„ოცნებამ” შეიძლება „აგენტების“ კანონი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ გააუქმოს? - დაიწყება თუ არა ვაჭრობა დასავლეთთან

„ოცნებამ” შეიძლება „აგენტების“ კანონი არჩევნების აღიარების სანაცვლოდ გააუქმოს? - დაიწყება თუ არა ვაჭრობა დასავლეთთან

აშშ და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა „ოცნებას" მოუწოდებს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე გამოძიების დაწყების პარალელურად, „აგენტების" და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონები უკან გაიწვიოს. „ოცნება" ჯერჯერობით უარზეა, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს მომენტიც დადგეს, რაც დამოკიდებულია როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებზე.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამორიცხული არაა "ოცნებამ" დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყოს და ეს კანონები არჩევნების აღიარების სანაცვლოდ გააუქმოს, თუმცა დასავლეთი დიდი ალბათობით ამაზე არ წავა.

„გამორიცხული არაა, რომ "ოცნებამ" კანონები უკან გაიწვიოს. შეიძლება დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყოს, რომ ჩვენ ამ კანონებს გავიტანთ და სამაგიეროდ ჩვენი არჩევნები აღიარეთ. მაგრამ გონია რომ დასავლეთი აღნიშნულს არ დათანხმდება, რადგან ეს კანონები, რომლებიც ამოქმედდა (თუ შეიძლება მათ კანონები ვუწიდით) გათვლა იყო სწორედ იმაზე, რომ არასამთავრობოებზე განხორციელებულიყო ზეწოლა წინასაარჩევნოდ.

"ახლა შესაძლოა "ოცნებას" ეს კანონები აღარც სჭირდებოდეს, გაიტანოს და დასავლეთთან ქულები დაიწეროს, თქვან, რომ თითქოს დემოკრატიული ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ წესით დასავლეთი ამაზე არ წამოეგება. "ოცნებას" ვაჭრობის მცდელობა ექნება, რომ როგორმე დასავლეთმა ხელისუფლებაში სცნოს, თუმცა იქაური ლიდერები ხვდებიან, მისი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს, რომ ქვეყანას პრობლემას შეუქმნიან. დასვალეთმა ბოლო ორი წელია მწვავე კრიტიკა დაიწყო, მანამდე "ოცნების" უკანონობებზე თვალს ხუჭავდენ.

"თუ კანონები უკან გაიწვიეს, ამას "ოცნების" მხარდამჭერებიც გაამართლებენ. საქართველოს რომ აბრალებენ ომის დაწყებას, ან თითქოს დასავლეთს რომ ომი უნდა, ამ ყველაფერზე თუ თვალს ხუჭავენ, სხვა საკითხზეც დახუჭავენ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით „ოცნება" ამ კანონებს უკან არ გაიწვევს, რადგან დასავლეთისგან ეს არის უბრალო საბაბი, სინამდვილეში მათი ამოცანა საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა.

„აქ მთავარი საკითხია გაყალბდა თუ არა არჩევნები. ჩემთვის პასუხი ცალსახაა - არ გაყალბდა. დავუშვათ „ოცნება" იმ პასუხებს წერს, რაც აწყობს, მან თავშივე გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა, მაშინ რატომ არ გააკეთა ეს? ასევე საკვანძო მნიშვნელობისაა დედაქალაქი - თუ გაყალბდა, თბილისში რატომ აღმოჩნდა შედარებით სუსტი მონაცემი, მით უმეტეს ქალაქის მერი „ოცნების" ასეთი აქტიური ფიგურაა?! ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ არ გაყალბებულა, მაგრამ მე რა მიმაჩნია, ეგ საკმარისი არაა. უნდა დამტკიცდეს, რომ არ გაყალბებულა და მეორე, უცხოელებმა უნდა მოინდომონ იმის დანახვა, რომ არ გაყალბებულა.

„აქაც არაა მკაფიო სურათი, უხოელების ნაწილს სურს დაინახოს, რომ გაყალბდა, მეორე ნაწილი იცდის, მესამე, ძირითადად აზიური ქვეყნები ამბობენ, არ გაყალბებულა და ყველაფერი გადასარევადააო. ახლა მთავარია ის თუ რომელი ტენდენცია გაიმარჯვებს, მერე უკვე შეიძლება ლაპარაკი პროგნოზებზე.

„ამ დღეებში ამერიკის არჩევნებია, რაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვენდამი კრიტიკული დამოკიდებულება ბაიდენის ადმინისტრაციის ინსტრუქციაა, რომელიც მერე ევროპაში გავრცელდა. შეიცვლება თუ არა ეს განწყობა, თუკი ხელისუფლებაში ტრამპი მოვიდა, ეს არავინ არ იცის, თავად ტრამპმაც კი, რადგან იმპულსური კაცია და თავის გადაწყვეტილებებს გზადაგზა ცვლის. ამ ფონზე, კონკრეტული პროგნოზი ძალიან ძნელია.

„ეს კანონები ხომ საბაბია უცხოეთის მხრიდან იმიტომ, რომ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. თუ „ოცნებამ" კანონები უკან გაიტანა, არა მგონია, რომ დასავლეთიდან მისთვის" სასარგებლო ნაბიჯები გადაიდგას, რადგან მათი ამოცანა საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მერე ეცდებიან სხვა მიზეზი იპოვონ, რომ როგორმე ამ ხელისუფლებასთან პოზიტიური ურთიერთობა არ გამოაცხადონ.

„ამ არგუმენტიდან გამომდინარე, მგონია, რომ "ოცნება" კანონებს არ გაიტანს, რადგან ამას შიდა ასპექტიც აქვს და მისივე ამომრჩეველი გაღიზიანდება. "ქართული ოცნება" ეცდება, რომ ეს გაღიზიანება არ გამოიწვიოს. ამომრჩევლის თვალში ხელისუფლების უკანდახევა და შიში კარგად არ გამოიყურება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან.

თუმცაღა დასძენს, რომ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებზე და გამოუვალ სიტუაციაში შეიძლება ზოგიერთი კანონი გაიტანონ ან შეაჩერონ.

"ოცნებას" კანონების უკან გატანაზე და არჩევნების გამოძიებისკენ მოუწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ისეთი კანონები, როგორიც არის ე.წ. „უცხოური გავლენის კანონი", რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, და დაიწყოს დაუყონებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, არჩევნების მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ბაიდენის განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, "საჭიროა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დარღვევების "გამჭვირვალედ" გამოძიება და ე.წ. აგენტების კანონის, ასევე ე.წ. "ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის" გაუქმება, რათა საქართველო კვლავ დაუახლოვდეს ევროკავშირს".

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ორი კანონი ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ უშლის.

„ჩვენ არავის ვეკეკლუცებით ევროკავშირთან დაახლოების ამ გარკვეული ტენდენციებით, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გრაფიკს, რომელიც ჩვენ დავსახეთ. თუკი დღეს რაიმე განსხვავებები არსებობს ჩვენ შორის, ლგბტ პროპაგანდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადაუხვია იმ კურსს, რომელიც მას აქვს დასახული ასოცირების გეგმის მიხედვით", - განაცხადა ვოლსკიმ.