„საქართველოში პროცესი იწყება, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქაში ტელევიზიისა და მაცივრების ომი ერქვა“

„საქართველოში პროცესი იწყება, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქაში ტელევიზიისა და მაცივრების ომი ერქვა“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები არავის აწყობს, ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები არასტაბილურობის გამოვლენად ითვლება. ექსპერტი სამთავრობო ცვლილებებს ელის და ამბობს, რომ თანდათანობით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადეკვატურობას კარგავს, რის გამოც შესაძლოა, მას პოსტის დატოვება მოუწიოს, მის შემცვლელად კი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაინიშნოს.

რომელი მინისტრები „აფლავებენ“ სიტუაციას და რა არის სამთავრობი გუნდის ყველაზე დიდი პრობლემა, ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც სოსო ცინცაძესთან ჩავწერეთ:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ 2015 წელს დაგეგმილი 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ვეღარ შესრულდება. შესაბამისად, მთავრობამ ამ პროგნოზს უნდა გადახედოს და ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. თუკი პარლამენტში ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი შევა, გამორიცხავთ, რომ მმართველმა გუნდმა დოკუმენტი ჩააგდოს და ეს ვადამდელი არჩევნების გამოცხადების მიზეზად გამოიყენოს?

- ბიძინა ივანიშვილს მოვუსმინე, რომელიც იმაზე აპელირებდა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებია მოსალოდნელი. პირიქით, ის ამბობდა, რომ ლარი ჯანსაღია და პროცესები უკეთესობისკენ მიდის. ახლა საუბარი ეკონომიკური პარამეტრების შემცირებაზე დაიწყეს? ბიუჯეტის პროექტის ჩაგდებას ეჭვის თვალით ვუყურებ, თუმცა არ გამოვრიცხავ. მართალი გითხრათ, უმრავლესობაში ისეთი ადამიანი ძალიან ცოტა მეგულება, რომელიც პრინციპებისთვის იბრძვის და ობიქტური გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთარ კეთილდღეობას დათმობს. როგორ ფიქრობთ, ამჟამინდელი უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ გამსვლელ სიაში ვინ მოხვდება? ისევ ამდენი ხალხი? - როგორ გეკადრებათ! მარგინალი ორკაციანი და სამკაციანი პარტიის ლიდერები კეთილდღეობას დათმობენ, რომლებიც ივანიშვილმა გადაარჩინა და უცებ მმართველ ძალად აქცია?! ეს გამორიცხულია.

მარგინალურ ორ-სამ კაციან პარტიებში რომელ ძალებს გულისხმობთ - კონსერვატორებს, რესპუბლიკელებს, მრეწველებს თუეროვნულ ფორუმს“?

- რომელსაც გნებავთ. აქამდე ზურაბ ტყემალაძე ჩუმად იყო და ნეტა, მას ასე გაეგრძელებინა, რადგან ბოლო პერიოდში ის ამბობს, რომ თეთრი არის შავი. ამ ადამიანს არ სრცხვენია? ეტყობა, წითურია და მას სიწითლეს ვერ ვატყობთ.

რიგგარეშე არჩევები ვის ინტერესებში შედის?

- ვადამდელი არჩევნები არავის არ აწყობს, ვინაიდან ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ დროს, რიგგარეშე არჩევნები არასტაბილურობის გამოვლენად ითვლებოდა. კარგი ცხოვრებისგან ვადამდელ არჩევნებზე არცერთი ქვეყანა არ მიდის. როგორც ნაადრევი მშობიარობა არ არის კარგი, ასეა რიგგარეშე არჩევნებიც. სად გაგიგიათ, რომ წარმატებულ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს? მესამე წელია, რაც ეს ხალხი ხელისუფლებაში მოვიდა და „ქართული ოცნება“ პარტიად ვერ იქცა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ახალგაზრდა ბიჭი კობახიძე დანიშნეს, რომელიც შესაძლოა, ჭკვიანიც არის, მაგრამ საქართველოში პარტიის შექმნას მარტო დიდი ფული არ ყოფნის. პარტია ძალიან რთული მექანიზმია და დასავლურ ქვეყნებში ჩვენზე უფრო ჭკვიან ხალხს დიდი დრო დასჭირდათ იმისათვის, რომ ნამდვილი პარტიები შეექმნათ. „ქართული ოცნების“ ერთი სახე მითხარით, რომელიც საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.

ხალხის კეთილგანწყობას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმსახურებს...

- სერგეენკო მინისტრია და მხოლოდ ის გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მართალი გითხრათ, სერგეენკოს არ ეტყობა არც სურვილი, არც ხალისი და მას არც მონაცემები არ აქვს იმის, რომ ის საჯარო პოლიტიკოსი გახდეს.

თუმცა, პოლიტიკურ წრეებში საუბარი იყო, რომ შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერგეენკომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. ამას გამორიცხავთ?

- ეს უფრო მოსალოდნელია, ვინაიდან ეს უფრო ადეკვატური იქნება. თანდათანობით ირაკლი ღარიბაშვილი ადეკვატურობას კარგავს. ახალგაზრდა კაცს ასე მალე რა დაემართა, არ ვიცი! ძალიან ხშირად ღარიბაშვილს რომ ვუსმენ, მას ვატყობ, რომ სასურველს რეალობად ღებულობს. სამთავრობო გუნდში ერთადერთი ადამიანი სერგეენკოა, რომლის გამოხედვაშიც წუხილი და დარდი შეიმჩნევა. ეს კაცი ხედავს, ქვეყანაში რაც ხდება. მათ შორის იმ სფეროში, რომელიც მას აბარია. როგორც ჩანს, სერგეენკოს სურს, რომ მეტი გააკეთოს, მაგრამ არ შეუძლია, რადგან რესურსი არ აქვს. მას სულ შეწუხებული სახე აქვს, არ ჩქარობს და სულ რაღაცის კეთების მცდელობაშია. როგორც ჩანს, ის უფრო საქმის კაცია, ვიდრე მოლაპარაკე. მინისტრები თავის უთავბოლობას ნაციონალებს აბრალებენ, ეს კი, სერგეენკოსგან არასოდეს გამიგია. ჯანდაცვის მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დიდი ნდობის რესურსი აქვს და მას გარანტირებული აქვს, რომ ხელს ვერ ახლებენ, მაგრამ პრემიერად მისი მოსვლა ბევრს არ გაუხარდება.

სერგეენკოს გაპრემიერება რომელ მინისტრს არ გაუხარდება?

- პირველ რიგში, სერგეენკოს გაპრემიერება განათლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს არ გახარდებათ.

რატომ?

- იმიტომ, რომ ორივე მინისტრმა ყველაფერი ჩააფლავა. თამარ სანიკიძემ განათლების სისტემა დააჭაობა, თამარ ბერუჩაშვილმა კი, საგარეო პოლიტიკა წინ ერთი სანტიმეტრითაც ვერ წასწია. საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა გამოსვლა აბსურდია და ის თან ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომ გაოცებული ვრჩები. ჩვენმა ვერცეთმა ქალმა პოლიტიკოსმა ვერ გაამართლა.

სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელია?

- სამთავრობო ცვლილებების წინაპირობა დიდი ხანია არის, მაგრამ როგორც პატარა ბავშვი ვერ ერევა სათამაშოს, ისე მინისტრები ვერ თმობენ თანამდებობებს. ივანიშვილმა თქვა, რომ საშუალო მინისტრიც არ გვყავს და მთავრობაში მხოლოდ ძალიან კარგები არიანო. ჭიკაიძეს მაგალითი ხომ ნახეთ? ამ ბიჭის თაობაზე პრემიერმაც შვებით ამოისუნთქა და ივანიშვილმაც. ვაზაგაშვილის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, ჭიკაიძე დღესაც მინისტრი იქნებოდა. ჭიკაიძეს პიროვნულად ყველა აქებს, მაგრამ მინისტრობას სხვა რაღაც სჭირდება. ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემა არასწორი საკადრო პოლიტიკაა. მაშინ, როდესაც ბრწყინვალე დიპლომატი დავით ჩიკვაიძე 20 წელია ჟენევაში ზის, აქ პოსტებზე გაუგებარი პოტენციალის მინისტრები დანიშნეს. ეს იქნებოდა ფანჯიკიძე თუ ბერუჩაშვილი. მეორე ქვეყანა მითხარით, სადაც განათლების მინისტრი ბუღალტერია და კულტურის მინისტრი იმპრესარიო. იტალიელი რეჟისორი, რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა ინატრებს, პროტესტის ნიშნად საქართველოდან მიდის. კულტურის მინისტრმა კი განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესებში ვერ ჩაერევა. მას საკუთარი აზრი არ გააჩნია? ბოლოს და ბოლოს, მიხეილ გიორგაძე კულტურის მინისტრია თუ წყალ-კანალიზაციის?

აღმასრულებელი ხელისუფლების მთავარ პრობლემას რა წარმოადგენს?

- მთავრობას ნეპოტიზმის და არაპროფესიონალიზმის ყველაზე დიდი პრობლემა აქვს. მთავრობაში საკუთარი პროფილის შესაბამისად, რომელი მინისტრი მუშაობს? ერთადერთი პროფესორი ნოდარ ხადურია.

თუმცა, ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ხადურის მიმართ არსებობს...

- ლარის გაუფასურებაში ყველაზე ნაკლები ბრალი ხადურს მიუძღვის. ეკონომიკის სფეროდან დაწყებული განათლების სექტორით დამთავრებული კატასტროფა ხდება და ათი წლის შემდეგ, საქართველო უმეცართა ქვეყანა იქნება. სკოლიდან რა თაობა მოდის და ვინ იღებს დიპლომს, ამას ვხედავ და გეტვით, რომ კატასტროფა ხდება, მაგრამ მინისტრი ბუღალტერია, რომელსაც ალბათ, მეცნიერული ერთი სტატიაც არ დაუწერია. სკოლებში გათბობა არ იყო, ბავშვები იყინებოდნენ, განათლების უწყებას 200 ათასი ლარი აუთვისებელი დარჩა, მინისტრი კი ჭკუას გვარიგებდა. ეს რა ქვეყანაში ვართ? საითკენ მივდივართ, კაციშვილმა არ იცის. ბუნებრივი აირის 15 პროცენტით გაძვირება საკვები პროდუქტების გაძვირებას ნიშნავს და ყველაფრის წარმოება გაგვიჭირდება. ვალუტა რა დღეშია, კი ვუყურებთ. ინფლაცია და ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესი რომ იყოს, მაშინ მოწინავე ეკონომიკა რუსეთში ყოფილა. რაც არ უნდა გვამშვიდონ, რომ ყველაფერი კარგად არის, ამის არავის არ სჯერა. საქართველოში იწყება პროცესი, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქაში ტელევიზიისა და მაცივრების ომი ერქვა. მთავრობა ამბობს, რომ სახლებში მაცივრები სავსეა, ამ დროს კი, მაცივარი ცარიელია.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, გამორიხავთ, რომ ის პარტიულ რიგებში ვიხილოთ?

- ბიძინა ივანიშვილი პარტიის წევრად რომ დაბრუნდეს და საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა დაიწყოს, ეს ასე არ გამოვა. ამ პროცესს ევროპელები კარგად არ შეხედავენ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ საქართველოში ევროპის აზრი არაფერს აღარ ნიშნავს. ივანიშვილს სახელმწიფო მოხელეები პერსონალურად ჰყავს შერჩეული და ის არასოდეს იტყვის, რომ რომელიმე მინისტრი სუსტია. მან ღარიბაშვილთან მიმართებაში თქვა, რომ მას ნათესავები და დაცვა დაღუპავსო. თუკი დაცვა ევროპის პრემიერ-მინისტრებს არ სჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილს რაში სჭირდება? გასაგებია, რომ დაცვა ივანიშვილს სჭირდებოდა, რადგან ის პრემიერობის გარდა, მილიარდელი იყო, მაგრამ ღარიბაშვილს ვინ ერჩის, რომ დაცვით დადიოდეს? არ მესმის, პარლამენტის თავმჯდომარესაც დაცვა რატომ ემსახურება. დათო უსუფაშვილის ტერორისტული აქტი ვის რაში სჭირდება, რომელიც ბუნჩულა ბიჭია?

მაღალი თანანმდებობის პირების დაცვით უზურუნველყოფა კანონით არის განსაზღვრული...

- კანონებს თვითონ ღებულობენ და ვერ ცვლიან? კანონის შეცვლას რა უნდა? ამ პარლამენტში ამ კანონის მიღება პრემიერმა, ან ივანიშვილმა რომ წაიჩურჩულონ ცვლილებები მეორე დღესვე იქნება მიღებული.