იმ ფულით ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა – უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. მიდიოდა იქ და ბოლო კაპიკამდე ბავშვებს აძლევდა ფულს. მან რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა შიმშილს“.

მარინას „კონსერვატიული პარტიის“ წევრი გია ყრუაშვილიც იცნობდა.

„ადრე, ბავშვობის პერიოდში, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ძალიან ბევრი კოლორიტი ადამიანი ტრიალებდა ჩემ გვერდით – გიჟიც და ჭკვიანიც. კარგად მახსოვს კიკა, მარინა, რომელმაც რამდენჯერმე დაგვპატიჟა მე და ჩემი ორი მეგობარი.

მაშინდელ პუშკინის სკვერში ლუდის ავტომატები იყო, სადაც კარგი ხორციანი „პერაშკები“ იყიდებოდა. ბიჭები ვგიჟდებოდით იმ ფუმფულა „პერაშკებზე“. მარინამ ერთხელ დაგვინახა, რომ ცოტა ფული გვქონდა, თავად კარგი სუფრა ჰქონდა გაშლილი და მიგვიწვია. ოღონდ არ უგრძნობინებია, რომ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით და ფული არ გვქონდა. თავადაც მოწყალებით ცხოვრობდა. ღვინოს სვამდა, ორი თითით დაატრიალებდა ჭიქას და დაურტყამდა.

იმ დროს მე და ჩემი მეგობრები სკოლიდან „შატალოზე“ ვიყავით გამოსულები. ცოტა მოგვიანებით, ჩვენმა ხელმძღვანელმა დაგვინახა მარინასთან ერთად, თან თითო კათხა ლუდი გვედგა. მორალის კითხვა დაგვიწყო. მარინამ ისეთი უწმაწური სიტყვებით შეამკო ის, არ ვიცი, ჩვენ რაღას გვერჩოდა, ატირებული გავარდა.

მეორე დღეს ჩვენს მშობლებს სკოლაში მოუწიათ მისვლა დირექტორთან. თქვენი შვილები გიჟებთან ერთად ლუდხანაში დადიანო, უთხრეს. ამის მიუხედავად, ჩვენ გვეამაყებოდა, რომ მარინასთან ნაქეიფრები ვიყავით. კარგი პურისმჭამელი და კარგი მოქეიფე ქალი იყო.

თბილისში მისთვის პოპულარობით იშვიათად რომ ვინმეს „გადაეჯოკრა“. ასე ვცელქობდით და ვხალისობდით ბიჭები. მაშინ თბილისში მართლა ბევრ კოლორიტს შეხვდებოდი, მარტო რუსთაველის პროსპექტზე გასეირნება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ახლა კი დროც შეიცვალა და ჩვენი მენტალიტეტიც. აღარც ის ადათ-წესებია გავრცელებული ადრე რომ იყო“.