2024 წლის და დიდი ალბათობით, უკანასკნელი არნახულად ქაოსური ათწლეულისაც, ცენტრალური მსოფლიო მოვლენა უთუოდ არის ტრამპის პრეზიდენტობის დაბრუნება, მისი ისტორიული გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. პოსტლიბერალიზმი, რომელიც არნახული არეულ-დარეულობისკენ, სრული დიფუზიისკენ და ვინ იცის, ეგებ არმაგედონისკენაც მიაქანებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს, შეჩერებულია. კეთილგონიერი კაცობრიობა იმედოვნებს, რომ ამიერიდან ისტორიის ჩარხი კვლავ წაღმა დატრიალდება, თუმცა ეიფორიის დროც არ არის: პოსტლიბერალიზმი საბოლოოდ არ დამარცხებულა; მან მხოლოდ უკან დაიხია და სამხედრო ტერმინებით თუ ვიტყვით, „წინასწარ მომზადებულ საბრძოლო პოზიციებზე“ გამაგრდა საღი აზრის პირისპირ. პოსტლიბერალიზმი დანებებას სულაც არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის არჩევით ამერიკამ მთავარ გამოწვევას ღირსეულად უპასუხა − მოვლენათა კატასტროფული განვითარება თავიდან აგვაშორა! მაგრამ საბედისწერო შეკითხვებისთვის, რომლებიც აშშ-ისა და მსოფლიოს წინაშე ისევ დგას დღის წესრიგში, მკაფიო, ცალსახა პასუხი კვლავ გასაცემია. ისევ მძვინვარებენ ომები, აშშ-სა თუ ევროკავშირში ისევ პარპაშებენ ვოუკი-აქტივისტები; აგერ, საქართველოში − ისევ ნერვებს გვიშლიან რადიკალი ე.წ. პროდასავლელი ლიბერალები და სხვ.
ამჟამად კეთილი ნების მსოფლიო ფრთხილი ოპტიმიზმით მოლოდინის რეჟიმშია და ელის, მათ შორის საქართველოში, რამდენად დამაჯერებელი და კეთილსაიმედო იქნება სინამდვილეში ტრამპის პირველივე პრაქტიკული ნაბიჯები. ბუნებრივია, 20 იანვრამდე, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება, გარკვეული ტენდენციები უკვე გამოიკვეთება და შეგვეძლება კონკრეტული სურათის გარჩევა; მანამდე − სპეკულაციების დროა და ვნახოთ, რას მოგვიტანს განსჯის ეს პერიოდი და რამდენად მკაფიოდ გამოიკვეთება პოზიტიური, ანდა, ღმერთმა ნუ ქნას და, ნეგატიური ტენდენციები აშშ-ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, რასაც ამ საარჩევნო ციკლში უნდა ველოდოთ.
რასაკვირველია, ჩვენთვის, ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია ამ სუპერსახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა, რასაც უზარმაზარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მთელ პლანეტაზე და დიდწილად განაპირობებს კაცობრიობის, მსოფლიოში უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, მეტ-ნაკლებად გავლენიანი საერთაშორისო თუ ლოკალური პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ძალების ქცევას.
ამ თვალსაზრისით მთავარი შეკითხვა ეს გახლავთ: შეეცდება თუ არა თავად აშშ ადაპტირებას იმ მკაფიოდ გამოკვეთილ ისტორიულ მოცემულობასთან, რომლის მთავარი არსი აქამდე არსებული „მოდუს ვივენდის“ შენარჩუნების შეუძლებლობაა: უგუნურის გარდა, რეალობას ვერავინ უარყოფს − Pax Americana უკვე აღარ განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს და ამჟამად ვიმყოფებით იმგვარ ურთულეს, არცთუ მკაფიოდ პროგნოზირებად ვითარებაში; არასტაბილურ მდგომარეობაში, რასაც მაგ. ფიზიკოსები „სამი მნათობის ამოცანას“ უწოდებენ, რომლის ერთმნიშვნელოვნად ამოხსნა პრინციპულად შეუძლებელია… ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევა სწორედ ეს იქნება: აშშ-მა ან ახალ, უაღრესად გართულებულ, როგორც უწოდებენ − მრავალპოლარულ რეალობასთან, ადაპტირება უნდა მოახდინოს, ანდა კვლავ ჯიუტად, თუმცა გარდაუვალად სულ უფრო კლებადი იმპულსით, გააგრძელოს „ცივი ომის“ შემდგომ აღებული კურსი, რომლის აბსოლუტური უპერსპექტივობა ბაიდენის პრეზიდენტობის კრახმა და საზოგადოდ თუ ვიტყვით, აბსურდულობამდე მისულმა (რისი ერთ-ერთი სიმბოლოც კამალა ჰარისია) მთელმა პოსტლიბერალურმა ეპოქამ ნათელყო: ისტორიის ულმობელი ლოგიკით განწირულია აშშ-ის ჰეგემონიის და მონოპოლარული მსოფლიო წესრიგის, შენარჩუნების ყოველგვარი მცდელობა, მით უმეტეს − პოსტლიბერალურ, ტრაგიკომიკურად ყალბ ნარატივებზე დაყრდნობით.
ცხადია, ტრამპის არჩევა ამერიკის კეთილგონივრული პასუხია − აშშ ამ ფუჭი, ყოვლად ამაო და უაზროდ დამანგრეველი ომებიდან, რომელთა მიზანი სწორედ Pax Americana-ს ცრუ ნარატივებით დაცვა გახლდათ, გამოსვლას აპირებს; თუმცა − არა ამერიკის ძლევამოსილების დათმობის ფასად. მაშ როგორ? არსებობს ამ ამოცანის გადაწყვეტის რაციონალური გზა, რომ ერთდროულად მოხერხდეს მსოფლიო ჰეგემონიისთვის ომებზე უარის თქმაც და ისიც, რომ „გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი“, რაც ტრამპის უმთავრესი დევიზია?! ბუნებრივია, ეს ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია გლობალური დღის წესრიგში მწვავედ დასმული „სამი მნათობის პრობლემის“ ამოხსნისა და უდიდესი, პრაქტიკულად კი − შესაძლოა, გადაუწყვეტელიც, სირთულეები, რაც ამას ახლავს − გარდაუვალია…
……………………………………..
„სამი მნათობის ამოცანა“ ციური სხეულების მექანიკის ურთულესი ამოცანაა. არსი ის გახლავთ, რომ პლანეტარულ სისტემაში, სადაც სამი თანაზომადად მასიური სხეულია, გრავიტაციულ ზემოქმედებათა სუპერპოზიცია იმდენად ჭარბ ცვლადზე ხდება ერთბაშად დამოკიდებული, რომ ტრაექტორიათა პროგნოზირება არა მხოლოდ ცდომილებისთვის, არამედ თავად მასიურ მნათობთათვისაც მათემატიკურად გადაუწყვეტელი ხდება. შეიძლება შეფასდეს მიახლოებითი სტატისტიკური ალბათობები, როგორ იმოძრავებს ესა თუ ის ციური სხეული, მაგრამ მათი თავისუფლების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ პროგნოზირება საზრისს კარგავს − ეს მხოლოდ ეფემერული ალბათობებია და არა მყარად გარკვეული ტრაექტორიები.
აქ შეგვიძლია საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ Netflix-ის გახმაურებული სერიალი „სამი სხეულის ამოცანა“, რომლის ავტორები „სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელები − დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი არიან. სერიალი ჩინელი მწერლის, ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება; ყოველივე ეს იმდენადაა მნიშვნელოვანი, რომ როგორც წესი, ბესტსელერად ქცეული ამ ჟანრის − სამეცნიერო ფანტასტიკის, ნაწარმოებები ძალზე ხშირად გამოხატავენ „ეპოქის სულს“ და არცთუ იშვიათად ამ ფორმით, არაპირდაპირ ხდება მთავარი პრობლემატიკის, რაც კაცობრიობის წინაშე დგას, ერთგვარი ინტუიციური დემონსტრირება. მკითხველს ვურჩევდი ნახოს ეს ფილმი და ლიუ ცისინის ამ ფანტასტიკურ ტრილერს გაეცნოს, ვინაიდან რეალურად წარმოიდგენს იმ ფუნდამენტური პრობლემის, რომლის საწყისი „სამი მნათობის ამოცანაა“, საბედისწერო მასშტაბურობას. რაც მთავარია − დღევანდელ, არნახულად დიფუზურ მსოფლიოს ამ მათემატიკურად გადაუწყვეტელ ამოცანასთან ანალოგიას იოლად აღმოაჩენს…
…………………………………………………………………………………………………………………
ფუნდამენტური პრობლემა, რაც ახლა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეა, ერთპოლარული მსოფლიოს ურთულესი ტრანსფორმაციაა და „სამი მნათობის ამოცანით“ შექმნილი ქაოსის, რაც ყოველივე ამას თან სდევს, როგორმე თავიდან აცილებაში მდგომარეობს. ანალოგია თვალსაჩინოა:
ერთპოლარული, Pax Americana-ს ჰეგემონურ „წესებზე დამყარებული წესრიგი“ ფაქტობრივად დაიშალა. ეს დაადასტურა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, შემდგომ − ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულმა ფეთქებადსაშიშმა ცივილიზაციათაშორისმა ომმა, ნათელყო ბოლო დროს ყაზანში ჩატარებულმა ბრიქსის ქვეყნების უაღრესად რეზონანსულმა სამიტმა, რომელშიც 36 სახელმწიფო მონაწილეობდა. ხოლო ყველაზე მკაფიოდ ეს დაგვანახა ტრამპის არჩევამაც, ვინაიდან ამერიკელმა ხალხმა მიიღო უალტერნატივოდ ღირსეული გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირა გლობალურ მშვიდობას და არა ომს, რაც აშშ-ის ჰეგემონიის გახანგრძლივების ერთადერთი ინსტრუმენტიღაა; რამდენად საშიში და უსამართლოა ასეთი ომი, განსაკუთრებით კი სხვის ხარჯზე წარმოებული პროქსი-ომი, როგორც ჰეგემონიის ერთადერთი ინსტრუმენტი, რამაც ევროპის უდიდესი ქვეყანა − უკრაინა, რეალურად გაანადგურა, უარესიც − შეუქცევადი ესკალაციის, რაც გეოგრაფიულად გაფართოვდება, მაშასადამე, საბოლოო ჯამში, სრულმასშტაბიანი მსოფლიო ომის უდიდეს საფრთხეს შეიცავს, ვინც ბრმა და ყრუ არ არის, არც პოსტლიბერალიზმის ბინძური დეზინფორმაციული პროპაგანდის მსხვერპლს წარმოადგენს, ყველანი მკაფიოდ ვხედავთ. ამავდროულად, რადგანაც არც რაიმე ახალი „მოდუს ვივენდი“ არსებობს, მსოფლიო ეხვევა „სამი მნათობის ამოცანის“ არაპროგნოზირებად არეულობაში. ეს არეულობა ვიდრე არ დასრულდება, პოსტლიბერალიზმს ყოველთვის ექნება სრული რევანშის შანსი, საკმარისი რესურსიც; ხოლო ყოველი ცივილიზაციისთვის ჩვეული, წესრიგის უზრუნველყოფის ბუნებრივი მოთხოვნილება, რაც პოსტლიბერალებისთვის თურმე მხოლოდ ჰეგემონიის აღდგენას თუ დაემყარება, მათ მიერ წონად არგუმენტად მუდამ ბოროტად იქნება გამოყენებული. თუ ობიექტურად დავაკვირდებით, ამჟამად მსოფლიო სამი „მნათობის“: აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის „გრავიტაციულ“ ურთიერთქმედებებშია; ეს სამი „მნათობი“ გამოირჩევა სხვებთან შედარებით უდიდესი „გრავიტაციული მასით“, რაც თითოეული მათგანის ნივთიერი, ენერგეტიკული თუ საინფორმაციო მასშტაბურობის გამოხატულებაა; მათი სიდიდე განაპირობებს, რომ შედარებით მცირე ქვეყნები და თუნდაც მათი გაერთიანებები, მაგ. ევროკავშირიც კი, ცდილობენ მეტ-ნაკლები სტაბილურობა გარკვეულ ორბიტაზე დარჩენით შეინარჩუნონ, რაც სულ უფრო და უფრო რთული, დამაზიანებელი, საშიში და სულაც შეუძლებელი ხდება: პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური თუ სამხედრო შესაძლებლობებით განპირობებული „გრავიტაციული“ ზეგავლენა, ამ სამიდან ყოველი ორის დაახლოების შემთხვევაში ნებისმიერი მესამე „მნათობისას“ ბევრად აღემატება; ამიტომაც, დანარჩენ, „მცირე ცდომილთა“ ორბიტები ნელ-ნელა სრულიად არაპროგნოზირებადი გახდება; გარკვეულწილად, ეს თავისუფლების ხარისხის ზრდასაც თითქოს თავისთავად გამოიწვევს, მაგრამ სინამდვილეში − ეს ქაოსის თავისუფლება თუ იქნება და ამ „ცდომილის“ საშინაო მდგრადობისთვის ძალზე დიდ რისკს წარმოადგენს; ამის გამო − განჭვრეტადი საერთაშორისო წესრიგის საჭიროება დღის წესრიგში უკვე მწვავედ დგას, მალე კი ისეთი აქტუალური გახდება, როგორც არასდროს. უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ თუ ამ სამი „მნათობიდან“ რომელიმეს ორბიტა მეორესთან ან მესამესთან გადაიკვეთა და მოხდა უშუალოდ მათი და არა მხოლოდ მათი ორბიტის ცდომილთა „პროქსი-შეჯახება“, მთლიანად ამ სისტემის ანიჰილაცია, აბსოლუტური კატასტროფა გარდაუვალი გახდება…
ამდენად: „სამი მნათობის ამოცანის“ საბედისწერო პრობლემურობას მივყავართ ისეთი გადაწყვეტის აუცილებლობასთან, რაც რომელიმე მათგანის უდიდესი „გრავიტაციის“ მიუხედავად, ჰეგემონურ წესებზე დამყარებული წესრიგის ალტერნატივაც უნდა იყოს და ამავდროულად, არც ქაოსი უნდა დაუშვას. ეს გაცილებით რთულ მსოფლიოში, ვიდრე ეს აქამდე იყო, მაგ. მეორე ან პირველი მსოფლიოს ომის შემდგომ, უნდა მოხდეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეს ამ სამი „მნათობის“ და მათ „ორბიტებზე“ სხვადასხვა ტრაექტორიით მოძრავი ბრიქსის, G7-ის, ევროკავშირის, აუკუსის, შანჰაის ორგანიზაციის და სხვა ქვეყნების გარდა, ჯერ კიდევ არსებობს გაერო და მასში 200-მდე სახელმწიფოა გაერთიანებული. ახალი მსოფლიო წესრიგის ამოსავალი, რასაც ნებაყოფლობით, თავისუფალი ნებით და არა რომელიმე მნათობის „გრავიტაციის“ ზეგავლენით იძულებით დაემორჩილებიან, ისევ და ისევ გაეროს წესდება თუ იქნება, რაც „ვესტფალიის ზავის“ ფესვებიდან მოდის. ცხადია, ასეთი მსოფლიო წესრიგის საფუძველთა საფუძველი სწორედ „ვეტფალიის ზავიდან“ მომდინარე საერთაშორისო სამართლის 5 ფუნდამენტური პრინციპი კვლავაც უნდა იყოს და არა ერთ-ერთი, ორი ან თუნდაც სამივე მნათობის „გრავიტაციულად“ ჰეგემონური წესები, ანდა ისეთი ორპოლუსიანი, ე.ი. გამარჯვებულ მნათობთა მიერ შუაზე გაყოფილი სამყარო, როგორც ეს იალტისა და პოტსდამის შედეგად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ გვქონდა.
ამის, ე.ი. ახალი მსოფლიო წესრიგის, რაც ისევ საერთაშორისო სამართალს დაეყრდნობა და არა „ძალთა ბალანსს“ ან ჰეგემონიას, თავიდან განსაზღვრას უსათუოდ „ახალი იალტა“ დასჭირდება. საქართველოსთან შედარებით, მცირე ქვეყნებისთვის მთავარი ინტერესი სწორედ ეს არის − საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მათ შორის უწინარესად − სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის უზრუნველყოფა, რათა განვითარებისა და უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები გვქონდეს. როგორი იქნება ამგვარი საერთაშორისო წესრიგის დადგენისა და შენარჩუნება-დაცვის მექანიზმები, რა ინსტიტუციებსა თუ საერთაშორისო ძალებს დაეყრდნობა იგი, ცხადია − რთული და სავარაუდოდ, ხანგრძლივი, მრავალგანზომილებიანი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად უნდა გაირკვეს. და გაირკვეს ასეთ ურთულეს პროცესში არა მხოლოდ ამ „სამი მნათობის“ მონაწილეობით, არამედ გაგონილი და შესმენილი უნდა იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველი სახელმწიფოს ხმა.
ამ „ახალი იალტის“ მოლოდინში ვართ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ, რომ ახალ მსოფლიო რეალობასთან ადაპტირების სწორედ ამგვარ კონსტრუქციულ გზას დაადგება ტრამპის ადმინისტრაცია. ამ კონსტრუქციულ გზაზე პირველი ნაბიჯები კი ომების დასრულება და უკრაინის სრული განადგურებისგან, ისევე, როგორც ისრაელისა და პალესტინისაც, რაც შეიძლება მალე, ხსნა იქნება…
…სიტყვას დიდად არ გავაგრძელებ, მხოლოდ დავძენ: ქართველთა უმრავლესობას მტკიცედ გვჯერა, ვიმედოვნებთ და მოველით, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან და შესაბამისად, მთლიანად დასავლეთთანაც უახლოეს მომავალში უთუოდ გადაიტვირთება. ჩვენი მხრიდან ამგვარ გადატვირთვას არაფერი დაუდგება წინ, სრულად იქნება ხალხის მიერ მხარდაჭერილი, თუ ქართველები მკაფიოდ დავინახავთ − ჩვენს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს სათანადო პატივისცემით ეპყრობიან. ეს ავტომატურად ნიშნავს საქართველოს საშინაო საქმეებში ყოველგვარი საგარეო ჩარევის შეწყვეტას, მათ შორის − უსაგნო, მავნე რიტორიკის − ე.წ. რუსული კანონის, ლგბტ-პროპაგანდის შემზღუდავი კანონმდებლობის თუ თითქოსდა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებების თაობაზე, ერთხელ და სამუდამოდ დასრულებასა და დავიწყებას; დანარჩენი (მათ შორის საქართველოს ეროვნული ინტერესები, რაც მაგ. „შუა დერეფანში“ ჩვენს როლს, ადგილსა და ფუნქციას, სარგებელს, უფლებებსა და ვალდებულებებს შეეხება), ცხადია, ორმხრივი თუ მრავალმხრივი მოლაპარაკებების, მათ შორის − აშშ-ის, ევროკავშირის, ჩინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის და შესაძლოა, რუსეთისა თუ ირანისაც, მონაწილეობით, საკითხია.
რაც მთავარია: ასევე ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ჩვენი უმთავრესი სასიცოცხლო ინტერესი − საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, განხორციელებადი გახდება, რადგან საერთაშორისო წესრიგი სამართალს, სამართლიანობასა და სიმართლეს დაუბრუნდება! დაე, ტრამპის გამარჯვება იყოს მსოფლიოს წაღმა შემობრუნების საწინდარი!