რა არის ორბანის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზანი

რა არის ორბანის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზანი

„ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და სამთავრობო დელეგაცია თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული ვიზიტის მიზანი მმართველი პარტიის მხადაჭერაა, რაც ხელისუფლებისთვის მომგებიანი იქნება.

„ორბანის ვიზიტის მიზანი არის ის, რომ მხადაჭერა გამოუცხადოს მეგობარ საქართველოს და მის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას. ეს თანადგომა უნგრეთის პრემიერმა გამოხატა ეგზიტპოლის გამოცხადებიდან 10 წუთში", - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ „ეს გარკვეულწილად ბოიკოტის გარღვევაცაა". „თუმცა ეს მხოლოდ მოლოცვა ხომ არაა? ეს არჩევნების შედეგების აღიარებაა და იმ ბოიკოტის გარკვეულწილად გარღვევაა, რასაც ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნები უცხადებენ. პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის" ძალიან მომგებიანი ვიზიტია".

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

„უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმანსპინძლებს.

გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან: უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები",- წერია განცხადებაში.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიაარტომ განაცხადა, რომ „საქართველოში არჩევნები მოიგო არა ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის" მიერ შეთავაზებულმა ძალამ, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე".

„მზის ქვეშ ახალი არაფერია: შაბათს საქართველოში არჩევნები მოიგო არა იმან, ვინც ბრიუსელის და ლიბერალური „მეინსტრიმის" მიერ იყო შეთავაზებული, არამედ მმართველმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს სუვერენიტეტს, მშიდობას და ოჯახს, რომელიც ღიად აყენებს ეროვნულ ინტერესებს წინა პლანზე. ასე რომ, რადგან ლიბერალები ძალიან ჩამორჩენ, შეტევა დაიწყო: არჩევნები არაკეთილსინდისიერი იყო, არ არის დემოკრატია საქართველოში და ა.შ.", - აღნიშნა სიიარტომ.

მან კიდევ ერთხელ მიულოცა „ქართულ ოცნებას" „ქართველი ხალხის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება" და განაცხადა, რომ უნგრეთი მზადაა განავითაროს თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

სიიარტოს თქმით, განსაკუთრებულ სიბრალულს იწვევს ის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი არის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრილიუს ლანდსბერგისი, რომლის პარტიამ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, გუშინ ჩატარებულ არჩევნებში და დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტისას ის ევროკავშირს არ წარმოადგენს.

„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია", - აღნიშნა ბორელმა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ამ ვიზიტის მიზანი „ოცნებისთვის" მხადაჭერის გამოცხადებაა და მეტი არაფერი.

„ძალიან მარტივია ორბანის ვიზიტის მიზანის გაგება. ის ჯერჯერობით ერთადერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრემიერია, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, მის ლეგიტიმაციას საფრთხე არ ემუქრება და „ქართულ ოცნებას" გამარჯვებას ულოცავს. ასე სასწრაფოდ დაგეგმილი ვიზიტის მიზეზი ეს შეიძლება იყოს და არაფერი სხვა", - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საერთოდ არაა გასაკვირი ორბანის ვიზიტი, რადგან მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო აქვს.

„რასაკვირეველია, ვიქტორ ორბანს ოპონენტები ჰყავს, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში, რომლებიც მის პოლიტიკას არ ეთანხმებიან, რომ უნგრეთში გაატაროს უნგრეთის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა.

„მას ეწინააღმდეგება როგორც ბრიუსელის ევროკრატები, ასევე, სხვადასხვა დასავლელი აქტორები. თუმცაღა, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ უნგრეთში საკმაოდ დიდი ხანია ორბანი ხელისუფლების სათავეშია, მას ხალხი ირჩევს და იქ ე.წ. აღშფოთება, შეშფოთეთება და ლეგიტიმური ხელისუფლების გამუნათება ისევე მიუღებელია, როგორც ქართველი ხალხისთვის.

„შესაბამისად, კონსერვატიულ-ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებულ საქართველოსა და უნგრეთს ბევრი საერთო აქვთ. მითუმეტეს, როგორც ორმხრივ ურთიერთობაში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, რასაკვირველია, ევროკავშირშიც და როგორც მეგობრებს შორის ხდება ვიზიტები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებიდან ორ დღეში მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი და სამთავრობო დელეგაცია თბილისს ეწვევა.

„ასე რომ, აქ არაორდინალური არაფერია, არაორდინალური მხოლოდ „ფსევდოლიბერალებისთვისაა", რომლებსაც უნდათ, რომ თავს მოახვიონ არატრადიციული პოლიტიკა და რომელიც საზოგადოებების უმრავლესობებისთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".