მანანა ვაზაგაშვილი: „ლევან გაბუნია ყოფილი ხელისუფლების მიერ არის მოსყიდული“

მანანა ვაზაგაშვილი: „ლევან გაბუნია ყოფილი ხელისუფლების მიერ არის მოსყიდული“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პროკურატურას მიმართვს, 2002 წელს მომხდარი გიორგი გაბუნიას მკვლელობა გამოიძიოს. 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია მისი შვილისა და ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებს. როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მაინც გამოიძიებდა ამ ორი ახალგაზრდის მკვლელობას, მაგრამ ამაოდ. აღსანიშნავია, რომ ლევან გაბუნიას საქმის გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებისთვის არ მიუმართავს.

კითხვაზე - რატომ არ იყო ეს საქმე გამოძიებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რატომ არ ითხოვდა თავად დაზარალებული საქმის გამოძიებას? - პასუხი არ არსებობს.

2006 წლის მაისის სპეცოპერაციის შემდეგ პროკურატურა აქტიურად მუშაობდა ვაზაგაშვილის მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვებაზე, თუმცა ძიებამ მისი კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შემდეგ, პროკურატურამ ბექა პაპუაშვილის მამის გია პაპუაშვილს გამოყენება სცადა ვაზაგაშვილების წინააღმდეგ, კონკრეტულად, გია პაპუაშვილს  ხმაური უნდა აეტეხა, რომ მისი შვილი ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა, თუმცა მოკლული ახალგაზრდის მამის გამოყენება გამოძიებამ ვერ შეძლო.

რაც შეეხება ლევან გაბუნიას, ის აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო მისი შვილი. წლისთავზე, ანუ 2003 წელს, მისი შვილი, როგორც მოწმე მოიშორა ვაზაგაშვილმა იმ მოტივით, რომ მთავრობა შეიცვალა და ახალ მთავრობას შეიძლება გამოეძიებინა ეს საქმე.

გაბუნია ამბობს, რომ ბექა პაპუაშვილის მკვლელობის ფაქტზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები მკვლელობის დღესვე დააკავეს და მაშინვე გაუშვეს, ვინაიდან იური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა. ლევან გაბუნიას თქმით, მტკიცებულება არ აქვს, თუმცა ეს ინფორმაცია მას მისი შვილის საქმის გამომძიებლებმა მიაწოდეს.

„ზურაბ ვაზაგაშვილის გათავისუფლებაში დიდი როლი ითამაშა ელენე თევდორაძის დახასიათებამ და შუამდგომლობამ და ასევე, საბურთალოს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა. თანხის ნაწილი, შესაძლოა, ელენე თევდორაძემაც მიიღო. ჩემი სათქმელი არის ერთადერთი – ბექა პაპუაშვილი და ჩემი შვილი იყო 21 წლის, როდესაც ისინი მოკლეს. ჩვენი შვილები რას შეეწირა?! რეზონანსულ საქმეებად ჩვენი მთავრობა ამას არ თვლის, რადგან ეს იყო კრიმინალების მიერ მოკლული ადამიანები და ისინი, რომლებიც კრიმინალები იყვნენ და სპეცოპერაციას შეეწირნენ, არიან გმირები?!

ზურაბ ვაზაგაშვილი კრიმინალი და მკვლელი იყო მანამდეც, ვიდრე პაპუაშვილს და ჩემს შვილს მოკლავდნენ. კრიმინალი იყო, ყაჩაღი და ბანდიტი. იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რას საქმიანობდა ის „ჯაზუში“. ნარკოტიკები იყიდებოდა, „სუბოტექსის“ პირველი შემომტანი იყო“, - აცხადებს ლევან გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ ლევან გაბუნიამ ვაზაგაშვილებს ბრალდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წაუყენა. განცხადება მაშინც „რუსთავი 2“-ის ეთერით გააკეთა. მის ბრალდებას გამოეხმაურა თავად იური ვაზაგაშვილი.

„ბექა პაპუაშვილმა 2002 წელს, კაფეში დაჭრა ჩემი შვილი ზურა. ზურა შეყვარებულთან ერთად იყო, ისინი სამნი ყოფილან, მიყენებული ჭრილობით ზურა საავადმყოფოში მოხვდა. ამოღებულია ისტორიაც და შეგიძლიათ ნახოთ. პაპუაშვილის მიერ დაჭრილი ზურა, ბუნებრივია, პოლიციამ დაკითხა მოწმის სტატუსით. იქიდან მოდის გაბუნიების ეჭვი, რომ მათი შვილი თითქოს მოკლა ზურამ, რაც აბსურდია. 

როცა ზურა მოკლეს, შსს-მ ერთ-ერთი პოლიციელი პაპუაშვილების ოჯახში გაგზავნა, ამ ყველაფერს ყოფილი პოლიციელი თავის ჩვენებაში ყვება. მისი თქმით, დავალებული ჰქონდათ, რომ პაპუაშვილები დაერწმუნებინათ იმაში, რომ შვილი ზურა ვაზაგაშვილმა მოუკლა და ოჯახს მეორე დღეს „რუსთავი2“-ს ტელევიზიაში გაეკეთებინა განცხადება ამის შესახებ, თუმცა როგორც ეს პოლიციელი აცხადებს, ოჯახმა ის არ მიიღო და გამოაგდო. 
შემდეგ შს სამინისტრომ მონახა მათი ნათესავი ვინმე უშანგი კელენჯერიძე, რომელიც გამოვიდა და მკვლელობაში ბრალი დასდო ზურას. გაბუნიას განცხადებით გამოდის, რომ როგორც კი ზურას თემა წამოიწევა, ეგრევე აქტიურდებიან კონკრეტული ჯგუფები, ვისაც ამ საქმის გახსნის ძალიან ეშინია. მე მიკვირს ამ ხალხის, რატომ არ შეაქვთ პროკურატურაში სარჩელი? თუ მათ აქვთ მტკიცებულებები დადონ, ისევე როგორც მე ვდებ კონკრეტულ მასალებს ზურას მკვლელობასთან დაკავშირებით. მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. შეიტანოს სარჩელი პაპუაშვილებმაც“, - აცხადებდა იური ვაზაგაშილი.

ვაზაგაშვილის ოჯახი ოფიციალურად მოითხოვს გამოძიებული იყოს იმ მკვლელობის საქმე, რომელშიც დაზარალებული მხარე ხელს ვაზაგაშვილებს ადებს. მოკლული იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გაბუნია ყოფილი ხელისუფლების მიერ არის მოსყიდული.

„ვინმეს სჯერა ამ კაცის? ეგ კაცი არის მაგათი მოსყიდული. სად იყო ამდენი წელი გაბუნია? დაამტკიცოს ის, რასაც იძახის. ასევე, დაამტკიცოს ჩემი ძმის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. თქვენ როგორ გგონიათ, ეს სიმართლე რომ ყოფილიყო ნაციონალებს გამორჩებოდათ და არ დაიჭერდნენ ჩემს ძმას? რატომ არ მოითხოვა მისი შვილის მკვლელების დასჯა, რას ელოდებოდა? სირცხვილია, უბრალოდ. 9 წელია არ დაიღალნენ ტალახის სროლით. მე ხომ ვიცი, რომ ზურაც და იურიც უდანაშაულოა, მაგრამ მოსასმენად ეს ბრალდებები ძალიან ძნელია“, - აცხადებს მანანა ვაზაგაშვილი.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი 2002 წელს მომხდარ მკვლელობასთან ვაზაგაშვილების კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი გაბუნიას მამას მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გამოეყენებინათ და ამით ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრედიტაცია მომხდარიყო. 

„თუ რაიმე კომპრომატი ექნებოდათ იური ვაზაგაშვილის მიმართ, როგორ გგონიათ, ამას არ გამოიყენებდნენ? ასეთ მოცემულობაში ეს ინფორმაცია რომ თუნდაც იოტისოდენა სიმართლეს შეიცავდეს, არ მოხდებოდა ამ მიმართულებით ვაზაგაშვილის დისკრიმინაცია? გაბუნიას შესახებ მსმენია საგაზეთო ჩანაწერებიდან და სატელევიზიო სიუჟეტებიდან. ეს ინფორმაცია ახალი არ არის. ეს უკვე კარგად დავიწყებული ძველია. საქმეში დევს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი ნასამართლევი არ არის. ამ პიროვნებას ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისათვის იყენებენ“, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე თქმით, დაცვის მხარემ მოითხოვა ამ საქმის გამოძიება და ასევე ითხოვს მასალებს, სადაც ბრალი წაყენებული იქნება, ან დაკითხულები იქნებიან ზურაბ ვაზაგაშვილი ან იური ვზაგაშვილი, რომ მათი ამ საქმესთან რაიმე ფორმით შემხებლობა დაანახონ.

„ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ თითქოს იური ვაზაგაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობდა „ჯაზუში“. ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში, მოსარჩელე მხარე კი ირაკლი ფირცხალავა გახლავთ. ეს არის მცდელობა, ამ ოჯახის დისკრედიტაცია მოხდეს. თუ იური ვაზაგაშვილი იყო მკვლელი და მისი აფთიაქის მეშვეობით ნარკოტიკებით ვაჭრობდა, ამის გადამოწმება ხომ იყო შესაძლებელი და თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებდა მაშინდელი გამოძიება? - რა თქმა უნდა არა“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

რაც შეეხება ბრალდების კიდევ ერთ ადრესატს, ელენე თევდორაძე ის კატეგორიულად უარყოფს რეკომენდაციის დაწერას.

„თუ იყო ასეთი განცხადება, შეიძლება მივმართე პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ საქმე კანონიერად. მე სხვა ტექსტის დაწერის უფლება არც მქონდა, რადგან ვიყავი რიგითი დეპუტატი. დახასიათებას როგორ დავწერდი, ან რა უფლება მქონდა? ვაზაგაშვილი ვნახე კორტებთან მომხდარი ფაქტის შემდეგ, მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად იყო მოსული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ელენე თევდორაძე.