კორტების „გმირები“ და მისირელის აღიარება

კორტების „გმირები“ და მისირელის აღიარება

„ძაღლებო“, „მკვლელებო“, „ზონდერებო“ - ასეთი შეძახილებით დაიწყო ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და მხარდამჭერები მოითხოვდნენ, რომ აღმკვეთი ღონისძიების გამოცხადებაზე ჭირისუფლებს დარბაზში შესვლის საშუალება მისცემოდათ, თუმცა დარბაზის სიმცირის გამო, დაზარალებულ მხარეს არ მიეცა საშუალება დასწრებოდა საქმის არსებით განხილვას.

ოთხსათიანი მსჯელობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 26 მარტს გაიმართება.

საქმის პროკურორის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით სასამართლომ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. მისივე განცხადებით, საქმის მოწმე ედუარდ სინდოიანი არ არის ერთადერთი მოწმე, რომლის ჩვენების საფუძველზეც საქმე გაიხსნა.

დაცვის მხარეს, აღკვეთის ღონისძიების სახის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში 48 საათის განმავლობაში შეუძლია. ადვოკატი კახა შონია აცხადებს, რომ დასაბუთებული განჩინების მიღების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ აუცილებელი იყო აღკვეთი ღონისძიება, მაშინ ვთავაზობდით გირაოს.

„დაკავებულების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მოქმედი თანამშრომელი, ზოგი შსს-ში, ზოგიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა. ფირცხალავა და ნაკანი სულ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ აქ ვართო. ფირცხალავა ასევე ბრალდებულია რობაქიძის საქმეზე და გირაო აქვს შეფარდებული. მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

ბრალდების სიმძიმე არ არის პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ჩვენ დავუსაბუთეთ სასამართლოს, რომ ეს ხალხი არ დაიმალებოდა და ხელს არ შეუშლიდნენ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას. ჩვენ წარვუდგინეთ არგუმენტები სასამართლოს, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთი ჩვენი არგუმენტი არ იქნა გათვალისწინებული. არ არის ეს გადაწყვეტილება კანონიერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა შონია.

ვაზაგაშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშილი აცხადებს, რომ სასამართლომ ობიექტურად შეაფასა ის მდგომარეობა, რაც დღეის მდგომარეობით არის სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება მოწმეებს, ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება არ დამთავრებულა.

„იმედი მაქვს, რომ ბევრ ისეთ მტკიცებულებას მოიპოვებს გამოძიება, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის თვალსაზრისით. ამდენად, მოწმეების მტკიცებულებათა შეფასება, ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა საქმის არსებითი განხილვის პროცესში. რა შედეგიც დღეს დაიდო, ეს არის 6-7 თვის მუშაობის შედეგი, თუმცა, მანამდეც ასეთი აქტიურობა რომ გამოეჩინა პროკურატურას, დღეს ბატონი იური ცოცხალი იქნებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.

გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა მანანა ვაზაგაშვილი, რომლის განცხადებით, ამ შემთხვევაში სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„სამართლიანად შეეფარდათ პატიმრობა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებულები. ველოდები პროკურატურას, იმედი მაქვს, რომ დანარჩენებსაც დააკავებენ. ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მანანა ვაზაგიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა იმ მოწმეების შესახებ, რომლებიც ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე უნდა დაიკოთხონ. ერთ-ერთი სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუას მოადგილე კახა მისირელი. პროკურატურის მასალების მიხედვით, კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ძმის ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოდ-ს კორტების სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთმა გარდაცვლილმა ალექსანდრე ხუბულოვმა მიაწოდა, რის საფუძველზეც ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ფირცხალავამ იძია შური ხუბულოვზე, რომელიც კორტების სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლეს. სწორედ მისირელის ჩვენება უდევს საფუძვლად გამოძიების იმ ინფორმაციას. ფირცხალავას ძმის შესახებ სოდ-ს ინფორმაცია სწორედ ხუბულოვმა მიაწოდა. გარდა მისირელისა, პროკურატურის მოწმეთა ნუსხაში არიან ყოფილი გამომძიებლები - ნუგზარ გვილავა და შალვა ნიქაბაძე.

სასამართლო პროცესეზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მასთან ერთად დაკავებულთა გმირობის მოკლე ისტორია მოყვა. მისივე განცხადებით, წლების განმავლობაში მათ გვერდით იდგა, მათ შორის - ომის დროს წინა ხაზზე და როგორც ამბობს, კბილებით იცავდა ცხინვალს.

„გიორგი ცააძის დამსახურებაა ქვეყანაში ავტომობილების გატაცების ამოძირკვა. გამომძიებელი ბეროძე კი არის რიგითი გამომძიებელი, რომელიც წლების განმავლობაში არ წასულა გარიგებაზე. კახა ნაკანი არის ადამიანი, რომელიც ფლობს ყველა ჯილდოს, თუკი რამე არსებობს.

ამასთან, ფირცხალავამ აღნიშნა, რომ კახა ნაკანის გამოცდილება და ავტორიტეტი ნორმალურმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს და უხერხულია, როდესაც ნაკანის მსგავსი პიროვნება გაზგასამართი სადგურით ირჩენს თავს.  

იმ დღეს მოხდა ტრაგედია, ამ ადამიანებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში, მთელმა თბილისმა იცის, რომ ჩემი ძმა სოდ-ს არ დაუკავებია, ის მე თვითონ დავაკავე. სიბინძურეა, როდესაც ამ საქმეში ოჯახის წევრს რევენ. ამათ არ აინტერესებთ პოლიციელი და მოწმეებად მოჰყავთ ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული ადამიანები“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

რაც შეეხებახუბულოვს, ბრალდებული ფირცხალავა ამბობს, რომ ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს.

„მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-ისთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ფირცხალავას ამ გამოსვლას უკვე მოსამართლე გამოეხმაურა. გიორგი გოგინაშვილმა ბრალდებულს განუმარტა, რომ ის არ არის აღნიშნული პირების ადვოკატი.

ბრალდებული კახა ნაკანი არ ეთანხმება პროკურატურის პოზიციას, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების პირობებში გამოძიებას მიემალება. მიმალვის საფრთხეს გამორიცხავენ სხვა ბრალდებულებიც. გიორგი გულბანის განცხადებით, ის პირები, ვინც დღეს ბრალდებულის სკამზე სხედან, არიან ვაჟკაცები და ცხოვრობენ სხვა ცხოვრებით.

„ღმერთმა აცხონოს გარდაცვლილი ვაზაგაშვილი და მამამისი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმალებით. ჩვენ სხვანაირი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანას სულში ჩავაფურთხოთ. გთხოვთ, მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და რაც გვეკუთვნის, ის მოგვისაჯეთ“, - მიმართა მოსამართლეს გიორგი გულბიანმა.