„დელტა კომის“ დირექტორის პაატა ქიქოძის განმარტებით გუშინ 14:00 საათზე, დაბა ხულოს მიდამოებში „დელტა კომის“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის დაზიანებას რამდენიმე პირი ცდილობდა. მათ შორის კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატი გოგა სამუშია. ქიქოძე ამბობს, სამუშიამ „დელტა კომს“ ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით პირველად 26 იანვარს მიმართა. ქიქოძის განცხადებით, „დელტა კომმა“ 2 თებერვალს სამუშიას უპასუხა, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა და, რომ აუცილებელი იყო კომპანიისთვის ექსპერტის კომპეტენციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
„დელტა კომი“ მოითხოვდა ექსპერტიზის სამუშაოებზე მათი წარმომადგენლის დასწრებას. 4 თებერვალს, ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, სამუშიამ და რამდენიმე პირმა ხულოს მიდამოებში მაგისტრალზე გათხრები დაიწყეს, უბრალო ნიჩბებით, რის შედეგადაც დააზიანეს დამცავი მიწის საფარი. „დელტა კომმა“ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა. პირები ხულოს რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და ახნა-განმარტების შემდეგ გაათავისუფლეს“, - აცხადებს პაატა ქიქოძე.
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, „დელტა კომის“ წარმომადგენლები კანონიერი ექსპერტიზის ჩატარებას ხელს უშლიან. მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „დელტა კომის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გოგა სამუშია დაბა ხულოს მიდამოებში კომპანიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის დაცვის ზოლში უკანონო საქმიანობას აწარმოებდა.
რა არგუმენტებით პასუხობს ადვოკატი კომპანიის ბრალდებას? ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ადვოკატ სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
„დელტა კომის“ დირექტორი ადვოკატებს კომპანიის ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის დაცვის ზოლში უკანონო საქმიანობის წარმოებაში გადანაშაულებთ. ქიქოძის განცხადებით, „დელტა კომმა“ 2 თებერვალს სამუშიას უპასუხა, რომ სპეციალური ნებართვის გარეშე ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა და, რომ აუცილებელი იყო კომპანიისთვის ექსპერტის კომპეტენციის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა...
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა. ექსპერტებს დასმული აქვთ მთელი რიგი შეკითხვები და აქედან ორი კითხვა ეხება კომპანია „დელტა კომის“ საქმიანობას.
რით არის გამოწვეული ამ შეკითხვების დასმა?
- მოგეხსენებათ, რომ ექსპერტიზა რომელიც ჩაატარა მთავარმა პროკურატურამ, ანუ ბრალდების მხარემ, მთლიანად აგებულია „დელტა კომის“ წარმომადგენლის ზეპირ განცხადებაზე, რომ „დელტა კომი“ ამ ყველაფერს გააკეთებდა უფასოდ. უფასოდ მოემსახურებოდა თავდაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, ისინი წერენ, რომ მათ უკვე ჰქონდათ ეს კაბელები იმ სტანდარტებით გაყვანილი, რომელიც სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს.
ამის გადასამოწმებლად ორ გზას მივმართეთ. პირველი - გვაინტერესებდა ნადვილად უფასოდ ახორციელებდა თუ არა მომსახურებას „დელტა კომი“ და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის შსს-ს 2014 წლიდან ახდევინებენ კოლოსალურ თანხებს. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ არავითარი უფასო მომსახურებას „დელტა კომი“ არ ეწევა. მეორე - დაწესებული იყო გარკვეული სტანდარტები, რატომაც დასჭირდა თავდაცვის სამინისტროს ამ პროექტის განხორციელება, ჩვენ დავინტერესდით „დელტა კომის“ სტანდარტები შეესაბამება თუ არა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვა.
ყველა ეს კითხვა, პირველ რიგში, გადავუგზავნეთ პროკურატურას. ასევე, თვითონ ექსპერტები გაეცნენ საიდუმლო დოკუმენტებს და ხელი მოაწერეს გაუმჟღავნებლობაზე. ხოლო შემდეგ თვითონ „დელტა კომს“ ისე, რომ კანონი არ გვავალდებულებდა, გავუგზავნეთ სამი წერილი. ბოლო წერილში მითითებულია, რომ 2015 წლის 4 თებერვალს ექსპერტიზა ჩატარდებოდა, ასევე მითითებული იყო ექსპერტების სახელები. სწორედ დაცვის მხარისაგან მიწოდებული ინფორმაციით გახდა კომპანიისთვის ცნობილი, რომ ამგვარი ექსპერტიზა ტარდებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ორი ექსპერტი სპეციალაურად მიდის აჭარის მთიან რეგიონში, რომ დააზიანოს „დელტა კომის“ კაბელი და ამას წინასწარ ატყობინებს „დელტა კომს“?
ბატონო სოსო, ექსპერტებს კაბელებთან შემხებლობა ჰქონდათ? როგორც კომპანიაში განმარტავენ დაზიანდა კაბელები...
- არაფერი იქ არ დაზიანებულა. არანაირ კაბელთან შემხებლობა მათ არ ჰქონიათ. რაც შეეხება კანონიერებას, ეს განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 144-ე მუხლით, და მხოლოდ იმ შემთხვევაში არის საჭირო შეთანხმება მესაკუთრესთან, თუ კვლევის ობიექტი მასთან ინახება. როგორ წარმოგიდგენიათ „დელტა კომის“ 80 კმ-იანი კაბელი ჯიბეში ჰქონდათ მოთავსებული? მათ მიერ გამოძახებული იქნა პოლიცია, დაიკითხნენ ეს პირები და ამით დასრულდა მათი უსაფუძვლო მცდელობები. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ბუნებრივია, ექსპერტების მიერ მოპოვებული მასალები იქნება დამუშავებული. წარედგინება როგორც ბრალების მხარეს, ასევე სასამართლოს. იმედი გვაქვს, რომ ჭეშმარიტება დადგინდება.
რას ემსახურება მაშინ „დელტა კომის“ განცხადება?
- ეს არის პროვოკაცია. საქმე გვაქვს ორმხრივ პროვოკაციასთან. პირველი - ეს არის სიცრუე, ცდილობენ, რომ ამით მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება. არავითარი კაბელი იქ არ დაზიანებულა და ამას არც გამომძიებლები ამბობენ. ეს არის პირდაპირი ხელისშეშლის მცდელობა ექსპერტიზის ჩატარებისათვის. ცხადია, რომ ეს გამოწვეულია მათი შიშით, რომ ჩვენ არ დავადგინოთ მათი სტანდარტები. დაცვის მხარემ ჩააყენა კომპანია საქმის კურსში და მტკიცებულებები გვაქვს მათივე ხელმოწერით. კომპანია ცდილობს ხელი შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას.
შესაძლებელია ამ ფაქტს მოჰყვეს ადვოკატის და ექსპერტების პასუხისმგებლობის საკითხი? ანუ, კომპანიამ მიმართოს სასამართლოს...
- არავითარი პასუხისმგბლობა ამას არ მოჰყვება. ექსპერტები მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით. კანონი მათ აძლევს დამოუკიდებლად ამ მოქმედების ჩატარების უფლებას. ჩვენი კეთილი ნებით შევატყობინეთ კომპანიას ზუსტი დრო და თარიღი. მათ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყოთ, შეეცადნენ, რომ ხელი შეეშალათ ექსპერტიზის ჩატარებისათვის, რაც არ გამოუვიდათ.
ამ შემთხვევაშიც იკვეთება, რომ „დელტა კომი“ არ მოქმედებს დამოუკიდებლად?
- ამ შემთხვევაში სრულიად ნათელი სურათია. „დელტა კომი“, პროკურატურა, შსს და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურები, პირდაპირ გვიშლიან ხელს მტკიცებულების მოპოვებაში. ჩვენი სისხლის სამართლის პროცესი მთლიანად აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობასა და თანასწორობაზე. როგორ მოვიპოვოთ მტკიცებულება მაშინ, როდესაც ყველა უწყება გვეუბნება, რომ კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლოა ეს დოკუმენტი, ან კომპიუტერული ინფორმაციაა და ა.შ.
ყველა მათი ქმედებები მიგვითითებს იმაზე, როგორ არ უნდა მოგვცენ მტკიცებულებები. გამოდის, რომ სიმართლე არავის არ აინტერესებს. ამ დროს ეს ადამიანები უკვე რეალაურად არიან მძევლები. როდესაც ვინმე რამე ბრალდებას აყნებს, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, არ უნდა იყოს პროვოკაციული და უსაფუძვლო. რაც შეეხება „დელტა კომის“ იმ პოზიციას რაზედაც ექსპერტიზაა აგებული, ამ ნაწილშიც დავადასტურებთ, რომ კომპანიის პოზიცია ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ისევე როგორც ბრალდების მხარის.
წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა საქმის გამოძიებისთვის?
- რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა დავინახოთ, ჰქონდა თუ არა დაცული „დელტა კომს“ ის სტანდარტები, რასაც ითხოვდა თავდაცვის სამინისტო. ასევე, უწვეს თუ არა ის მომსახურებას სხვა სახელმწიფო დაწესებულებს უფასოდ და თუ არა, მაშინ, მაინცდამაინც თავდაცვისთვის რატომ უნდა გაეწიათ ეს მომსახურება უფასოდ. როდესაც ამბობს, რომ კოლოსალურ თანხებს უხდის შსს, რატომ არ გვაძლევს ამ ინფორმაციას და რატომ არის გასაიდუმლოებული? მინდა ვკითხო კომპანიის ხელმძღვანელობას - რატომ ეშინია „დელტა კომს“ სიმართლის?