პროკურორების ,,გაფუჭების' სკანდალური სქემა

პროკურორების ,,გაფუჭების' სკანდალური სქემა

პროფესიონალ ბრალმდებელს ,,ქურდულ სამყაროსთან' კავშირი ვერ დაუმტკიცეს და ქრთამის აღება ,,შეტენეს

ვინც ციხეში არ მჯდარა, არ იცის, რას ნიშნავს იქ გატარებული თითოეული წუთი. ჯერ დღე იწელება უსაშველოდ, მერე ღამე და ყოველდღიური ერთფეროვნება ფსიქოლოგიაზე დამთრგუნველად მოქმედებს. გარდა იმისა, რომ რამე გასართობი უნდა მოიფიქრო, იმაზეც გიწევს ფიქრი, სხვა არ გაერთოს შენით და შარში არ გაეხვიო. რეალურად ხომ იქ ბოროტმოქმედები არიან, კრიმინალები და იშვიათი გამონაკლისის და ციხეში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანების გარდა, თავს როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ. შესაბამისად, თუ ვინმეს გარეთ ვადაზე ადრე გასვლის შანსი უჩნდება, მას ებღაუჭება - არცთუ იშვიათად, ადამიანები სახეს კარგავენ და ისეთ პირობებს თანხმდებიან, თავისუფლებაზე თავში აზრად რომ არ მოუვიდოდათ და ელემენტარულად, მორალი არ მისცემდა უფლებას, ეს გაეკეთებინათ...

სანამ სასჯელს მიუსჯიდნენ, პატიმარი #0578, სხვების დარად, გლდანის ციხეში იჯდა. ერთ დღეს ადვოკატთან გამოუძახეს და როცა ოთახში შევიდა, მეორე მაგიდასთან ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი. ღიმილით მიესალმა და ჰკითხა: ,,როდიდან არის, პროკურორებმა პატიმრების ზმანზე დაიწყეთ სიარული? სპორტულებით აქ მოსვლა რა პონტია?!'

,,ეჰ, ჩემო ძმაო, პატიმრის ზმანზე იმიტომ ვარ, რომ პატიმარი ვარ და მეც შენსავით ადვოკატს ველოდები', - ნაღვლიანად უპასუხა პროკურორმა.
,,მოიცა, კაცო, შენ ის პროკურორი არ ხარ, რამდენიმე თვის წინ ვაკის რაიონში რომ მუშაობდი? თუ მეშლება? ახლობლები ჩხუბზე დაიჭირეს და იქიდან მახსოვხარ, სიცილ-ხარხარით რომ გამოუშვი სასამართლოდან, ერთმანეთს ნუ დახოცავთ, ისედაც ცოტა ვართ ქართველებიო, ის კაცი არ ხარ თუ მეშლება?!', - ჰკითხა #0578-მა.
,,ის ვარ, ის', - მწარედ გაეცინა ნაპროკურორალს.
,,ქრთამი?!' - თვალები მოჭუტა პატიმარმა.
,,არა, ქურდული სამყაროს წევრობა', - უპასუხა პროკურორმა.
,,იუმორის გრძნობა შეგრჩენია. რა უნდა ამ კაცს აქ, ჩემ პროკურორად ხომ არ დანიშნეს?' - ახლა ადვოკატს ჰკითხა #0578-მა. იმანაც უპასუხა: ,,არა, მართლა დაიჭირეს და მართლა ქურდული სამყაროს წევრობაზე'.

,,გარეთ სულ გაგიჟდით თუ მე მაგიჟებთ? პროკურორი ქურდული სამყაროს წევრობაზე როგორ დაგიჭირეს, ნუ გადამრიეთ', - გაოცდა #0578.
,,როგორ და ლაშა შუშანაშვილს ველაპარაკე ტელეფონით. ამათაც მეტი რა უნდოდათ, ეგრევე ეგ შემომტენეს', - ერთ წინადადებაში დაამთავრა ბრალდების მოყოლა პროკურორმა.
,,და შუშანაშვილთან რა გინდოდა?' - ჰკითხა #0578-მა.

,,სკოლა ერთად დავამთავრეთ, მეჯვარე იყო ჩემი, შვილის ნათლიაა, მერე გახდა ქურდი და რა ვქნა, მაგის გამო კაცთან კავშირი გავწყვიტო? ცუდად მყავდა შვილი, საავადმყოფოში მეწვინა, დარეკა მოიკითხა. ვუთხარი, რა და როგორც იყო და დავემშვიდობე. მეორე დღეს დამიჭირეს და ბრალად ეგ წამიყენეს. არადა, მთელმა პროკურატურამ იცოდა, შვილი ცუდად რომ მყავდა და ისიც იცოდნენ, ვინ იყო ჩემი შვილის ნათლია, მაგრამ არაფერმა მიშველა', - განმარტა პროკურორმა.

,,შენი შვილი პატარა არ უნდა იყოს...' - აღარ დაამთავრა #0578-მა.
,,არა, რა პატარა, ცოლ-შვილი ჰყავს, გამომძიებელია. ბრმანაწლავი გაუსკდა. სისხლის მოწამვლას გადავრჩით და ნათლიამ მოიკითხა. სულ ეგ იყო', - თავი გადაიქნია პროკურორმა.
,,შვილიც დაიჭირეს?!' - ჰკითხა #0578-მა.

,,არა, მაგასთან არ დაურეკავს და გადარჩა', - გაეღიმა პროკურორს.
,,რას აპირებ?!' - არ მოეშვა #0578.
,,რა უნდა დავაპირო? შევეცდები დავამტკიცო, რომ ჩემი სტაჟის და გამოცდილების კაცი შეუძლებელია ქურდული სამყაროს წევრი იყოს. შვილის ნათლიასთან და მეჯვარესთან კავშირს კი არცერთი კანონი კრძალავს', - დაასრულა მონოლოგი პროკურორმა.

ორიოდე თვის შემდეგ პროკურორი და პატიმარი #0578 ერთმანეთს სასამართლოზე შეხვდნენ.
,,რა ქენი, კრიმინალო? დაამტკიცე შენი სიმართლე?!' - გაეღიმა #0578-ს.
,,სიმართლე? სად არის სიმართლე და სამართალი? სადამდე მიდის ადამიანი, ხედავ? ახალი ბრალი წამიყენეს, ვიღაც პატიმარი მიჩივის, აქაოდა, ხუთი წლის წინ ფული გამომართვაო. გესმის? აქ მომკრა თვალი და აყვირდა. ეს ბრალდება გაქარწყლებული იყო თითქმის, გაშვებას ველოდი და ახალი საქმე წამოიწყეს. დასაბმელი ვარ. იმ ჩემი ცოდვით სავსეს თურმე 25 წელი აქვს მისჯილი და ამბობს, თუ პროკურორს ჩავასმევინებ, 15 წელს მიკლებენო. თავისი 15 წლის გულისთვის, მე მიშვებს სროკზე. ანგელოზი არავინ არის და ფული მეც ამიღია, მაგრამ შვილებს, შვილიშვილებს გეფიცები, მაგისგან ერთი თეთრი თუ მქონდეს აღებული. მტენის, როგორმე თავს რომ უშველოს, მე მწირავს', - ლამის ტიროდა პროკურორი.
,,რას აპირებ?' - ჩაეკითხა პატიმარი #0578. პროკურორმა კი, ლამის ყვირილით მიუგო: ,,რა უნდა დავაპირო? ვეცდები, სიმართლე დავამტკიცო, მაგრამ ვის უნდა ჩემი სიმართლე. ამათ რეზონანსული საქმე სჭირდებათ, გესმის? ჰოდა, დამითრიეს რა. ახლა მეუბნებიან, ვინმეს თუ დაგვაჭერინებ, გაგიშვებთო. ამ ჯოჯოხეთისთვის ვინ გავიმეტო? დასაჭერების მეტი რა არის, მაგრამ იმათ ცოლ-შვილს რა ვუთხრა?'

ყვირილზე ბადრაგმა მოირბინა და პატიმრები ერთმანეთს დააშორა. ერთი ეგ იყო, პროკურორს მოწიწებით სთხოვეს, აქეთ წამობრძანდითო, #0578-ს კი ხელები უხეშად ამოუგრიხეს და ფუქსებისკენ წაათრიეს.

რამდენიმე თვის შემდეგ #0578 რუსთავის ზონაზე გადაიყვანეს. ბევრს ეცადა, მაგრამ პროკურორის ბედი ვერ გაიგო, თუმცა ზონაზე აუხსნეს, გასროკეს ეგ კაცი და ის, ვინც პირზე ადგებოდა, ჩვენთან იხდიდა სასჯელსო.

,,და მართლა მაყუთი გაუმაზა?!' - ჰკითხა #0578-მა პატიმრებს.
,,არა, რა მაყუთი, ტელევიზორში ნახა, მთელი ღამე იძახა, ჩემი პროკურორი იყო ეგ ბოზი წლების წინო. მერე დილით თქვა, ისე, მაგის წინააღმდეგ რამე ჩვენება რომ მივცე, ეგებ გამიშვან. განწირულია ეგ კაცი, ისე არ დაიჭერდნენო. მერე ვიღაცამ უთხრა, რა ჩვენება უნდა მისცე, ერთადერთი მაყუთის თემას თუ შეტენი, ვითომ გადაუხადეო. ამას იდეა არ მოეწონა, სროკი მომცეს და მაყუთის მიცემას როგორ დავამტკიცებო და ეგეც ურჩიეს - თქვი, დიდ სროკს მაძლევდა და პატარა მომცაო. ამასაც ჭკუაში დაუჯდა, მერე ციხის ნაჩალნიკს დაელაპარაკა და შეიკერა საქმე. სხვა ზონაზე გადაიყვანეს, იმ პროკურორის ახლობელი ზის აქ და იმან მაგრად სცემა', - უპასუხეს პატიმრებმა.
,,და ასე ხშირად ხდება?!' - გაოცდა #0578.

,,პროკურორებზე რა გითხრათ, პირველი შემთხვევაა, ერთმანეთის ჩაშვება კი იცოცხლე. დაგიჯდება პატიმარი წინ, ენა ტკბილად მოუბარი, გამოგტყუებს რაიმე საქმეს, რომელიც გახსნილი არ არის, მერე იტყვის სადაც საჭიროა, პოლიცია საქმეს ხსნის და პიარს იკეთებს, ამ პატიმარს კი მინიმუმ სასჯელის განახევრება ზედ აქვს', - აუხსნეს პატიმრებმა.
,,და იმ სხვას სროკი რომ ემატება, ეგ არაფერი?!' - ისევ გაოცდა #0578.

,,როგორ არაფერი, მაგრამ კიდიათ. სხვა ზონაზე წავა, ბოლობოლო, ადინოჩკას მოითხოვს და რამდენიმე წელი რომ მოიკლოს, რაში ანაღვლებს, ვინ გაისროკება. ამიტომ აქ ენას კბილი უნდა დააჭირო, ისე არაფერი გამოვა', - გაანათლეს ახალმოსული.

,,კი, მაგრამ ენაზე კბილი იმ პროკურორსაც ჰქონდა დაჭერილი, მაგრამ უშველა? ვიღაცამ საკუთარი საქმე რომ მოახსენოს პოლიციას და სხვას რომ შეტენოს, ვითომ იმან გააკეთა? მაგ დროს რა ხდება? პოლიცია საქმეს ხსნის, იმ საქმის გამკეთებელს გარეთ უშვებს და ვიღაც უდანაშაულოს სროკს უმატებს?!' - იკითხა #0578-მა.
,,დაახლოებით ეგრეა. დეტალებს ნუ გამოეკიდები, თორემ შეიძლება გარეკო', - გაეცინათ პატიმრებს.
,,რაღა უნდა გავრეკო, რასაც ახლა ვისმენ...' - თქვა #0578-მა და საკანში ავიდა.
პროკურორის ჩამშვები პატიმარი რუსთავის ზონაზე დაახლოებით ერთ თვეში დააბრუნეს. #0578-მა მაშინვე დაიმარტოხელა და მკაცრად ჰკითხა - ,,იმ პროკურორს რას ერჩოდი, შენი გულისთვის სროკზე რომ არის?!'

,,ძაღლების დედაც... ვის იცავ და რა უფლებით და საერთოდ ვინ ხარ?!' - შეეწინააღმდეგა ჩამშვები.
,,ძაღლები კი არა, ადამიანებზე გელაპარაკები. იმ კაცს გარეთ ცოლ-შვილი ჰყავს, მშობლები, საძმაკაცო. მაგაზე გიფიქრია, ტყუილს რომ აბრალებ?!' - ცივად ჰკითხა პატიმარმა.
,,და იმაზე თუ გიფიქრია, ამხელა სროკმა რომ შეიძლება დამბრიდოს?!' - არ შეეპუა ჩამშვები, თუმცა სახეში ხელი მოხვდა და აღრიალდა - ,,ნახეთ, ხელს კამერების წინ მირტყამს, ნაბოზვარია ეს კაცი'...

ხუთ წუთში ორივე მაყურებლების კამერაში იყო.
,,პოლიციელს იცავ?!' - ცივად ჰკითხა მაყურებელმა.
,,ამასაც ვუთხარი, ჩემთვის განსხვავება არ აქვს, ვინ ბოზობს. ეს კი ახლა აშკარად ბოზობს. რით ვჯობივართ მაშინ ჩვენ... შენ, მე... დანარჩენები... იმ ხალხს, ვინც ცრუ ჩვენებას იძლევა და ვისზეც ვამბობთ, ნასედკა და ძაღლების ბოზიაო? ეს ამიხსენით და გამაგებინეთ', - იკითხა #0578-მა.

,,მე კი ის ამიხსენით, კამერების წინ ხელის დარტყმა არის თუ არა ნაბოზვრობა', - ღვარძლიანად თქვა ჩამშვებმა.
,,მომისმინე. ყველა საკუთარ საქციელზე აგებს პასუხს. იმათ ჩვენი დაცვა არ სჭირდება, ისედაც მოახერხებენ როგორმე. რაც შეეხება ხელის დარტყმას, ახსნა მოგიწევს', - მშვიდად თქვა მაყურებელმა.
,,ავხსნი. თავხედურად მპასუხობდა, ეს ერთი. კამერაში ავიდეთ-მეთქი და უარი თქვა, ეს ორი. კამერასთან არ ვიდექით, მაგრამ თავად გადაიწია და დადგა, ანუ იცოდა, შეიძლებოდა მოხვედროდა და უნდოდა, კამერას დაეფიქსირებინა და ამის გამო კარცერში წამიყვანენ, ანუ გამიჩალიჩა, ეს სამი და ამან თუ არ ახსნა ახლა, ნაბოზვარიაო, რომ თქვა ჩემზე, სისხლს ვაფურთხებინებ. ესეც ოთხი', - დაასრულა #0578-მა.

მაყურებლებმა ჩამშვებს შეხედეს და ჰკითხეს, კამერაში რატომ არ აყევიო, რაზეც იმან ვერაფერი უპასუხა, ვერც #0578-ის ნაბოზვრობა ახსნა და...
,,რა უქენი ასეთი, სახე რომ აღარ უჩანს?!' - მეორე დღეს ლაშა ბრეგვაძე #0578-ს თავის კაბინეტში ესაუბრებოდა.
,,არაფერი. ტყუილად ამბობს, #0578-მა მცემაო. ეგ საკუთარმა თავმა სცემა და ეს შენც იცი. ახლა ან კარცერში გამიშვი, ან ზონაზე დამაბრუნე, დაღლილი ვარ', - ნაღვლიანი ხმით უთხრა პატიმარმა.
ლაშამ ოფიცრებს დაუძახა, თვალით ანიშნა, ზონაზე დააბრუნეთო და სანამ პატიმარი #0578 კაბინეტიდან გავიდოდა, მიაძახა: ,,გუშინ პრობლემები გვქონდა და გამორთული იყო ის კამერა, ეს რომ მიმტკიცებდა, ნახე, სახალხოდ დამარტყა ხელიო. იცოდე, სხვა დროს ჩართული იქნება'...