ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ერთ-ერთია იმ გახმაურებელი საქმეებიდან, რომელიც 2 თებერვალს გახსნილად გამოცხადდა. კიდევ რამდენიმე გახმაურებული საქმე გამოძიების დასრულების სტადიაშია, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ძალიან მალე დასრულდება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრაქტიკულად ყველა გახმაურებული საქმე იქნა გამოძიებული. მისი თქმით, სულ რამდენიმე საქმე იყო დარჩენილი და ზურაბ ვაზაგაშილის საქმეც ერთ-ერთი მათგანია.
„პრაქტიკულად ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი არის დასრულების სტადიაში, სულ 1-2 გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც გამოძიების პროცესშია და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დასასრულს უახლოვდება კიდევ ერთი გახმაურებული სპეცოპერაციის საქმე. საქმე ეხება 2004 წლის 24 მარტს სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგად ადგილზე მოკლული იქნენ ევგენი და ომეხი აფრასიძეები. უმძიმესად დაიჭრნენ გოჩა და შმაგი აფრასიძეები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
აფრასიძეების საქმე დასკვნით ეტაპზე გადადის. საქმეში მრავალი ახალი მოწმე გამოჩნდა, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე დაკითხული არ არის ამ სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი ბარაიძე. გამოძიებამ უკვე დაკითხა აფრასიძეების ოჯახის წევრი, დოდო აფრასიძე, რომელიც for.ge-სთან საუბრისას იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც ამ ცნობილ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.
„მძინარე ოჯახს თავს დაგვესხნენ. ყველა სახის იარაღი გამოიყენეს ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ, ვის შეეძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა? ოჯახი გამინადგურეს. ამ სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდა გიორგი ბარამიძე, რომელიც აცხადებდა, რომ თითქოსდა ჩვენ დავუწყეთ სროლა. ჩემს ეზოში, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, იმ ადგილას ჩამწკრივებული იდგნენ ბარამიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბადრი ბიწაძე. ესენი ყველანი ჩანდნენ კადრებში, ეს კადრები გაუშვეს ტელევიზიით და მერე უკვე გაანადგურეს.
ბარამიძე, რომელიც ამ უბედურების თავი და თავია, ყველაფერი იცის. იცის, ვინ ესროლა ჩემს მეუღლეს და შვილს, ვინ გადაწვა ჩემი სახლი, ვინ გაძარცვა მიცვალებული, ვინ გაათრია ეზოდან და ვინ შებორკა. ხელ-ფეხ შებორკილი დახვრიტეს ჩემი შვილი მეზობლის ეზოში და ამის შემდეგ გაძარცვეს მიცვალებული, ყველაფერი ამ ადამიანების თვალწინ ხდებოდა. მიცვალებულს ბეჭედს რომ ვერ ხსნიდნენ, თითი მოაჭრეს, მკერდზე ფეხები დააბიჯეს ისე ააგლიჯეს ძეწკვი. ჩემი პატარა შვილიშვილი უყურებდა ამას. ასეთი საშინელება ქვეყანაზე არ მომხდარა. უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დოდო აფრასიძე.
აფრასიძეების საქმე, რომ მალე გაიხსნება, ამის შესახებ განცხადება for.ge-სთან ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე გაიხსნება სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეც. ვგულისხმობ აფრასიძეების საქმეს. სათანადოდ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელიც მძინარე ოჯახს დაესხა თავს. არავის არ ეგონის, რომ შერჩება დანაშაული. არ არსებობს დანაშაული, რომელიც კვალს არ ტოვებს“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ყოფილი შს მინისტრი გია ბარამიძე ამბობს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნას და საქმეების გახსნას სამართალთან კავშირი არ აქვს.
„არაერთხელ მოვითხოვე, რომ დამთავრდეს ეს პოლიტიკური სპეკულაციები, დამთავრდეს ეს უაზრო ინსინუაციები და ცილისწამებები. თუკი რამე გაინტერესებთ, კი, ბატონო... ჩემს სახელს ახსენებთ და ცხადია ახსენებთ პოლიტიკური მოტივებით, რომ რაღაცნაირად ჩირქი მოგვცხონ და ჩვენი დისკრედიტაცია მოახდინონ. არ ვაპირებ გამოვიყენო ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი, თუ რამე დაგაინტერესებთ, მკითხეთ და ყველაფერს გეტყვით, რა ინფორმაციასაც მე ვფლობ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთხელ ამგვარი ინიციატივა პროკურატურას არ გამოუჩენია არც ამ საქმეზე და არც სხვა საქმეებზე. თემის წამოწევა მოხდა, იმიტომ, რომ სხვა არაფერი აღარ ქონდა ივანიშვილს და არც ეხლა აქვს“, - აცხადებს ბარამიძე.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ და აცხადებს, რომ სამართლებრივად, მისი დაკავების საფუძველი არ ექნებათ.
„სპეცოპერაცია ჩაატარა სპეციალური დანიშნულების რაზმმა, დაკავებულები ჩამოიყვანეს კოპიტნარის აეროპორტში და ადგილზე მერე ჩავედი. ზოგადად, სადღაც, ვიღაცის მიმართ შეიძლება გქონდეს პრეტენზია, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიციელების მიმართ, რომლებსაც შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ეჭვმიტანილებმა, ეგ გაუგებარია საერთოდ. მთელ მსოფლიოში ასეა, როცა ეჭვმიტანილი ავტომატს ესვრის პოლიციელს, პოლიციელიც ესვრის“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
გახმაურებული სისიხლის სამართლის საქმის პარალელურად, შსს გამოძიებას აწარმოებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საქმეზეც. ოფიციალურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150 ადამიანი ითვლება. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გამოძიებამ მხოლოდ რეინჯერ დავით ცინდელიანის და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმე გახსნა. ორივე საქმეზე ბრალდებულია კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა.
გამოძიებამ ამ დრომდე ვერ მიაგნო უგზო-უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის კვალს. ანაკლიიდან გატაცებული გოგიტა აბულაძის საქმის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, ამ საქმეშიც ჩართულები იყვნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა პრემიერი პირობას დებს, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ.