„პანორამა თბილისის“ პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ მის ირგვლივ ვნებათაღელვა მატულობს. პროექტის წინააღმდეგ გროვდება პეტიცია, რომელსაც უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ For.ge-სთან საუბრისას განმარტა, რომ ამ პროექტის განხორციელება ძველ თბილისს იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში მოხვედრის შანსს უკარგავს.
„რატომღაც ცდილობენ, პირველყოფილებად წარმოგვაჩინონ, თითქოს, ჩვენ გვსურს, დანგრეულ სახლებში იცხოვროს ხალხმა, ამხელა ინვესტიცია ძალიან გვიხარია, მაგრამ ინვესტიციის ასე ნაჩქარევ რეჟიმში განუხილავად განხორციელება დამანგრეველი იქნება ქალაქისთვის. ჩვენ არ ვითხოვდით ამ ინვესტიციის გაძევებას, პირიქით, ვითხოვდით, ხანგრძლივ განხილვას, რომ ინვესტიცია განხორციელებულიყო ქალაქისთვის სასიკეთოდ და არა დამანგრევლად. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება დამანგრეველი, რადგან ძველ ქალაქს თუ დავუკარგავთ იერსახეს, ჩვენ ეს ქალაქი აღარ გვექნება“, - აღნიშნა ნატა ფერაძემ, რომლისთვისაც აღნიშნული პროექტი არ არის ქალაქის მოსახლეობისთვის გათვლილი, არამედ ეს იქნება „პრეზიდენტ ჰოტელი“, სადაც შეძლებული ადამიანები იცხოვრებენ. აქვე იქნება გასართობი ცენტრებიც, სადაც შესაძლოა, ჩვეულებრივ მოკვდავთაც შეესვლებოდეს. ნატა ფერაძის თქმით, მდიდრების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა აქ არ იქნება ძველისა და ახლის შერწყმა, არამედ აქ იქნება ახლის დომინირება ძველზე.
„პარტიზან მებაღეს“ ისიც აშფოთებს, რომ რატომღაც მოსახლეობა ადვილად თანხმდება ასეთ პროექტებზე, რადგან ხედავენ ახალს, ლამაზს, თუმცა ხალხს სჭირდება პროფესიონალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ინვესტიცია სიდიდით მეორეა მეტროს აშენების შემდეგ, ეს ცხადყოფს, რომ უზარმაზარ გავლენას იქონიებს ქალაქის ცხოვრებაზე. მართალია, პარიზსა და ლონდონშიც შენდება ახალი უბნები, მაგრამ ამხელა ინვესტიცია არ ხორციელდება ქალაქის ცენტრში ახლის აშენებისთვის.
რაც შეეხება დავით ნარმანიას მიერ ნაპოვნ გამოსავალს, რომ „თბილისი-პანორამის“ აშენებამდე მერია ალტერნატიულ გზას გაიყვანს, რომელიც ორთაჭალასა და შინდისს დააკავშირებს, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ეს აბსურდია, რადგან შინდისს სრულიად აკმაყოფილებს ის გზა, რაც აქვს. ამიტომ „პანორამისთვის“ ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული თანხით გზის გაკეთების საჭიროება ჯერ კიდევ ასაწონია.
„საბაგიროებზეც ამბობენ, ტრანსპორტის პრობლემას მოხსნისო, არადა, სატრანსპორტო ფაკულტეტის ნებისმიერმა პირველკურსელმა იცის, რომ საბაგირო არ არის სატრანსპორტო განტვირთვის ალტერნატივა. უბრალოდ, მას ერთ-ერთი დამატებითი გასართობი ფუნქცია აქვს, რომ ვიღაც გადაიყვანოს. პანორამის ესკიზურ პროექტზე ჩანს სახურავებზე გახარებული უზარმაზარი ხეები. დენდროლოგიურად ეს გამორიცხულია, რადგან ამხელა ხეების გაზრდას დაახლოებით სამმეტრიანი შრე სჭირდება, სადაც ის ფესვებს გაუშვებს. ამიტომ აქ ხეებიც არ იქნება და ერთი-ერთზე დაემსგავსება საბურთალოს სასაფლაოს. ბეტონის დიდ კასკადურ შენობაზე, საუკეთესო შემთხვევაში, ამოვა პატარა ბუჩქები, ისიც გამხმარი, რადგან კლიმატურად მზიანი და ქარიანი მძიმე ადგილია და გაუჭირდებათ ხეების გახარება. ამის მაგალითი გვაქვს ივანიშვილის სახლისა და გვირაბის სახით. გვირაბის თავზე არაერთხელ გახმა ხეები ქოთნებში, ორ სეზონში ერთხელ გამხმარ ხეებს ყრიან და ახლები მოაქვთ. საგულისხმოა ისიც, რომ „პანორამა თბილისი“ შევიდა მეხუთე კლასის მშენებლობების კატეგორიაში, როგორიცაა სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, სამხედრო ბაზები, აეროპორტი და სხვა. ეს ნიშნავს, რომ ამ მშენებლობის საკითხს აღარ განიხილავს არც ხელოვნებათმცოდნე, არც არქიტექტორი. მხოლოდ ერთი სტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროს ხელმოწერა ეყოფა მის დამტკიცებას“.
For.ge-სთან საუბარში „მწვანე მუშტის“ წევრი სალომე ჭანტურიძე ეწინააღმდეგება „პანორამა თბილისს“, როგორც ძველი, ისტორიული უბნიდან ამოვარდნილ, უკონტექსტო პროექტს.
„ეს იქნება კატასტროფა ძველი თბილისისთვის. ჩვენ დავკარგავთ შანსს, მოვხვდეთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. შესაძლოა, ყოველთვის იდგეს საკითხი ეკონომიკურ ინტერესებსა და კულტურულ მემკვიდრეობას შორის, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობის საკითხი - კერძოდ, ინვესტიციის სხვა სიბრტყეში გადატანა. რატომ უნდა იყოს ქალაქის ცენტრალურ უბანში ეს ყველაფერი ერთად? ხომ შეიძლება, სხვა სივრცის განვითარება მოხდეს?! რატომ არ შეიძლება, ეს პროექტი განხორციელდეს თბილისის ზღვაზე ან დიღომში, ახალ დასახლებებში?“ - აინტერესებს სალომე ჭანტურიძეს.
ამასთან, იგი ეხმიანება დავით ნარმანიას ნათქვამს, თითქოს „პანორამა თბილისს“ ეწინააღმდეგებიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არსად არაფერი არ უნდა აშენდეს. სალომე ჭანტურიძე აცხადებს, რომ მათ სურთ ქალაქის განვითარება ცივილურად და გაუგებარია, დედაქალაქის მერი მათ მტრებად რატომ აღიქვამს. მით უფრო, როცა არცერთ ევროპულ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის შეწირვის ხარჯზე არ ხდება ახლის მშენებლობა. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს ძველისა და ახლის სინთეზით და არა- კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით.